ორგანიზაციაში, კერძო იქნება ის თუ საჯარო, საქმიანობას მენეჯერები წარმართავენ. რამდენად წარმატებული, სასარგებლო და კონკურენტუნარიანი იქნება ამ ორგანიზაციის მუშაობა, სწორედ მენეჯერებზეა დამოკიდებული. აქედან გამომდინარე, კონკურენციის ზრდასთან ერთად, თანამედროვე ეკონომიკურ სამყაროში, მენეჯერთა მნიშვნელობაც თანდათან იზრდება პასუხისმგებლობის ზრდის პროპორციულად. მსოფლიოს წამყვან კომპანიებში მენეჯერებს „ჯადოქრებადაც“ მოიხსენიებენ, რადგან სწორედ მათი მეშვეობით ახერხებენ ეს კომპანიები წარმატების მწვერვალზე ყოფნას. რა მდგოამრეობაა ამ მხრივ საქართველოში? მენეჯერთა მნიშვნელობის ზრდის ტენდენცია, ერთი შეხედვით, ჩვენს ქვეყანაშიც აშკარა უნდა იყოს. ჩვენ ირგვლივ ძნელად თუ ვნახავთ ადამიანს, რომელსაც ერთ ტრენინგსა თუ საჯარო ლექციაში არ მიუღია მონაწილეობა მენეჯმენტის კუთხით. მოთხოვნიდან გამომდინარე, ბაზარზე უკვე მრავლადაა უამრვი კომერციული ტრენინგ-ცენტრი, რომელიც სხვადასხვა პროგრამას სთავაზობს მომხმარებელს. საინტერესოა, რამდენად შედეგიანია მათი მუშაობა, რამდენად პროფესიონალი მენეჯერები ჰყავს საქართველოს, ან ეყოლება უახლოეს მომავალში, არის თუ არა ძირეული პრობლემები, რომელთა გამოსწორებაც განვითარებისა და წინსვლისთვის აუცილებელია.
“თბილისი თაიმსს” აღნიშნულ აქტუალურ საკითხებზე „მართვის აკადემიის“ თავჯდომარე; ტრენერი, ალექსანდრე ჯეჯელავა და თსუ-ს მარკეტინგის კათედრის ასისტენტ–პროფესორი დავით ნერგაძე ესაუბრა.
ალექსანდრე ჯეჯელავას მოსაზრებით, საქართველოში მენეჯმენტის დონე მუდმივად იზრდება. „საჯარო სექტორში მენეჯმენტის დონე საკმაოდ მაღალია, თუმცა ეს ისეთი საქმეა, რომელსაც ყოველდღიურად სჭირდება დახვეწა და განვითარება. როგორც ყველა სხვა საქმეში აქაც ბაზარი არაერთგვაროვანია და დამკვეთებს სთავაზობს სხვადასხვა ხარისხისა და ფასის მომსახურებას. მე პირადად ვხედავ, რომ სიტუაცია ყოველდღიურად უმჯობესდება, როგორც ადგილობრივი ტრენინგების ხარისხის, ასევე უცხოელი ტრენერებისა და ორგანიზაციების შემოსვლის თვალსაზრისით. რეალურად, თავისუფალი ბაზრის პირობებში მხოლოდ ის პროდუქტები და მომწოდებლები იქნებიან წარმატებული, რაზეც მოთხოვნა იქნება. ბაზარი ტრენინგ-ცენტრების მუშაობის ყველაზე კარგი შემფასებელია.
