tavdacvaავსტრიაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ეუთოს გენერალურ მდივანს ლამბერტო ძანიერს შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოსა და ეუთოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხი განიხილეს. საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების მდგომარეობას. მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და ადმინისტრაციულ საზღვრებზე არსებული ვითარებაზეც იმსჯელეს. შეხვედრის ერთ-ერთი თემა იყო დემილიტარიზაციის პროცესი, რომელიც საქართველოში ეუთოს მხარდაჭერით წარმატებით ხორციელდება.

„ბატონი ძანიერი საქართველოს ძალიან დიდი ხნის მეგობარია. ის ძალიან ხშირად ჩამოდის ჩვენს ქვეყანაში და ყველანაირად ცდილობს, რომ ეუთო მაქსიმალურად ინსტრუმენტული იყოს საქართველოში, განსაკუთრებით, მას შემდეგ, რაც აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“ რუსეთმა მისიები დაბლოკა. ბუნებრივია, რომ კიდევ უფრო მეტი აქტიურობაა საჭირო ამ ფორუმში, რომ მივაღწიოთ ამ ორგანიზაციის დაბრუნებას. ბატონი ძანიერი თავად უკვე რამდენიმე წელია ბევრს შრომობს ამ მიზნის მისაღწევად. ეს არ არის ადვილი, თუმცა, ვფიქრობ, რომ უმნიშვნელოვანესია, როდესაც პრაქტიკულად ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის – ეუთოს, ნატოს, ევროსაბჭოს ხელმძღვანელი თანაბრად, ცალსახად, ერთმნიშვნელოვნად დგას ჩვენი ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე და ცდილობს, რომ დაეხმაროს საქართველოს ამ ძალიან მძიმე პერიოდში,“ – განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.

„ძალიან კარგი შეხვედრა იყო. განვიხილეთ საქართველოსა და ეუთოს შორის არსებული თანამშრომლობის საკითხები და, რა თქმა უნდა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან მიმდინარე პროექტები. ჩვენ დიდ პროექტებს ვახორციელებთ, რომელიც ჭარბი საბრძოლო მასალების განადგურებას ისახავს მიზნად. ამ პროექტების განხორციელება მომავალშიც გაგრძელდება. ამ საკითხების გარდა, საკითხების უფრო ფართო სპექტრი განვიხილეთ – რეგიონში და ქვეყანაში არსებული მდგომარეობა. მე გავიხსენე ჩემი ბოლო ვიზიტი საქართველოში. ჩვენ ვცდილობთ კიდევ უფრო გავაძლიეროთ არსებული თანამშრომლობა. ეუთოს სამდივნოში სპეციალური ჯგუფი შეიქმნება, რომელიც სისტემატურად განიხილავს საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებს და ეს ორგანიზაციის დღის წესრიგში მნიშვნელოვან საკითხად რჩება,“ – განაცხადა ეუთოს გენერალურმა მდივანმა.

(Visited 32 times, 1 visits today)

კომენტარები