ყველიერის კვირის სამშაბათ საღამოდან მართლმადიდებელი მრევლი ეფრემ ასურის ლოცვას – „უფალო და მეუფეოს“ კითხულობს. ეს პატრა, ღრმა შინაარსის ლოცვა სამ მუხლისგან შედგება. თითოეულ მათგანს განსხვავებული დატვირთვა აქვს და მთლიანობაში სინანულისკენ, სულიერი განახლებისკენ მოუწოდებს ქრისტიანს.
რა ცოდვებსა და სათნოებებზეა საუბარი ეფრემ ასურის ლოცვაში, რას ვთხოვთ, ვევედრებით უფალს ამ ლოცვით?
პირველ მუხლში ღმერთს შევთხოვთ ცოდვებს განგვაშოროს- „უფალო და მეუფეო ცხოვრებისა ჩემისაო, სულსა უქმობისასა და მიმოწვლილველობისასა, მთავრობის-მოყვარებისასა და ცუდად მეტყველებისასა ნუ მიმცემ მე.“
- სული უქმობისა – ნიშნავს როდესაც ადამიანი არის ზარმაცი, არ უყვარს შრომა, ღვაწლი. დროს უსაქმოდ ატარებს.
- მიმომწვლილველობა – მოწყინება. როცა ადამიანს მოეწყინება ანუ მოსძულდება საკუთარი თავი, ან რომელიმე კეთილი საქმე- მსახურებებზე დგომა, მარხვის შენახვა, ლოცვა, სულისთვის ღვაწლი, თუნდაც თავისი სიცოცხლე.
- მთავრობის-მოყვარეობა – როცა ცდილობ უფროსობა, მბრძანებლობა მოიპოვო სხვებზე, რომ მიიღო პატივი, დიდება, მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობა.
- ცუდად-მეტყველება – უქმი, უსარგებლო, უხამსი სიტყვა. როცა ვამბობთ სიცრუეს, ცილის-მწამებელ სიტყვებს და ა.შ.
მეორე მუხლში ვთხოვთ ღმერთს, რათა, ნაცვლად ზემოთ ჩამოთვლილი ცოდვებისა მოგვცეს ოთხი სათნოება- „ხოლო სული სიწმიდისა, სიმდაბლისა, მოთმინებისა და სიყვარულისა მომმადლე მე მონასა შენსა.“
- სიწმინდე -აქ შეგვიძლია მოვიაზროთ, როგორც გარეგანი, ხორციელი ისე სულიერი სიწმინდე, რადგან მორწმუნე უნდა იღვწოდეს გარეგნული სისუფთავე, ხორცილეი სიწმინდე შეათავსოს სულიერ სიწმინდესთან.
- სიმდაბლე – ამ სათნოებას ადამიანი მაშინ მოიპოვებს, როდესაც გაიაზრებს საკუთარ ცოდვებს. „სიმდაბლე, შემუსვრილობა ამპარტავნებისა, უდიდესი სათნოებაა ღვთის წინაშე.მხოლოდ ტკივილითა და ჩვენს თავში ჩაღრმავებით მოვიპოვებთ სიმდაბლეს, რაც არის სათავე წინსვლისა.“– უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე.
- მოთმინება – „მოთმინება იმაში მდგომარეობს,რომ ყველა სამწუხარო და მძიმე პირობებში არ დაითრგუნო და არ დანაღვლიანდე,როგორც მძიმე შრომის დროს ისე სულიერ ზრახვებში, მტკიცედ და სულიერი სიმშვიდით გადაიტანო ყველა სახის გაჭირვება,თვით სიკვდილიც კი, ღმერთის გულმოწყალების იმედით. ღმერთი ამბობს:ხოლო რომელმან დაითმინოს სრულიად,იგი ჰსცხონდეს (მთ. 10,22).“ -ღირსი თეოდორე სანაკსარელი.
- სიყვარული – „სული სიყვარულისა ანუ შეყვარება ღვთისა და მოყვასისა არის ყოველთა უდიდესი, უმაღლესი და უსაჭიროესი სათნოება. თითქმის მთელი ჩვენი სჯული ამაში მდგომარეობს: შეიყვარე უფალი ღმერთი ყოვლითა გულითა და სულითა შენითა და მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი, ესრეთ რომელ, ვისაც გულში არა აქვს ღვთის და მოყვსის სიყვარული, იგი არ არის ქრისტიანე.“- ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
და ბოლოს მესამე მუხლში ვთხოვთ უფალს განგვაშოროს განკითხვის ცოდვას და შეგვაძლებინოს საკუთარი თავის შეცნობა – „ჰე, უფალო და მეუფეო, მომანიჭე მე განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა.“
ეფრემ ასურის ლოცვისას თექვსმეტი მეტანია კეთდება. სიტყვა „მეტანია“ (ბერძნულად იგივეა რაც „მეტა-ნოია“ – “სინანული”). ღვთის წინაშე თაყვანისცემას ანუ სინანულით შევრდომას ნიშნავს. საეკლესიო ტიპიკონში მისი შესრულების ორგვარი წესი არსებობს: მცირე –ვიწერთ პირჯვარს, ვიდრეკთ თავს, წელში ღრმად ვიხრებით; დიდი – ვიწერთ პირჯვარს, ვასრულებთ მუხლთმოყრას და შუბლით ვეხებით მიწას.
„უფალო და მეოფეოს“ პირველი სამი მუხლის შემდეგ სამი დიდი მეტანია კეთდება, შემდეგ თორმეტი მცირე და განმეორებით ლოცვის ბოლოს ერთი დიდი მეტანია.
შეგახსენებთ, რომ ეფრემ ასურის ლოცვა იკითხება შენდობის კვირის საღამოდან მთელი დიდმარხვის განმავლობაში ვნების კვირის ოთხშაბათ დილის ჩათვლით. მისი კითხვა ყოველ პარასკევ საღამოს წყდება და კვირა საღამოდან გრძელდება.
სოფიკო ნინიკაშვილი