დღევანდელი მენეჯმენტის ყველაზე დიდი მინუსი საქართველოში არის არასაკმარისი ზრუნვა თანამშრომლებისა და კლიენტების (დამკვეთების) კმაყოფილებაზე. ეს ორი დაკავშირებულია. მხოლოდ კმაყოფილ თანამშრომელს შეუძლია კლიენტის კარგი მომსახურება. მნიშვნელოვანია, რომ კომპანიებს ესმოდეთ “ვინაა მთავარი” მათ ბიზნესში. პირველ ადგილზე, რა თქმა უნდა დამკვეთი უნდა მოიაზრებოდეს, შემდეგ თანამშრომლები და მხოლოდ შემდეგ მენეჯერები, ეს არის იმ საქმის სიყვარული, რომელსაც აკეებს, თანამშრომლების კარგად ყოფნასა და მათ განვითარებაზე ზრუნვა, მისი აზრით, ასეთი, პიროვნული, გულანთების გარეშე არც ერთი საქმე არ კეთდება კარგად, მათ შორის, არც მენეჯმენტი. ადამიანებთან ურთიერთობა, რა თქმა უნდა, მენეჯერის ძირითადი საქმეა და ამ საქმეს დროის ძალიან დიდი ნაწილი (70-80%) უნდა ეთმობოდეს. მენეჯერი, რომელსაც თავისი ხალხისთვის “არ სცალია”, ცალლსახად, მოისუსტებს. რაც შეეხება მენეჯერის პიროვნულ თვისებებს, თანამედროვე მართვა ლიდერობის პრინციპებს ეყრდნობა და, აქედან გამომდინარე, “მზრუნველ” და ლიბერალ მენეჯერს გვიხასიათებს. სხვა ასპექტებთან ერთად, მნიშვნელოვანია თანამშრომლებისთვის როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი უკუგების (feedback) დროული კომუნიკაცია, დელეგირების ორმხრივი შეთანხმება, ნაკლები სიმკაცრე და მეტი ადამიანურობა.“
დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი მენეჯერები სწრაფად შეძლებენ მოწინავე საუკეთესო პრაქტიკის შესწავლას და დანერგვას თავის ორგანიზაციებში. პირველ რიგში, ყველა მენეჯერმა “კრიტიკულ სარკეში” უნდა ჩაიხედოს და აღიაროს, რომ ის პრობლემები, რაც მის გარშემოა, ნაწილობრივ, მისი “დამსახურებაა.
ასევე, უნდა გვესმოდეს, რომ მენეჯმენტი სრულფასოვანი, თანაც ძალიან დინამიურად განვითარებადი მეცნირებაა. შესაბამისად, საჭიროა კვალიფიკაციის მუდმივი ამაღლება ყველა დონის მენეჯერისთვის. საბედნიეროდ, ამისთვის უამრავი ონლაინ და ტრადიციული, ფასიანი და უფასო რესურსი არსებობს.
„გამოსავალი” ყოველთვის ერთია – მაღალი მოტივაცია, თვითკრიტიკა და მუდმივი განვითარება,” – განმარტავს ალექსანდრე ჯეჯელავა.
ჯეჯელავასგან განსხვავებით, შედარებით კრიტიკულად შეაფასა და უფრო განსხვავებულ ჭრილში გვესაუბრა თსუ-ს მარკეტინგის კათედრის ასისტენტ – პროფესორი დავით ნერგაძე.
ბატონო დავით, როგორ შეაფასებდით საქართველოში მენეჯერთა პროფესიონალურ დონეს არა მეგა-კომპანიებში, არამედ მცირე საწარმოებსა და საჯარო სექტორებში?
– საჭირბოროტო კითხვაა თავისთავად, რადგან ჩვენ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება გვიშლის ხელს იმისთვის, რომ ყველაფერს თავისი სახელი დავარვათ. თუ გვაქვს პრეენზია და სურვილი, რომ ვიყოთ საბაზრო ეკონომიკაში, და, საუბედუროდ, მანდამდე ბევრი გვიკლია, არჩევანი არ უნდა გააკეთოს მარტო საზოგადოებამ. სახელმწიფოს პრიორიტეტი უნდა ჰქონდეს ეკონომიკურ პოლიტიკაში, რომელიც ქვეყანას წაიყვანს სწორი კურსით – იქითკენ, რომ ერთ მშვენიერ დღეს, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, უბრალოდ დახარჯული შრომა შესაბამისად ანაზღაურდეს. მე არ გავექეცი კითხვას, პირიქით, რა თქმა უნდა, ყველაფერი კავშირშია ერთმანეთთან. როგორ უნდა გავიგოთ ჩვენთან მენეჯმენტის დონე? ბევრი კარგი მენეჯერი შემიძლია მოვიყვანო მაგალითად, მსოფლიოს ბევრი ჰყოლია, ჰყავს და ეყოლება კარგი მენეჯერი, რომელთაგან ძალიან ბევრს შეიძლება არც აქვს თუნდაც ზოგადი განათლება მენეჯმენტში. ეს მისაღები ნამდვილად არ არის, მაგრამ მთავარი არის ერთი რამ, მენეჯერმა უნდა შეძლოს მოვლენების სწორი შეფასება.
