თბილისის მიკროავტობუსებში მარტიდან Wi-Fi-ით სარგებლობა იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ კომპანია Wifisher – ის დამფუძნებელი, ნოდარ ივანიძე Allnews-თან საუბრისას აცხადებს. მისი თქმით, სამარშრუტო ტაქსებში Wi-Fi-ის დაყენების იდეა ერთი თვის წინ გაჩნდა:
“ერთი თვის წინ გაჩნდა იდეა: კარგი იქნებოდა თუ ინტერნეტს დავაყენებდით სამარშრუტო ტაქსებში და მომხმარებელს შევთავაზებდით უფასო ინტერნეტს. ამავდროულად, დამკვეთისთვის იქნებოდა ახალი სარეკლამო ადგილი, რადგან ამ სამარშრუტო ტაქსებით ბევრი ადამიანი გადაადგილდება”, – აღნიშნავს ნოდარ ივანიძე.
ივანიძის განმარტებით მომხმარებელი ინტერნეტთან დაკავშირების შემდეგ ნახავს რომელიმე კომპანიის 5-წამიან რეკლამას. უფასო ინტერნეტით სარგებლობა კი მთელი დღის განმავლობაში იქნება შესაძლებელი.
სატესტო რეჟიმი უკვე დაწყებულია. მარტის შუა რიცხვებიდან, Wi-Fi-ით ერთ-ერთ სამარშრუტო ხაზზე მომუშავე, 14-მდე N2 მიკროავტობუსი აღიჭურვება. სამომავლოდ კომპანია Wifisher-ი მიკროავტობუსების ( 1750 ტაქსი) მთლიანი რაოდენობის ათვისებას გეგმავს.
წყარო: www.Allnews.ge
ნატალია ჯალაღონია