კომპანია “კარტლისი” მიმდინარე წელს რეკორდული რაოდენობის ხორბლის მოსავალის აღებას გეგმევს, მას იტალიური კომპანია “პიონერი” აწარმოებს, რა ხორბალზეა საუბარი, არის თუ არა ეს გენმოდიფიცირებული ჰიბრიდული, რა რაოდენობის ხორბილის მოყვანა იგეგმება და რამდენად არის შესაძლებელი აღნიშნული ხორბლით ბაზარზე არსებული მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ და სხვა საკითხევზე „თბილისის თაიმსს“ კომპანია „კარტლისის“ აგროსისტემების დირექტორი რობერტ რევია ესაუბრა.
ბატონო რობერტ, რა ხორბალზეა საუბარი, არის თუ არა ეს გენმოდიფიცირებული ან ჰიბრიდული?
რაც შეეხება მოსავლის აღებას, კი არ ვგეგმავთ, უკვე დიდი ნაწილი, 55 ჰექტარი აღებული გვაქვს, ასე რომ ეს მოსავალი თეორიული კი არა, რეალურია. ჰექტარზე გამოგვივიდა 7,5 კგ, მარნეულის რაიონის სოფელ ბაიდარში. ჩვენ გვქონდა ღია კარის დღეები, სადაც მსურველებს შეეძლოთ მოსვლა, დასწრება და დარწმუნება იმაში, რომ ამ რაოდენობის მოსავლის არსებობა რეალურია, ასეთი ღია კარის დღე გვექნება დმანისში 5-დან 10 რიცხვამდე და აქაც ყველას ვეპატიჯებით. რაც შეეხება ხორბალს, ჯიში არის PR22R58, ეს არის ხორბალი კომპანია „პიონერის“ წარმოების. ხორბლის ეს ჯიში წინა წელს დაითესა გამოსაცდელად 7 სხვადასხვა ზონაში და მას შემდეგ, რაც მივიღეთ კაგრი შედეგი, წელს უკვე ფართო მასშტაბით დავთესეთ. ხარისხიანი სათესლე მასალა ყოველთვის პრობლემატური იყო საქართველოში, ძირითადად ითესებოდა ხორბალი რომელსაც ეძახიან „უფხო პირველს“ და სხვადასხვა, ძირითადად რუსული ჯიშები. აქედან გამომდინარე, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დღესდღეობით ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე ხარისხიანი სათესლე მასალა არის ეს ჯიში, PR22R58. ეს არ არის არც ჰიბრიდი და არც გენმოდიფიცირებული, ამას ჩვენ ცალსახად ვამტკიცებთ და ვისაც სურვილი აქვს შეუძლია აიღოს ნიმუში, ლაბორატორიები არის მთელ მსოფლიოში, ყველაზე ახლოს კი კიევში, გადააგზავნონ და შეამოწმონ. ეს ხმები, გენმოდიფიცირებული პროდუქტის შესახებ ვრცელდება პანიკის თუ აჟიოტაჟის შესაქმნელად, სინამდვილეში არც სიმინდი, არც ხორბალი საქართველოში გენმოდიფიცირებული არ არის.
ახალი ხორბალის მოსავლის აღებას რა პერიოდი სჭირდება და ადგილობრივ ბაზარზე უახლოეს მომავალში თუ გამოჩნდება?
საერთოდ ხორბალი ითესება შემოდგომით, აი ახლა რაც ჩვენ ავიღეთ სოფელ ბაიდარში ის დათესილია წინა წლის 15 ოქტომბერს. წელსაც იმავე პერიოდში ვაპირებთ დათესვას, მოსავლის აღება კი დაწყებულია უკვე და ჯერ კიდევ გრძელდება, პერიოდი არც ისე ხანმოკლეა, მოსავლის რაოდენობიდან გამომდინარე. რაც შეეხება იმას, ჩვენი პროდუქცია ქართულ ბაზარზე გამოჩნდება თუ არა, ქართულ ბაზარზე ის უკვე გამოჩნდა, რადგან რაც ავიღეთ, ის მოსავალი მარცვლის გადამამუშავებელმა ფაბრიკებმა ფაქტობრივად უკვე იყიდეს, მინდვრიდან კომბაინით ვიღებდით, მანქანები კი პირდაპირ მოდიოდა, იტვირთებოდა და მიდიოდა პირდაპირ წისქვილკომბინატებში. ჩვენ გარდა, ეს ხორბალი შარშან დათესეს ფერმერებმა გორში, წნორში, სიღნაღში, დედოფლისწყაროში, მათაც აიღეს მოსავალი და მათაც გაყიდეს. ასე რომ, ეს ჯიში ტრიალებს უკვე ქართულ ბაზარზე.
რენტაბელურობის დონე როგორია, სამეურნეო თვალსაზრისით რამდენად მიზანშეწონილი; სარგებლიანი და შემოსავლიანია?