მეგა კომპანიებში, რომელთც აქვთ საკმაოდ მაღალი შემოსავლები და მაღალი წლიური ბრუნვა, რა თქმა უნდა, ადვილია მენეჯერობა, მით უმეტეს, თუ ამას ნაცნობობა და ახლობლობა წყვეტს, აქ მთავარია მენეჯერს არ გამოეპაროს ძირითადი, რომელიც ეხება ფინანსებს. რაც შეეხება პატარა კომპანიებს, ეს კომპანიები დავყოთ შემდეგნაირად: კომპანიები, რომლიებიც ალალბედზე ცდილობენ მუშაობას – „იქნებ რამე გამოვიდეს“ და კომპანიები, რომელთაც არ უნდათ ერთ ადგილას გაჩერება, უნდათ გაფართოვება და აქედან გამომდინარე, უწევთ რაღაცების შეთავსება.
3 წლის განმავლობაში ვმუშაობდი სარეკლამო სააგენტოში, ვიყავი მისი გენერალური დირექტორი და თანამეწილე. სარეკლამო სააგენტოს, რომელიც მხოლოდ სატელევიზიო დაკვეთებზე მუშაობს, მოგეხსენებათ, საკმაოდ მაღალი ბრუნვა ექნება, მით უმეტეს 2005-2008 წლებში და ყველაზე პოპულარული არხები მაშინ გახლდათ იმედი და თავისთავად რუსთავიც. მარტო ამ ორ არხზე რეკლამის განთავსება საკმარისი იყო იმისთვის რომ კომპანიას ეცოცხლა და მაღალი შემოსავალი მიეღო. ურთიერთობა მქოდნა დაახლოებით 34 კომპანიასთან და მათი უმეტესობა იყო მეგა-კომპანია – ვისოლი, აქსისი, ოლიმპიური ვარსკვლავი, ასევე იყვნენ, ასე ვთქვათ, საშუალო კომპანიები და დამწყები, დაბალბიუჯეტიანი კომპანიები, მაგალითად, ისი პარი და ვულე – ვუ, რომელთა ბიუჯეტის შედარება ზემოთ მოყვანილი კომპანიების ბიუჯეტებთან აფსურდიც კი იქნება. მაგრამ, სარეკლამო ჭრილში, თუ რაში დებენ ფულს და რა აინტერესებთ, ყველა კომპანიის მიზანი ერთია – დღეს თუ ყიდის ერთ ერთეულ პროდუქტს, ხვალ მინიმუმ ერთი გაყიდოს. შეიძლება ამერიკულად ვმსჯელობთ, მაგრამ ქართველებს გვგონია, რომ ზეგ 3 ერთეულს გავყიდით, მაზეგ 10-ს და ერთი თვის შემდეგაც 10-ს, თუმცა გვინდა რომ საქონელი ისევ იგივე რაოდენობის დაგვრჩეს.
