1 მარტს, თბილისის ოპერის თეატრში ჯუზეპე ვერდის „ატილას“ განახლებული ვერსიის პრემიერა გაიმართება. “ატილას“ აღდგენის ინიციატივა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს დავით კინწურაშვილს ეკუთვნის.
სპექტაკლში მთავარ პარტიებს ოპერის თეატრის წამყვანი სოლისტები კახაბერ თეთვაძე, სულხან გველესიანი, მაყვალა ასპანიძე, გია მახარაძე, თამაზ საგინაძე, გია ასათიანი შეასრულებენ. პრემიერაზე თბილისის ოპერის თეატრის ორკესტრს, თეატრის საპატიო დირიჟორი ზაზა აზმაიფარაშვილი უდირიჟორებს, რომელიც სპექტაკლის დამდგმელი დირიჟორია. „ატილას“ დამდგმელი რეჟისორები დავით საყვარელიძე და ჟან ლუი გრინდაა, ხოლო დამდგმელი მხატვრები ჟან პიერ კაპიერონი და დავით მონავარდისაშვილი არიან.
ჯუზეპე ვერდის “ატილას“ პირველი თბილისური პრემიერიდან 155 წელი გავიდა. მაშინ სპექტაკლს იტალიელი მაესტრო ანტონიო ტორეძელი დირიჟორობდა. სამწუხაროდ XX საუკუნეში ეს ოპერა საქართველოში აღარ დადგმულა. მისი მორიგი პრემიერა უკვე 2008 წელს განხორციელდა (დამდგმელი დირიჟორი – ზაზა აზმაიფარაშვილი, დამდგმელი რეჟისორი – დავით საყვარელიძე) და სწორედ ამ დადგმის განახლებულ ვერსიას იხილავს მაყურებელი 1 მარტს ოპერის განახლებულ თეატრში.
თბილისის ოპერის თეატრის სოლისტები წარმატებით გამოდიან როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ მსოფლიოს წამყვან სცენებზე. სულ ცოტა ხნის წინ მაყვალა ასპანიძემ ბელგიაში, ლიეჟის სამეფო თეატრში, რუჯერო რაიმონდის მიერ დადგმულ „ატილაში“ ოდაბელას პარტია შეასრულა, რასაც უდიდესი წარმატება ხვდა წილად. 2013 წელს კი თბილისის ოპერის თეატრმა „ატილა“ ესტონეთში, საარემას ფესტივალზე წარადგინა. სპექტაკლმა და შემსრულებლებმა დიდი ოვაციები დაიმსახურეს. მთავარ პარტიებს პაატა ბურჭულაძე, სულხან გველესიანი, გია მახარაძე და ირინე რატიანი ასრულებდნენ.
1 მარტს ჯუზეპე ვერდის “ატილა” კვლავ უბრუნდება თბილისის ოპერის სცენას.
სპექტაკლის დასაწყისი 19.00 საათზე.