რელიგიური უმცირესობებისათვის საბჭოთა პერიოდში მიყენებული ზიანის ნაწილობრივი ანაზღაურება, მათთვის ჩამორთმეული საკულტო ნაგებობების დაბრუნების საკითხი, ღია ფორმატის ინტერრელიგიური სათათბიროს შექმნა, ანტიდისკრიმინაციული გარემო, პუბლიკაციათა სერია – ეს ნაწილია იმ საკითხებისა, რომელთა შესახებაც სააგენტოს ხელმძღვანელმა ზაზა ვაშაყმაძემ „ქორთიარდ-მერიოტში“  მოწვეულ სტუმრებს   გააცნო და აღნიშნა, რომ 2015 წელი, წინა წლებთან შედარებით, გამოირჩეოდა რელიგიური გაერთიანებებისა და მათი წევრების მიმართ ძალადობის, დევნისა და დისკრიმინაციის ფაქტების მკვეთრი კლებით; რელიგიათა შორის დიალოგისა და თანამშრომლობისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, გაუმჯობესდა  რელიგიური უმცირესობების უფლებრივი მდგომარეობა.

რელიგიის სააგენტოზაზა ვაშაყმაძე: “გასულ წელს შეიქმნა და ჩამოყალიბდა საქართველოში ინტერრელიგიური დიალოგის ფორმატი, სადაც აბსოლუტურად ყველა რელიგიაა წარმოდგენილი და უშუალო კომუნიკაცია არსებობს ერთი მხრივ მათ შორის და მეორე მხრივ რელიგიებსა და სახელმწიფოსთან ურთიერთობას შორის. რელიგიური უმცირესობების უფლებრივ მდომარეობის განხორციელება დაიწყო წარმატებით. 80 მეჩეთი და 12 სინაგოგაა გადაცემული. ევანგელისტურ-პროტესტანტული ეკლესია გაიხსნა. მიმიდნარეობს ყველა რელიგიური ორგანიზაციის ქონებრივი პრობლემების მოგვარება. მეორე რაც მნიშვნელოვანია, შექმნიდან დღემდე რელიგიური დენომინაციებისთვის გამოყოფილი თანხა პროგრესულად იზრდება.“

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს 2015 წლის ანგარიშის მიხედვით,  სააგენტოს ორგანიზებით შემდგეი ღონისძიებები განხორციელდა:

– თბილისში ღვინისა და მეტეხის აღმართებს შორის მდებარე სკვერს „ტოლერანტობის“ სკვერი ეწოდა. ინიციატივა დედაქალაქის მრავალფეროვანი გარემოს შესატყვისი სიმბოლური სივრცის მოწყობას გულისხმობდა;

– სახელმწიფოს მიერ რელიგიური ორგანიზაციების მიერ გამოყოფილი ფინანსური მხარდაჭერა გაორმაგდა.

– თანამშრომლობის მემორანდუმი 11 უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან გაფორმდა. დოკუმენტი ერთობლივ სამეცნიერო და კვლევითი პროექტების განხორცილებას ითვალისწინებს;

– გაიცა დადებითი რეკომენდაციები: თბილისის სახარების ქრისტიან ბაპტისტთა ქრისტე მაცხოვრის ეკლესიისთვის თბილისში საკულტო დანიშნულების შენობა-ნაგებობების მშენებლობის შესახებ; თბილისში იეზიდთა საკულტო და კულტურული დანიშნულების შენობა-ნაგებობების მშენებლობის შესახებ; რუსთავში საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტულ ეკლესიის საკულტო ნაგებობის მშენებლობა-რესტავრაციის შესახებ. ბათუმში მოქმედი ცენტრალური მეჩეთის- „ორთა ჯამეს“ რესტავრაცია-რეკონსტრუქციისა და გაფართოების შესახებ.