ბევრი დამეთანხმება, რომ ბევრ კომპანიაში, კონკრეტულად არ დავასახელებ, ეს ჩემი უფლებაა, კონკრეტული მენეჯმენტი – მართვა, ისე რომ დამფუძნებელი არ ერთვებოდეს ამაში, თითქმის არ არსებობს და რომ არსებობდეს, ამას სჭირდება ელემენტარული მწიგნობრობა. მაგრამ მწიგნობრობა საიდან უნდა მოვიტანოთ ეს არის მთავარი საკითხი და მეორე, რაც ხელს გვიშლის არის სპეციალისტების არყოლა და, ასე ვთქვათ, განათლების დეფიციტი, მაგრამ სწორი განათლების დეფიციტი. მაგალითად, ჩვენთან მარკეტინგის კათედრა საკმაოდ ბევრს იღებს იმისთვის, რომ სტუდენტობას ხელი მიუწვდებოდეს სახელმძღვანელოებთან, მაგრამ, რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს, ჩვენ დროში ძალიან ჩამორჩენილები ვართ სახელმძღვანელოებს. თუნდაც პოსტსოციალისტურ ქვეყნებში 2014 წელს გამოშვებული წიგნით, კონკრეტულ სფეროში, 2016 წელს არ ასწავლიან. თუმცა არსებობს სამაგიდო წიგნები, როცა ელემენტარულად მსგავსის დაწერაც სირცხვილია, თუ უკეთესი არ დაწერე. თუ ინოვაციის დანერგვა გინდა, ინოვაცია მხოლოდ სიახლეს არ უნდა ნიშნავდეს, იგი რაღაცის გამარტივებასაც უნდა ნიშნავდეს, ამის მაგივრად, ყველაფრის გართულება კი კრიზისთნ მიგვიყვანს, როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ კრიზისთან და თუ ეკონომიკურ კრიზისში ხარ, პოლიტიკურს მნიშვნელობაც აღარ აქვს.
ასე რომ, მოდით, კონკრეტულად გავცეთ ამ კითხვას პასუხი, მცირე და საშუალო ბიზნესის შემთხვევაში მენეჯმენტის სისუსტეს ვაბრალებ მხოლოდ იმას, რომ გამართლებაზე არიან დამოკიდებულნი, აქ პრაქტიკულად მარკეტინგთან შეხების გარეშე სურთ რომ ბაზარზე დაიწყონ ფუნქციონირება. ეს კი ძალიან ძნელი საკეთებელია. ვიმეორებ, მეგა კომპანიებშიც შეიძლება ჰქონდეთ მსგავსი პრობლემა, მაგრამ ადვილად გადაწყდომადია, რადგან მათ თავიანთი წილი უკავიათ ბაზარზე და შეიძლება ითქვას, ამ კომპანიების მენეჯერებიც მოიკოჭლებენ, რადგან მათ გასაკეთებელსაც კომპანია აკეთებს, განსაკუთრებით თუ მფარველები ჰყავთ.
ბოლო დროს, საკმაოდ გახშირდა ამ სფეროში სხვადასხვა ცენტრები, რომლებიც უამრავ ტრენინგ-კურსებს სთავაზობენ, როგორც პროფესიონალ, ისე დამწყებ მენეჯერებს. როგორ ფიქრობთ, რამდენად კვალიფიციურები არიან ზემოთ ნახსენები ცენტრები, რამდენად შედეგიანია მათი მუშაობა და როგორ შეაფასებდით ამ მხრივ ზოგად სურათს?
