ქართველი ჟურნალისტების მედიაჯგუფი ირანში ვიზიტს კვლავ განაგრძნობს. ვიზიტის ფარგლებში, ჟურნალისტებს საშუალება ჰქონდათ ახალი ამბების (ხაბარის) უნივერსიტეტი დაეთვალიერებინათ და ვორქშოფში მიეღოთ მონაწილეობა. ვორქშოფს (ლექცია-სემინარს) ხაბარის უნივერსიტეტის ლექტორი – მუჰამედ როღანიჰა გაუძღვა. იგი ჟურნალისტიკის როლსა და ფუნქციებს შეეხო და აღნიშნა, რომ ირანში მედიის თავისუფლების საკმაოდ მაღალი ხარისხია.
თუმცა ჟურნალისტების ყურადღება უნივერსიტეტის ერთ-ერთი შესასვლელის იატაკმა მიიქცია, სადაც ამერიკის დროშა იყო დახატული. დროშა გაცრეცილია და საკმაოდ ძნელად შესამჩნევი, თუმცა, მედიაჯგუფს ეს არ გამოპარვია და ლექტორს ამ ფაქტის შესახებ კომენტარი სთხოვა. როგორც მუჰამედ როღანიჰამ აღნიშნა, ეს დროშა წლების წინ გამოსახეს იატაკზე, თუმცა იგი თავად ამ ფაქტს არ მიესალმება. მისი თქმით, ამის შესახებ რექტორს მიაწვდის ინფორმაციას და სთხოვს, რომ ეს ფაქტი გამოსწორდეს.
,,ახლანდელი მთავრობა ბევრად უფრო დადებითადაა განწყობილი დასავლეთის მიმართ. ეს ფაქტი კი რადიკალიზმის გამოხატულებაა და, რა თქმა უნდა, მე არ ვეთანხმები“ – აღნიშნა მუჰამედ როღანიჰამ.
კულუარულ საუბრებში სტუდენტების ნაწილიც არ მიესალმება იმას, რომ ამერიკის ერთ-ერთ სიმბოლიკას ფეხით თელავენ და იმედოვნებენ, რომ მდგომარეობა შეიცვლება.