janelidzeსაქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ესპანეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტს და მას ესპანეთის მთავრობის პოლიტიკურ მხარდაჭერად განიხილავს. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ესპანელ კოლეგასთან ხოსე მანუელ გარსია-მარგალოსთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა კოლეგას საქართველოში სტუმრობისთვის და იმედი გამოთქვა რომ აღნიშნული ვიზიტით ორმხრივი ურთიერთობები კიდევ უფრო განსაკუთრებულ იმპულსს შეიძენს.

„ჩვენ მოგვეცა შესაძლებლობა გვესაუბრა ძალიან ბევრ საკითხზე და დარწმუნებული ვარ, რომ ამ ვიზიტით კიდევ ახალი იმპულსი მიეცემა ჩვენი ურთიერთობების განვითარებას. თანამშრომლობას, როგორც ორმხრივ ფორმატში, ასევე რეგიონალურ  და საერთაშორისო ფორმატებში. ვაფასებთ მეტად ესპანეთის სამეფოს მთავრობის პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, საქართველოში საელჩოს გახსნასთან დაკავშირებით, რომლისკენაც პირველი ნაბიჯი უკვე გადადგმულია. თბილისში საქმეთა დროებითი რწმუნებული იქნა მოვლინებული და ჩვენ უკვე ვთანამშრომლობთ აქტიურად. იმედია, რომ ასევე მალე გაიხსნება სრულყოფილი საელჩო“- განაცხადა მინისტრმა.

მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა ესპანეთის მთავრობას  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე  ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერისთვის.

მიხეილ ჯანელიძემ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ქვეყნებს შორის ეკონომიკური მიმართულებით არსებული თანამშრომლობის განვითარების პოტენციალს. მინისტრის განცხადებით მნიშვნელოვანია ტურიზმის სფეროში თანამშრომლობა და ამ მხრივ ესპანეთის გამოცდილების გაზიარება.

„არსებობს დიდი პერსპექტივა, განსაკუთრებით იმ გამოცდილებით და შესაძლებლობებით, რაც ესპანეთს, როგორც სახელმწიფოს და ასევე ესპანურ კომპანიებს გაჩნიათ. დაახლოებით ისეთივე წილი აქვს და ისეთივე მნიშვნელობა ტურიზმს ესპანეთის ეკონომიკაში, როგორც ჩვენს ეკონომიკაში და ჩვენ ამ მიმართულებით გავაგრძელებთ თანამშრომლობას. ასევე ვისაუბრეთ სატრანსპორტო კავშირებისა და პირდაპირი ავიარეისების აუცილებლობის შესახებაც, რათა ხელი შეეწყოს ტურისტული ურთიერთობების კიდევ უფრო  გაღრმავებას. ვისაუბრეთ ასევე ღვინის ტურიზმზე და იმ შესაძლებლობებზე, რომლებიც ამ სფეროში შეიძლება გვქონდეს თანამშრომლობის კუთხით“- განაცხადა მინისტრმა.

მიხეილ ჯანელიძე მიესალმა ესპანური კომპანიის Mercado San Miguel-ის გადაწყვეტილებას ინვესტიცია განახორციელოს საქართველოში მადრიდის ბაზრის ანალოგიური სივრცე დანერგოს თბილისში, რაც გაზრდის ქალაქის ტურისტულ მიმზიდველობას და გაზრდის კავშირებს ესპანეთსა და საქართველოს შორის.

(Visited 82 times, 1 visits today)

კომენტარები