– პირდაპირი შეხება მქონია ძალიან ბევრ ასეთ კომპანიასთან, რომელიც გვიკავშირდება, ვაძლევთ აუდიტორიას და ვცდილობთ ხშირად დავესწროთ ღონისძიებას. მაგრამ, მარტივად ვიტყვი და ეს ყველას არ ეხება, შემდეგ თქვენ იმსჯელეთ. დავუშვათ, ზიხართ ტრენინგზე თქვენს მეგობრებთან ერთად, შემოვიდა ახალგაზრდა ადამიანი თავის თანამშრომლებთან ერთად და კონკრეტულ საკითხზე ატარებს ტრენინგს ჯერ უფასოს, შემდეგ დასაქმების პერსპექტივით და ა.შ. ლექციის მსვლელობის განმავლობაში, პრეზენტაციის პარალელურად, ამჩნევთ, რომ მან თქვენზე ცოტა იცის რაღაც საკითხებში, რომელზეც შემდეგ აუდიტორიამ დაუსვა კითხვა. გეკითხებით, ამის შემდეგ რომელ შედეგზეა საუბარი?! გადამზადება არ ნიშნავს, რომ მე ვიყო ამერიკაში, იქიდან გადმოვიღო რაღაც და იქაური გამოცდილება გავუზიარო აუდიტორიას. ეს არ ნიშნავს, რომ ამ გამოცდილების რეალიზება საქართველოში ერთი-ერთში მოხდება. ჯერ ერთი, უნდა მოვარგოთ ჩვენს რეალობას და მეორე, აქ სირთულე შემდეგშია, მე თუ 500 კაციან აუდიტორიას ვუტარებ ტრენინგს და 500დან 300 დამთანხმდა შეთავაზებაზე, 300-დან მე თუ 2-3 კაცს ავირჩევ იმისთვის, რომ მან გააგრძელოს კონკრეტულ საფეხურზე მუშაობა, ამას კონკურენტუნარიანობა არ ჰქვია ხომ? იმ 298 სტუდენდმა ე.ი. ტყუილად იწვალა?! სამართლიანობის პრინციპი ძველი სიბრძნეა და მასზეა აგებული სახელმწიფო. თუ არ არის სამართლიანობა, მაშინ არაფერი გაკეთდება ასეთ სახელწიფოში და მით უმეტეს ეკონომიკაში. ჩვენთან, ნებისმიერ ბიზნესში, თამამად შემიძლია ვთქვა, სამართლიანობა მე მგონი მეორეხარისხოვანია. მართალია ვცდილობთ დავემსგავსოთ წამყვან ქვეყნებს, თუმცა, ჯერ ფსიქოლოგიური ბარიერია გადასალახი.
ასე რომ, ადვილი კი არის, ერთი მხრივ, რომელიღაც არასამთავრობო გრანტს მოიპოვებს, შემდეგ ხომ უნდა გახარჯოს ეს ფული? ჩატარებენ დაახლოებით 3 ტრენინგს წელიწადში, შედეგი? გადავამზადეთ ვინმე? გავზარდეთ ვინმე? თქვენ შეგიძლიათ დაასახელოთ ერთი-ორი ადამიანი, რომელიც ასეთი ტრენინგის ხარჯზე მოერგო რომელიმე, თუნდაც საშუალო დონის კომპანიას და მენეჯერია?! ეს ხომ აბსურდია. ეს ტრენინგები უფრო ამ კომპანიების პიარია ხოლმე, ვიდრე რეალურად საქმის გაკეთება. თუმცა, გავიმეორებ, რომ ბევრი ისეთიც ყოფილა ჩვენთან, მაგალითად „საქ-კაბელი“, ზესტაფონში არსებული კაბელების ქარხანა (რომელიც ექსპორტზეც გადის), რომელმაც, დაახლოებით 7-8 სტუდენტს, რომლებიც იმერეთის რეგიონიდან იყვნენ, საშუალება მისცა ემუშავათ ამ ქარხანაში და კომპანია უზრუნველყოფდა მათ ანაზღაურებასთან ერთად საცხოვრებელ ხარჯებსაც.
მინდა უფრო კონკრეტულად მარკეტინგ – მენეჯმენტს შევეხო. რამდენადაა განვითარებული საქართველოში ეს მიმართულება, ინერგება თუ არა ფართო მასებში ის თანამედროვე ტენდენციები, რომლებსაც მსოფლიო მოითხოვს?
