iusticiis-saministro1_1იუსტიციის სასწავლო ცენტრში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა შერჩევის მიზნით გასაუბრებები იწყება.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს წარმომადგენელი მოსამართლის კანდიდატურებს სპეციალურად ამ მიზნისათვის შექმნილი სამთავრობო კომისია გასაუბრების გზით შეარჩევს.
კომისიის წევრები არიან: იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ხათუნა თოთლაძე ; საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე; საქართველოს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე მამუკა ვასაძე; საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია;  საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე;  საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე  მზია თოდუა; საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი;  საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენელი  ზაზა ხატიაშვილი; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი ირაკლი ბურდული; კოალიციის „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“ წარმომადგენელი ანა ნაცვლიშვილი.
როგორც სამინისტროში განმარტავენ, კომისია იმ 12 კანდიდატს გაესაუბრება, რომლებმაც შერჩევის წინა ორი ეტაპი წარმატებით გაიარეს. გასაუბრების შემდგომ სამთავრობო კომისია მთავრობას ხუთ კანდიდატს წარუდგენს, რომელთაგან მთავრობა სამ კანდიდატს შეარჩევს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წინაშე წარსადგენად. ასამბლეაზე კენჭისყრა შემოდგომაზე გაიმართება.
გასაუბრებამდე მოსამართლეობის მსურველებმა უკვე გაიარეს შერჩევის 2 ეტაპი. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის სურვილი 47-მა კანდიდატმა გამოთქვა, რომელთაგან 13 კანდიდატი შეირჩა წარმოდგენილი საბუთების მიხედვით. მათ ჩაუტარდათ ტესტირება ევროპის საბჭოს ერთ-ერთი ოფიციალური ენის (ინგლისური ან ფრანგული) ცოდნის დონის შესამოწმებლად. ტესტირებაზე გამოცხადებული 12 პრეტენდენტიდან კომპეტენციის საჭირო ზღვარი ყველა მათგანმა გადალახა.
მთავრობის მიერ დამტკიცებული 3 კანდიდატიდან ერთ-ერთს ევროპის საბჭო 2016 წლის შემოდგომაზე აირჩევს.
სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის კანდიდატურის შესარჩევად შექმნილი სპეციალური სამთავრობო  კომისიის შემადგენლობაში არიან აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.
(Visited 29 times, 1 visits today)

კომენტარები