ნარმანიათბილისის მერმა დავით ნარმანიამ, ისნის რაიონში მიმდინარე საგზაო სამუშაოები დაათვალიერა და მოსახლეობას გაესაუბრა. სამგორის #18-ში, მერთან ერთად, მოადგილეები ლაშა აბაშიძე, გიორგი ლილუაშვილი, მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსი გივი კუბლაშვილი და ისნის რაიონის გამგებელი ვახტანგ ქიზიყურაშვილი იმყოფებოდნენ.

ისნის რაიონში, სამგორის #18-ში, გზის კაპიტალური შეკეთება მიმდინარეობს. 3000მ2 ტერიტორიაზე ეწყობა ბორდიურები, ასფალტის ახალი საფარის დასაგებად კი საფუძვლის მომზადება მიმდინარეობს.

აღნიშნულ ტერიტორიაზე ასფალტის საფარი რამდენიმე ათეული წელია არ შეკეთებულა. უგზოობის გამო გადაადგილების პრობლემა ჰქონდათ, როგორც სასწრაფო სამედიცინო და სამაშველო სამსახურებს, ასევე, მოქალაქეებს და მუნიციპალურ ტრანსპორტს.

„ორმოც წელზე მეტი ამ უბანში გზა არ არსებობდა და წელს ამ პრობლემას ვაგვარებთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მოსახლეობა, ასევე, ითხოვს, რომ შიდა ნაწილში დამატებით გავაკეთოთ გზის ერთი მონაკვეთი და რა თქმა უნდა, ამასაც წლევანდელი სამუშაოების ნუსხაში გავითვალისწინებთ და გავაკეთებთ. გარდა ამისა, გამგეობა გააკეთებს ბავშვთა სათამაშო მოედანს და ეს უბანი გაცილებით საინტერესო, მიმზიდველი და კომფორტული გახდება აქ მცხოვრებლებისთვის“,-განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.

საგზაო სამუშაოებს მერიის კონტრაქტორი კომპანია „ორბიტა“ აწარმოებს. პროექტი იანვარში დაიწყო და თებერვლის ბოლოს დასრულდება.

თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის გივი კუბლაშვილის თქმით, სამუშაოები დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში დასრულდება და სრული რეაბილიტაცია 200 ათას ლარამდე დაჯდება.

(Visited 3 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*