“საქართველოს რკინიგზა” სამგზავრო ბილეთების გაძვირებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი , ბოლო დროს მედიაში გავრცელებული ინფორმაცია ს.ს. “საქართველოს რკინიგზის” მიერ სამგზავრო ბილეთების ფასების ტოტალურად გაზარდის შესახებ სინამდვილეს არ შეეფერება.

მათი განმარტებით, “საქართველოს რკინიგზის” ახალმა მენეჯმენტმა ათ თვიანი ფასდაკლების სისტემა შეიმუშავა. კერძოდ თბილისი-მახინჯაურის მიმართულებით მოძრავ დღის ახალ მატარებელზე 16 სეტემბრიდან 10 ივლისამდე პირველი კლასის ბილეთების ფასია 40 ლარის ნაცვლად 25 ლარი, ხოლო მეორე კლასის ბილეთები 23 ლარის ნაცვლად 18 ლარი. აღნიშნული ტარიფი მოქმედებს წელიწადში 10 თვის განმავლობაში, ხოლო საზაფხულო სეზონზე, კერძოდ, 10 ივლისიდან 15 სექტემრამდე, 2010 წლიდან მოქმედი ფასი შენარჩუნდება.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, ფასის მატება მხოლოდ ღამის მატარებლის ე.წ. ესვეს ტიპის სამგზავრო ბილეთებს შეეხო, რომელიც 40 ლარის ნაცვლად 48 ლარად გაიყიდება, ხოლო ე.წ. კუპირებულ სამგზავრო ბილეთის ფასი 23.4 ლარის ნაცვლად 28 ლარი იქნება.

ეს ტარიფი მხოლოდ 2 თვის განმავლობაში იმოქმედებს. აღნიშნული ცვლილება მხოლოდ თბილისი მახინჯაურის მიმართულებას ეხება. სხვა დანარჩენი ტიპის ბილეთებსა თუ მიმართულებებზე სამგზავრო ტარიფი დარჩა უცვლელი.

17.07.13

Please follow and like us: