ფინანსთა სამინისტროს აკადემიასა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა. ხელმოწერის ცერემონიას დაესწრო საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური.
მემორანდუმს ხელი მოაწერს ფინანსთა სამინისტროს აკადემიის დირექტორმა სერგო ნოზაძემ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა დავით ბალაძემ.
,,ჩვენ განვაგრძობთ მუშაობას რათა საფინანსო სისტემაში დასაქმებული თანამშრომლების კვალიფიკაცია იყოს მაღალი. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია ფინანსთა სამინისტროს აკადემიასა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შორის თანამშრომლობა. ფინანსთა სამინისტროს აკადემია დაიწყებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომლების გადამზადებას. მათ ექნებათ საშუალება მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა სემინარებში, ტრეინინგებში, რაც კვალიფიკაციის კიდევ უფრო გაზრდას შეუწყობს ხელს“ – განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა.
,,დღეს გაფორმდა მნიშვნელოვანი დოკუმენტი. ჩვენ დავეხმარებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ახალი კადრების შერჩევაში, არსებული საკადრო შესაძლებლობების შეფასებაში. შეიქმნება კარიერული განვითარების მუდმივი სისტემა სემინარების, კონფერენციების, საგანმანათლებლო პროექტების სახით, ჩვენ შევძლებთ თანამშრომელთა პროფესიული დონის სრულყოფას,“ – განაცხადა ფინანსთა სამინისტროს აკადემიის დირექტორმა, სერგო ნოზაძემ.
,,იმედი მაქვს ჩვენ გავაგრძელებთ პარტნიორობას რათა ამაღლდეს თანამშრომელთა კვალიფიკაცია და პროფესიონალიზმის დონე,“ – განაცხადა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, დავით ბალაძემ.
ფინანსთა სამინისტროს აკადემიასთან თანამშრომლობა ორი თვის წინ დაიწყო, სწორედ აკადემია ჩაატარებს ტესტირებას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომლებისათვის.
მემორანდუმი ითვალისწინებს ერთობლივი სამუშაო შეხვედრების, სემინარების, კონფერენციების, სიმპოზიუმების ორგანიზებას, საერთო ინტერესების სფეროში შემავალი საკითხების კვლევას და სასწავლო-საგანმანათლებლო, მათ შორის, საზოგადოებრივ-საგანმანათლებლო პროექტების რეალიზებას.
კვალიფიკაციის ამაღლების, სამუშაო ეფექტურობისა და კარიერული ზრდის ხელშეწყობის მიზნით, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომლები ჩაერთვებიან ფინანსების, საგადასახადო, მენეჯმენტისა და აკადემიის სხვა სასერტიფიკაციო და ტრეინინგ-პროგრამებში.
ორმხრივი ინტერესის შემთხვევაში, მემორანდუმით გათვალისწინებულია აკადემიის მხრიდან სამინისტროსთვის ახალი საკადრო რესურსის შერჩევა, კონკურსების ორგანიზება, ასევე მოქმედი კადრების სწორად შერჩევისა და გადანაწილების მიზნით ტესტირების ჩატარება.
სამომავლოდ ფინანსთა სამინისტროს აკადემია გეგმავს საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას სხვადასხვა რეგიონში.
16.07.13