– ყველაზე მტკივნეული კითხვაა ჯერ-ჯერობით და რატომ ძალიან მარტივად ავხსნი. თუ, რა თქმა უნდა, ვიარსებებთ როგორც სახელმწიფო, ყოველგვარი ბრჭყალების გარეშე, და თუ გვნიდა, რომ საქართველო რუკაზე მხოლოდ გეოგრაფიულად არ ჩანდეს, არამედ პოლიტიკურადაც წარმოვადგენდეთ რაღაცას, მინიმუმ ეკონომიკურად უნდა ვარსებობდეთ. ჩვენ დღეს ძალიან გაუგებარ სიტუაციაში ვართ და ღმერთმა ქნას, მალე დაუდგეს საქართველოს კარგი, ნათლი დღეები, მაგრამ, როდესაც დადგება ის დრო, როცა ჩვენ მოგვთხოვენ იმ სტანდარტებით ყველაფერს, რაც თქვენ ახსენეთ, ძალიან გაუჭირდებათ ჩვენს კომპანიებში, მეგა იქნება ეს თუ მცირე ამას მნიშვნელობა არ აქვს, მენეჯერებს იმ სვლით გააგრძელონ წინსვლა (თუ შეიძლება ამას წინსვლა ვუწოდოთ) როგორც აქამდე იყო. და რატომ, კიდევ ვიმეორებ, მენეჯმენტი მარტივი არ არის, მარკეტინგ-მენეჯმენტი დღეს არის პრაქტიკულად ყველაფერი, რაზეც დაფუძნებულია საერთოდ საბაზრო ეკონომიკა. ერთი სწორი მარკეტინგული გადაწყვეტილებით მენჯერმა შეიძლება რადიკალურად შეცვალოს კომპანიის ბედი როგორც კარგისკენ, ასევე ცუდი გადაწყვეტილებით ცუდისკენ და ამას გადამზადება კი არა, ამას მომზადება სჭირდება. რომ მომზადდეს, ისევ დავუბრუნდით ჩვენს სახელმძღვანელოებს. კოტლერმა გამოსცა უკვე ახალი სახელმძღვანელო, მარკეტინგის კათედრა ძალიან მალე წარმოადგენს ამ სახელმძღვანელოს ნათარგმნს და სულ მალე გააგრძელებს სხვა წიგნებზე მუშაობას. აქედან იწყება ყველაფერი. სტანდარტი შეიძლება წარმოვადგინოთ და როგორღაც ჩავჯდეთ, მაგრამ მტკივნეული ის არის, რეალობაში როგორ წარმოვადგენთ მას.
დავუშვათ, თუ არ იცი კომპანიის შიდა სამეურნეო მდგომარეობა, მხოლოდ გადამზადებით შეძლებთ მუშაობას? შეიძლება ძალიან მალე დაამთავროს ადამიანმა კარიერა ხომ?! შეიძლება რეალურად კომპანიისთვის მარტო კარგი გინდოდეს, მაგრამ იქ გუნდია და ამიტომ მენეჯერობა არ ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ ამ ადამიანებს უყვარდე და ა.შ. არა, როდესაც მენეჯერი მარკეტინგის კარგი ცოდნით სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებს ბაზარზე და სასურველ შედეგს მიაღწევს, რა თქმა უნდა, თანადგომის გრძნობა გაჩნდება და უფრო ადვილად შეიკვრება გუნდიც.
ჩემთვის ერთ-ერთი მტკივნეული საკითხი, ასე ჩანს, ყოველ შემთხვევაში, განათლების სისტემაშია. უნივერსიტეტში ვიღებთ კონტიგენტს, რომელიც სკოლებიდან მოდის. ერთ პატარა მაგალითს მოგიყვანთ. სტუდენტი წერს საზოგადოებრივი გეოგრაფიის გამოცდას და ვერ უპასუხა ასეთ შეკითხვას, სად მდებარეობს კასპის ქარხანა, სავარაუდო პასუხებია კასპი, ქარელი და კიდევ რომელიღაც ორი ვარიანტი. ამით ყველაფერი ნათელია. ზოგადი განათლება, ელემენტარული ცოდნა, თურმე საჭირო ყოფილა. რა თქმა უნდა, მე არ მივტირი კომუნისტურ რეჟიმს, რომელიც კიდევ რომ გაგრძელებულიყო, უარეს დღეში ვიქნებოდით. თუმცა, განათლების სისტემა თუ იგივე დარჩა, სხვა შეღავათებით, თუნდაც უფრო იაფი გაზით, მდგომარეობა არ გაუმჯობესდება. აუცილებელია ცხოვრების სტილის შეცვლა, რომელიც ფსიქოლოგიურ ფაქტორებთანაა დაკავშირებული. ფსევდო ბაზრის ტენდენციაში როდემდე უნდა ვიყოთ?! საბაზრო ეკონომიკაში, სამწუხაროდ, არ ვართ. უნდა ვეცადოთ ის გავაღვივოთ და იმისგან მივიღოთ სარგებელი, რაც გავაჩნია.
