uSiSroebis sxdomaსაქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე საქართველოს შეიარაღებული ძალების ახალი სტრუქტურა განიხილეს. აღნიშნული საკითხის შესახებ მოხსენება საბჭოს მუდმივ წევრებს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ წარუდგინეს.

სხდომაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარებში აღმოსავლეთ და დასავლეთ სარდლობების ჩამოყალიბებაზე, რაც ცენტრალიზებულ კონტროლსა და დეცენტრალიზებულ აღსრულებას გულისხმობს და კიდევ უფრო მობილური, ბრძოლისუნარიანი და ნატოს სტანდარტებთან თავსებადი  შეიარაღებული ძალების შექმნას ისახავს მიზნად.

უმაღლესი მთავარსარდლის განცხადებით, სხდომაზე საბჭოს მუდმივმა წევრებმა საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში მისწრაფების საკითხებიც განიხილეს. „ვისაუბრეთ იმ ძალიან ნათელ და მტკიცე პოზიციაზე, რომელიც ნატოს მომავალი სამიტისა და საქართველოს ნატოში გაწევრიანების მიმართ გვაქვს.

ჩვენი პოზიცია და გზავნილი ძალიან ნათელია. საქართველო ისწრაფვის ნატოში გაერთიანებას და ამისთვის, განხორციელდება ჩვენი მუშაობა მომავალი სამიტის თვალსაზრისით. ეს პოზიცია ერთიანია და ამ პოზიციას გაატარებს სახელმწიფოს ყველა უწყება,“- აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა სხდომის დასრულების შემდეგ.

საქართველოს კონსტიტუციის 98-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, სამხედრო ძალების სტრუქტურას ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი. ეროვნული უშიშროების საბჭო სამხედრო ძალების ახალ სტრუქტურას დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს. უმაღლესი მთავარსარდლის მიერ დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ სარდლობების შიდა სტრუქტურა საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით განისაზღვრება.

უშიშროების საბჭოს სხდომაზე განხილული საკითხები საქართველოს თავდაცვის მინისტრმა შეაჯამა. მან თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმასა და მიზნებზე  გაამახვილა ყურადღება. „თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებულ ძალებში ფუნდამენტური რეფორმა მიმდინარეობს. ჩვენი ამოცანაა, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები  უფრო მობილური, ბრძოლისუნარიანი და ნატოს სისტემასთან თავსებადი იყოს. ამ ტიპის გადაწყვეტილებებს სჭირდება უშიშროების საბჭოს რეჟიმში შეთანხმება. ჩვენ ჯარის სტრუქტურასთან დაკავშირებით მივიღეთ გადაწყვეტილება. ბატონი პრეზიდენტი უკვე ხელს მოაწერს ბრძანებას, რომლის მიხედვითაც, საქართველოში იქნება ორი ოპერატიული სარდლობა – დასავლეთის და აღმოსავლეთის. ეს მოგვცემს შესაძლებლობას, რომ სარდლობების შიდა სტრუქტურა უკვე თავდაცვის მინისტრის ბრძანებით განისაზღვროს. ერთი თვე მომეცა ამისთვის ვადა. შემდეგი ერთი თვის განმავლობაში ჩვენ ყველა ამ რეფორმას მივიყვანთ ბოლომდე. მთავარი ამოცანაა, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები იყოს მობილური, ადვილად ოპერირებადი, არ არსებობდეს აბსოლუტური ცენტრალიზაცია და კონცენტრაცია ყველანაირი რესურსის იმისათვის, რომ, საფრთხის შემთხვევაში, საქართველოს ერთი ნაწილი  დაუცველი დარჩეს. ამიტომ, ეს სისტემური ცვლილებები ემსახურება უფრო მობილურ, ბრძოლისუნარიან, წარმატებულ შეიარაღებულ ძალებს,“ – განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ სახმელეთო ჯარების ორ სარდლობად ჩამოყალიბების მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე ისაუბრა: „ყალიბდება ორი მიმართულება. ფაქტიურად, ჩვენ ამას ვახორციელებთ, მაგრამ ეს არ იყო გამყარებული უმაღლესი მთავარსარდლის ხელმოწერით. ახლა გადაწყვეტილება საბოლოოდ მიღებულია. ეს საშუალებას მოგვცემს შეიარაღებული ძალების მმართველობაში განვახორციელოთ შემდეგი პრინციპი – ცენტრალიზებული კონტროლი და დეცენტრალიზებული აღსრულება. შეიარაღებული ძალები იქნება უფრო მოქნილი; სარდლობებს მაქსიმალურად კარგად ეცოდინებათ თავიანთი რესურსები და საჭიროების შემთხვევაში, დამოუკიდებლად, მაგრამ ცენტრალიზებული კონტროლის პირობებში, შეძლებენ თავისი ამოცანის შესრულებას.“

 

 

(Visited 25 times, 1 visits today)

კომენტარები