სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის ინიციატივით, საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლებმა სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი წამების, არაადამიანური და ღირსებისშემლახავი მოპყრობის ფაქტების გამოძიების ინსტიტუციურად დამოუკიდებელი მექანიზმის შექმნის საჭიროებასა და მოდელებზე იმსჯელეს. როგორც “თბილისი თაიმსს” სახალხო დამცველის აპარატიდან აცნობეს, უჩა ნანუაშვილმა პარლამენტის წევრებს გააცნო სახალხო დამცველის აპარატის მიერ შესწავლილ საქმეთა შედეგები და ისაუბრა გამოძიების ამჟამინდელი სისტემის ხარვეზებზე, როდესაც საქმე ეხება სამართალდამცავთა მიერ ან სასჯელაღსრულების სისტემაში ჩადენილ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტებს. ყურადღება გამახვილდა როგორც ამჟამად მოქმედი კანონმდებლობის ხარვეზებზე, მსგავს დანაშაულთა საგამოძიებო ქვემდებარეობის კუთხით, ასევე პრაქტიკის შედეგად დამკვიდრებულ დაუსჯელობის სინდრომზე. სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, პრობლემის საილუსტრაციოდ მოყვანილ იქნა სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში, სადაც განხილულია დაუსჯელობის და არაეფექტიანი გამოძიების პრობლემა წამებისა და არასათანადო მოპყრობის საქმეებზე. ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ ჯერ კიდევ 2014 წლის საქართველოს პარლამენტის დადგენილებით გათვალისწინებულ იქნა სახალხო დამცველის რეკომენდაცია დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის აუცილებლობის შესახებ. მიუხედავად ამისა, აღნიშნული რეკომენდაცია კვლავ შესასრულებელია. სისტემური პრობლემის აღმოსაფხვრელად სახალხო დამცველმა პარლამენტის წევრებს წარუდგინა თავისი მოსაზრებები – დამოკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნა არის აუცილებელი ნაბიჯი, რაც სახელმწიფომ უნდა გადადგას ამ გამოწვევის საპასუხოდ. შეხვედრაზე, ფონდი “ღია საზოგადოება საქართველოს” წარმომადგენელმა დეტალურად მიმოიხილა არასამთავრობო სექტორის მიერ შემუშავებული კანონპროექტი დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შესახებ. კანონპროექტზე მსჯელობისას დისკუსია წარიმართა რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიცაა, დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის იურისდიქცია დანაშაულებთან და დანაშაულის ჩადენის დროსთან მიმართებაში, ბრალმდებლის უფლებამოსილების განხორციელება, დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის ხელმძღვანელისა და სხვა კადრების შერჩევის წესი და სხვა. შეხვედრაზე ასევე განიხილეს სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების თაობაზე სხვა და სხვა ქვეყნის პრაქტიკა და მოდელები. შეხვედრის შეჯამებისას გამოითქვა მზადყოფნა განხილულ საკითხზე მუშაობის გაგრძელებასთან და კონკრეტული სამოქმედო გეგმის განხორციელებასთან დაკავშირებით.