თქვენ ხართ ლექტორი მარკეტინგის მიმართულების საგნებში. რამდენად მაღალ დონეზე ისწავლება ეს მიმართულება და, თქვენი აზრით, რამდენად კარგად ახერხებს სტუდენტობა ნასწავლის პრაქტიკაში განხორციელებას?
– შემხვდა როგორც კარგი, ისე ბევრი ცუდი მაგალითიც, ეს ცხოვრებაა და ამას გვერდს ვერ ავუვლით, რა თქმა უნდა. საერთოდ, მარკეტინგში ძირითადი საგნები არის ძალიან საინტერესო, როგორც ბაკალავრზე, ისე მაგისტრატურაზე და, სხვათა შორის, სტუდენტთა ნაკადი ამას მიანიშნებს. ისინი ამ მიმართულებას იმიტომ არ ირჩევენ რომ სახალისო და კარგი სასწავლია. ალბათ, ფიქრობენ, რომ მომავალში რაღაც სამსახური იპოვონ უფრო ადვილად, ვიდრე სხვა პროფესიით. მაგრამ რამდენადაც ისწავლება კარგად და ნორმალურად და შეიძლება არა საუკეთსოდ, ამას გარკვეული გარემოებები უშლის ხელს. ვერავინ ვიტყვით, რომ რომელიმე ლექტორის მოტივაცია ნაკლებია, პირიქით, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ სტუდენტებს ვასწავლოთ სწორად მსჯელობა. პრობლემის მიზეზი მარტივია, პრობლემის მიზეზი მარტივია – მოთხოვნა არ არის. როგორიც არის მოთხოვნა, ისეთივეა მიწოდება. ამაზე პასუხს მარტივად სცემს შემდეგი რამ – ძალიან ბევრი ჩემი სტუდენდი, სხვადასხვა სპეციალობის, მინახავს ბანკში, ყველა ერთად. ბანკი მარტივი გამოსავალია თუ თავშესაფარი? ელემენტარულად, გადახედეთ თბილისს. ჩაატარეთ მარკეტინგული კვლევა თუ არის მშენებარე ბინებზე ისეთი მოთხოვნა, როგორიც მშენებლობაა და მიიღებთ პასუხს – არას. სად ვეძებოთ პრობლემის თავი? აქ თვითრეალიზებაზე საუბარი ზედმეტია. ამას 2-3% თუ მოახერხებს, კარგი ნასწავლი, საუკეთესო GPA-თი, სტიპენდიანტი, მაგრამ მასაც გაუჭირდება.
თქვენი აზრით, პირველ რიგში, რისი გაკეთებაა საჭირო არსებული სიტუაციის გასაუმჯობესებლად, რაში ხედავთ გამოსავალს?
– ჩვენი მთავარი პრობლემა სპეციალისტების არყოლაა, რასაც წინ განათლების სისტემა უძღვის. გამოსავალი თავისთავად ნათელია. რაც შეიძლება მეტი უნდა ვიმუშაოთ ამ სფეროში სიტუაციის გამოსასწორებლად. ამ კითხვებიდან ჩანს, რომ ქვეყანას უჭირს, მაგრამ აუცილებლად დადგება დრო, როდესაც სწავლა დაფასდება და ვინც დააფასებს, დამერწმუნეთ, ის გაცილებით მეტს მოიგებს.
მარიამ ტაკაშვილი