სურსათის ეროვნულ სააგენტოსა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) „სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტს“ (REAP) შორის თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმება ცხოველთა სასაკლაოებში საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილებისHACCP-ის სისტემის დანერგვასთან დაკავშირებით მხარდაჭერას და მათთვის საკონსულტაციო ტრენინგების ჩატარებას ითვალისწინებს.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ ირაკლი ჩავლეშვილმა და REAP-ის პროექტის დირექტორმა ლუის რაიმონდ ფაორომ.
„შეთანხმების მიზანია, REAP-ისა და სააგენტოს ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდეს სურსათის უვნებლობის მართვისა და სტანდარტების დანერგვასთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურება ცხოველთა სასაკლაოებისათვის, რაც უზრუნველყოფს ევროპული სტანდარტების დანერგვას და გააძლიერებს მათ პოტენციალს,“- განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ ირაკლი ჩავლეშვილმა.
REAP-ის პროექტის დირექტორის ლუის რაიმონდ ფაოროს განცხადებით, ისინი 90 სასაკლაოს პერსონალს გაუწევენ კონსულტაციას და გააცნობენ იმ მოთხოვნებს, რომლებიც აუცილებელია სასაკლაოების სერტიფიცირებისათვის.
HACCP საერთაშორისოდ აღიარებული სურსათის უვნებლობის მართვის სისტემაა, რომელიც სურსათის წარმოების პროცესში პოტენციური საფრთხეების დადგენას, მათ პრევენციას და აღმოფხვრას გულისხმობს. HACCP ეფუძნება 7 ძირითად პრინციპს: საფრთხის ანალიზის ჩატარება; კრიტიკული საკონტროლო წერტილების დადგენა; კრიტიკული ზღვრების დაწესება; მონიტორინგის პროცედურები; მაკორექტირებელი ქმედებები; გადამოწმება; ჩანაწერების წარმოება. HACCP-ის სისტემის გამოყენებაზრდის მომხმარებლის ნდობას წარმოებული სურსათისადმი და განაპირობებს პროდუქციისკონკურენტუნარიანობას როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე.