საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში ვიზიტით იმყოფება. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტში „Chatham House“ გამართულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. ორდღიან ფორუმს „უსაფრთხოება და თავდაცვა ევროპაში“ სხვადასხვა ქვეყნის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრები, საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, ასევე, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს ექსპერტები და მკვლევარები ესწრებიან. ბრიტანეთში ვიზიტის ფარგლებში თინათინ ხიდაშელი ანალიტიკურ ცენტრში „Gatehouse” მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრასაც დაესწრო, სადაც თანამედროვე გამოწვევების შესახებ იმსჯელეს. დაგეგმილია თავდაცვის მინისტრის ორმხრივი შეხვედრაც. თინათინ ხიდაშელს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ვაჭრობისა და ინვესტიციის, თავდაცვისა და უსაფრთხოების ორგანიზაციის დირექტორის თანაშემწე ენდრიუ ვიტფილდი უმასპინძლებს. შეხვედრაზე საქართველოსა და ბრიტანეთს შორის სამხედრო ინდუსტრიის კუთხით თანამშრომლობის პერსპექტივებს განიხილავენ.