– შესაბამის უწყებებთან განხორციელდა საკონსულტაციო შუამდგლომლობა თბილისში საერთაშორისო ბაპტისტური ეკლესიისთვის თბილისში საკულტო დანიშნულების შენობა-ნაგებობების მშენებლობის ნებართვის მოპოვების მიზნით; აჭარაში შესაბამის უწყებებთან განხორციელდა საკონსულტაციო შუამდგომლობა ბათუმში მდებარე საქართველოს სახარებისეულ ქრისტიან ბაპტისტთა ქრისტიანული ეკლესიის საკულტო დანიშნულების შენობა-ნაგებობის დაკანონების მიზნით.

დევნილთა და განსახლების მინისტრის, სოზარ სუბარის განცხადებით, „რელიგიის საკითხთა სააგენტოს“ ანგარიშში შთამბეჭდავი ციფრები იყო წარმოდგენილი.

სოზარ სუბარი: მკაფიოდ გამოჩნდა ერთი რამ, რომ სააგენტო ასრულებს თავის უმთავრეს ფუნქციას, ის არის მედიატორი რელიგიურ ორგანიზაციებსა და სახელმწიფოს სხვადასხვა ინსტიტუტებს შორის. არ გამართლდა არაკეთილმოსურნეთა წინასწარი შეფასებები, თითქოს სახელმწიფო ცდილობს კონტროლის განხორციელებას რელიგიებზე. პირიქით, ეს არის შექმნილი იმისთვის, რომ დაეხმაროს რელიგიებს მათი პრობლემების გადაწყვეტაში.

ის ასევე გამოეხმაურა პრეზენტაციაზე წამოჭრილ საკითხს,  თუ რა  პროცენტით მოხდება დაბრუნება იმ ზარალის,  რომელიც საბჭოთა სახელმწიფომ რელიგიებს მიაყენა და აღნიშნა, რომ  ეს არის ერთგვარი თანამშრომლობის ფორმა და შეუძლებელია ზუსტი  პროცენტების  დათვლა მოხერხდეს.

ანგარიშში ასევე ვკითხულობთ: რელიგიური უმცირესობებისთვის საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული საკულტო დანიშნულების შენობანაგებობების დაბრუნების კუთხით:

  • 2015 წელს საქართველოს მუსლიმ თემს დაუბრუნდა აჭარაში მდებარე 35 მეჩეთი (2014 წლის ჩათვლით დაბრუნებულია სულ 79 მეჩეთი მთელი საქართველოს მასშტაბით),
  •  საქართველოს ებრაულ თემს 5 სინაგოგა (2014 წლის ჩათვლით დაბრუნებულია სულ 12 სინაგოგა მთელი საქართველოს მასშტაბით),
  •  გორში მდებარე შენობა-ნაგებობა გადაეცა საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტულ ეკლესიას,
  • საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს გადაეცა ორი შენობა ბათუმში სამუფთო რეზიდენციისა და უმაღლესი მუსლიმური საღვთისმეტყველო სასწავლებლის მოსაწყობად.
  • სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიას გადაეცა მიწის ნაკვეთი ბათუმში რელიგიურ – საგანმანათლებლო ცენტრის მშენებლობის მიზნით.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანმა – დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მათი კმაყოფილება და პოზიტიურ დამოკიდებულებას, სააგენტოს მუშაობასთან დაკავშირბით. ხოლო დასავლეთ საქართველოს მუფთმა ბეგლარ ქამაშიძე აღნიშნა, რომ კონფესიებისთვის დამატებით გამოყოფილი ერთი მილიონი ლარი ხელს შეუწყობს მათი მუშობის გაუმჯობესებას, მეტი წარმატების მიღწევას მრევლისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ.

სააგენტოს ხელმძღვანელმა სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა. 2016 წელს საქართველოს სახელმწიფო რელიგიური პოლიტიკის განვითარების სტრატეგიის პროექტის განხორცილება იგეგმება- რელიგიური უმცირესობების, ანტიდისკრიმინაციული და სეკულარული გარემოს უზრუნველყოფის მიმართულებით, რომელიც ქმედითი დოკუმენტი გახდება. 

 

სოფიკო ნინიკაშვილი

 

(Visited 49 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*