დღეს გამართულ სხდომაზე სასამართლომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება პროფესორ მაია გონაშვილის ადმინისტრაციული და აკადემიური თანამდებობებიდან გათავისუფლების შესახებ ბათილად გამოაცხადა. მაია გონაშვილი ილიაუნის ბიზნესის სკოლაში დეკანის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა 2012 წლის აგვისტომდე. იმავდროულად, იგი იყო ილიაუნის ბიზნესის სკოლის სრული პროფესორი ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით. გასული წლის აგვისტოს თვეში, როცა უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, კანცლერი სერგო რატიანი (ამჟამად „ნაციონალების“ ერთ-ერთი ლიდერი და ოპოზიციონერი პარლამენტარი) იყო, მაია გონაშვილი და ხარისხის მართვის სამსახურის უფროსი, პროფესორი აკაკი ცომაია უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ გაანთავისუფლა ადმინისტრაციული და აკადემიური თანამდებობებიდან (პროფესორობიდან). რის გამოც, ილიაუნის ბიზნეს სკოლის 20-ზე მეტმა ლექტორმა პროტესტის ნიშნად ილიაუნი დატოვა. მაია გონაშვილის და აკაკი ცომაიას განთავისუფლების და ლექტორთა პროტესტის შემდეგ უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლაში პროფესიული თვალსაზრისით საკმაოდ მძიმე ვითარება შეიქმნა. ამის თაობაზე The Tbilisi Times-მა არაერთი პუბლიკაცია გამოაქვეყნა, სადაც სტუდენტები მიუთითებდნენ ფაკულტეტის დეკან მიხეილ ბატიაშვილის მიერ სწავლების პროცესის და შეფასების სისტემის აბსურდული მექანიზმების შემოღებაზე. მაია გონაშვილმა სამართლიანობის აღსადგენად სასამართლოს გასული წლის აგვისტოში მიმართა. დღეს გამართულ სასამართლო სხდომაზე მაია გონაშვილის სარჩელი მოსამართლემ სრულად დააკმაყოფილა. ილიას უნივერსიტეტს დაეკისრა მაია გონაშვილის აღდგენა ყველა თანამდებობაზე, რომელიც მას უკანონო განთავისუფლებამდე ეკავა. გარდა ამისა უნივერსიტეტს დაეკისრა სასამართლოს მიერ გაწეული ყველა ხარჯის ანაზღაურება და სახელმწიფო ბაჟის გადახდა.