baqradzeქ. ბრიუსელში, ევროპარლამენტში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით გამოცემული ინგლისურენოვანი წიგნის „საქართველოს ევროპული გზები” პრეზენტაცია გაიმართა.

წიგნი  ცნობილი ავტორების მიერ მომზადებული ესეების კრებულს წარმოადგენს, რომელიც მკითხველს  საქართველოს ევროპული კუთვნილების თავისებურებებს უზიარებს, ხსნის საქართველოს სწრაფვას დაუბრუნდეს ერთიან ევროპულ ოჯახს. წერილებში აღწერილია  ევროპის პოლიტიკურ-კულტურული და ესთეტიური კავშირები ქართულ საზოგადოებასთან.

ევროპარლამენტარებსა და ღონისძიების სხვა სტუმრებს სიტყვით მიმართეს ევროპარლამენტარმა კლერ მუდიმ, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ,  საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ევროკავშირში ნატალია საბანაძემ, ლუვენის უნივერსიტეტის პროფესორმა ბერნარდ  ქულიმ, წიგნის რედაქტორმა ზურაბ ქარუმიძემ, ერთ-ერთმა ავტორმა ქეთევან კინწურაშვილმა. გამომსვლელებმა ევროპულ-ქართული ისტორიულ და თანამედროვე ეთნო-კულტურულ მსგავსება-განსხვავებსა და კრებულის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

„გვინდოდა ევროპელი მკითხველისთვის გვეჩვენებინა, რომ ისტორიულად, კულტურულად, სამართლებრივ საკითხებში, ლიტერატურის, პოეზიის და სხვა მრავალი მიმართულებით როგორ პარალელურად ვითარდებოდა ტენდენციები საქართველოსა და ევროპაში, რამდენად ევროპული იყო საქართველო ყოველთვის. დღეს, კიდევ ერთხელ ამის ჩვენება, არა მხოლოდ ევროპელი მკითხველისთვის, არამედ საქართველოშიც ძალიან საინტერესო იქნება“ -აღნიშნა წიგნის პრეზენტაციის დასასრულს სახელმწიფო მინისტრმა.

ევროპულ და ევროატლანტკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი წიგნის „საქართველოს ევროპული გზები“ პრეზენტაციას ევროკავშირის წევრი ქვეყნების სხვა დედაქალაქებშიც გეგმავს.

 

(Visited 26 times, 1 visits today)

კომენტარები