janelidzeსაქართველოს საგარეო საქმეთა მინიტრი, მიხეილ ჯანელიძე გერმანიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს განაგრძობს.

2015 წლის 25 თებერვალს, შეხვედრა გაიმართა გერმანიის ბუნდესტაგის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან გიუნტერ კრიხბაუმთან და ბუნდესტაგის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან ვოლფგან ჰელმიხთან.

როგორც “თბილისი თაიმსს” საგარეო უწყებიდან აცნობეს, შეხვედრებზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესში, გერმანიის როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონმდებლო ხელისუფლების შემდგომი მხარდაჭერის განსაკუთრებულ მნიშვნელობას. გერმანელმა დეპუტატებმა ხაზი გაუსვეს საქართველოს ამ პროცესში მიღწევებს. როგორც ევროპის კომიტეტის თავმჯდომარემ გიუნტერ კრიხბაუმმა აღნიშნა ქვეყანამ შთამბეჭდავ შედეგებს მიაღწია ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების გზაზე.

„გერმანული მხარე განსაკუთრებით აფასებს თქვენს მიდგომას ევროკავშირის სტანდარტთან მიმართებაში. მე ვფიქრობ, რომ საქართველოში ბევრი რამის მიღწევაა შესაძლებელი, მაშინ როდესაც ჩვენ ვხედავთ პროგრესს მრავალი მიმართულებით, მათ შორის ეკონომიკის სფეროში. ჩვენ საქართველოს მხრიდან ვხედავთ მნიშვნელოვან ძალისხმევას და ხელშესახებ წარმატებას. ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე საქართველოს გარანტირებული აქვს ჩვენი და გერმანიის მხარდაჭერა“- აღნიშნა ბუნდესტაგის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

მხარეებმა მიმოიხილეს ორმხრივი ურთიერთობები, მათ შორის, საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის მიმდინარეობა, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის აქტუალური საკითხები. ამის გარდა, მიხეილ ჯანელიძემ გერმანელ დეპუტატებთან საუბრებისას ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასა და რეგიონში მიმდინარე პროცესებზე. თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-ნატოს თანამშრომლობას, ქვეყნის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებს.

(Visited 22 times, 1 visits today)

კომენტარები