wulukiani16 თებერვალს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძესთან ერთად სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სამუშაო ჯგუფის წევრებს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ იუსტიციის სამინისტროსა და პროკურატურის წარმომადგენლები.

ჰააგის სასამართლოს დელეგაციის ვიზიტის მიზანია საკუთარი მანდატის გაცნობა ქართული მხარისათვის და თანამშრომლობის სამომავლო  ჩარჩოს განსაზღვრა.

„ეს ვიზიტი არის ქალბატონ ფატუ ბენსუდას ოფისისა და ჰააგის სასამართლოს ერთობლივი ვიზიტი, რომელიც სამუშაო შეხვედრების სახით ჩაივლის ორი დღის განმავლობაში, და ეს საშუალებას მოგვცემს, დავსახოთ ერთობლივი თანამშრომლობის უკვე კონკრეტული ნაბიჯები გამოძიების პროცესში. ჩვენ ვისაუბრეთ ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიც არის  მოწმეთა დაცვა და უსაფრთხოება, რომლებმაც საკუთარი ინდივიდუალური გამოცდილების საფუძველზე ჩვენებები უნდა მისცენ გამომძიებლებს იმ ეთნიკური წმენდის შესახებ, რომლებიც ჩატარდა აგვისტოს  ომის დროს ქართველების წინააღმდეგ. ვისაუბრეთ ისეთ ტექნიკურ, მაგრამ მნიშვნელოვან თემებზეც, როგორიც არის, მაგალითად, ქართულიდან ინგლისურზე ამ ჩვენებების თარგმანი. ჩვენ მიერ განხილული საკითხების სპექტრი იყო ტექნიკური, მაგრამ მნიშვნელოვანი და მოწოდებული, რომ გამოძიება ეფექტიანად წარიმართოს. საქართველომ  კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩვენი სამართალდამცველები და სხვა სამინისტროები ითანამშრომლებენ პროკურორის ოფისთან; რომ ჩვენთვის სასიცოცხლო საკითხები, მათ შორის, ეთნიკური წმენდა, კულტურული მემკვიდრეობის განადგურება, სამხედრო ტყვეების საქმეები, იქნეს ბოლომდე გამოძიებული“, − განაცხადა თეა წულუკიანმა.

დელეგაციის ხელმძღვანელის თქმით, ჰააგის პროკურორის ოფისი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ მსხვერპლთათვის მართლმსაჯულება აღსრულდეს და გამოძიება იყოს მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი.

ჰააგის სასამართლოს დელეგაციის წევრემა დღესვე შეხვედრები გამართეს თავდაცვის; საგარეო საქმეთა; შინაგან საქმეთა; ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროების წარმომადგენლებთან, აგრეთვე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრის აპარატთან.

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დანაშაულებს იძიებს. ნებართვა ჰააგის პროკურორისადმი   საქმეზე გამოძიების დასაწყებად  ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ 27 იანვარს გასცა. გადაწყვეტილება და მისი ფორმულირებები სრულად შესაბამება საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს. კერძოდ:

სასამართლოს შეფასებით, 2008 წელს სახეზე იყო საერთაშორისო კონფლიქტი საქართველოსა და რუსეთს შორის;

– გადაწყვეტილებაში არაერთგზისაა ნათქვამი, რომ სამხრეთ ოსეთი საქართველოს ნაწილია;

–  გამოძიებაზე ნებართვა გაიცა რამდენიმეთვიან პერიოდზე, 2008 წლის 1 ივლისიდან 10 ოქტომბრამდე მომხდარ ფაქტებზე, რაც საშუალებას აძლევს საქართველოს, გამოძიებას დაუქვემდებაროს აგვისტოს ომის წინაპირობები;

– ჰააგის პროკურორს გამოძიების ნებართვა მიღებული აქვს ყველა ტიპის დანაშაულზე, რომის სტატუტიდან გამომდინარე, რაც შესაძლებელს ხდის ქართველი სამხედრო ტყვეების მკვლელობების საქმის გამოძიებას;

– გადაწყვეტილებაში განსაკუთრებული ადგილი ეთმობა ქართველთა ეთნიკურ წმენდას; ნათქვამია, რომ ის მიზნად ისახავდა სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობის ცვლილებას.

ქართული მხარე ჰააგის სასამართლოსთან გამოძიების ფარგლებში მჭიდრო თანამშრომლობას გეგმავს.

(Visited 31 times, 1 visits today)

კომენტარები