საერთოდ ჩვენთან ხორბალი, იმ პირობებში, რა პირობებშიც მოჰყავთ, არის დაბალრენტაბელური, მაგრამ თუ ასეთ მოსავალს მივიღებთ, იგი საკმაოდ რენტაბელური გახდება. აი ჩვენ მაგალითად, ჰექტარზე საშუალოდ გამოგვივიდა 7500 კგ, 1 კილოგრამი გავყიდეთ პირდაპირ მინდვრიდან 0.4 ლარად, ანუ ჰექტარზე ავიღეთ 3000 ლარი. ბუღალტერის ანგარიშებით, ხარჯი, რაც ჩვენ გვაქვს გაწეული თითოეულ ჰექტარზე არის 1400 ლარი, შესაბამისად მოგება გამოდის 1600 ლარი. ეს კი არის 100%-ზე მეტი მოგება. აქ მთავარი არის, რომ უნდა მიიღო მაღალი მოსავალი. ამისათვის პირველ რიგში საჭიროა ხარისხიანი სათესლე მასალა, მეორე ეს არის ცოდნა, ცოდნა კი მდგომარეობს იმაში, რომ უნდა გყავდეს აგრონომი, რომელიც ზუსტად განსაზღვრავს თითოეულ ნიუანსს. საქართველოში არის უდიდესი პრობლემა ცოდნისა და კვალიფიციური აგრონომების არსებობის. ქართველი ფერმერების ძირითადი პრობლემა არის ის, რომ ხშირად იძენენ უხარისხო სასუქსა და ჰერბიციდებს, რომელიც ბალახთან ერთად სპობს მოსავალსაც. ასეთ შემთხვევაში, ჰექტარზე დაახლოებით 20 ლარი გამოდის მათი ეკონომია, ჩვენ კი პროდუქციის ხარისხი ნამდვილად არ გვიღირს ასეთი მიზერული თანხის დაზოგვად, რისკის ქვეშ ვერ დავაყენებთ ამხელა ხარჯს და ამხელა მოგების პოტენციალს.
რა რაოდენობის ხორბილ მოყვანას გეგმავთ და რამდენად არის შესაძლებელი აღნიშნული ხორბლით ბაზარზე არსებული მოთხოვნის დაკმაყოფილება?
ჩვენს კომპანიაში ვგეგმავთ ხორბლის რაოდენობის გაზრდას, წლევანდელ ოქტომბერს ალბათ დავთესავთ სამჯერ უფრო მეტს, ვიდრე შარშან გვეთესა. ეს არის ჩვენი ფირმის გეგმა. რაც შეეხება მოთხოვნილების დაკმაყოფილებას, მოთხოვნილების დაკმაყოფილება ასე ადვილი არ არის. მხოლოდ ჩვენი ფირმა ამაზე გავლენას ვერ მოახდენს. ჩვენ მივიღებთ ისევ დიდ მოსავალს, ისევ მივყიდით წისქვილკომბინატებს, მაგრამ სხვა ფერმერები რას იზამენ, დათესავენ ხორბალს, არ დათესავენ, ეს ჩვენ არ ვიცით, ამიტომ პროგნოზის გაკეთება რთულია.
იქნება თუ არა თქვენი სათესლე მასალა ხელმისაწვდომი მსურველთათვის?
სათესლე მასალა იქნება ხელმისაწვდომი. ჯერჯერობით ფასები ზუსტად არ ვიცით, რადგან მოსავლის აღება ახლა მიმდინარეობს და კომპანია „პიონერისგან“ ფასებს დაახლოებით ივლისის ბოლოს მივიღებთ. სავარაუდო ფასი იქნება ასეთი – 1 კგ დაახლოებით 1,1 ევრო, ეს არის ძვირი, იაფი ნამდვილად არ არის, მაგრამ შედეგიც შესაბამისია. ჩვენ რასაც ვეუბნებით სხვა ფერმერებს არის ის, რომ თუ არ შეუძლიათ დათესონ თავიდანვე დიდ ფართზე, დაიწყონ პატარა ფართით და რაოდენობა ნელ-ნელა, წლიდან წლამდე გაზარდონ. 2-3 წელი შეუძლიათ ეს თესლი ატრიალონ, შემდეგ ისევ იყიდიან, გაამრავლებენ და ასე ხარჯები მნიშვნელოვნად შემცირდება. რა თქმა უნდა, ამ თესლის გამოყენება ღირს, რაც მთავარია, ამ ყველაფერს უნდა ჭკუით მიდგომა და ცოდნა.
რა შეიძლება გაკეთდეს სახელმწიფოს მხრიდან მსგავსი ტიპის ფერმერული მეურნეობების განვითარების ხელშესაწყობად?
რაც შეიძლება გაკეთდეს სახელმწიფოსგან, სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან, ეს არის პირველ რიგში სარწყავი არხების გაყვანა, მელიორაცია. ყველა მიწასთან, ნაკვეთთან საქართველოში უნდა მიდიოდეს წყალი, არსებობდეს არხები. წყალი თუ არ იქნება ჩვენს სოფლის მეურნეობას პერსპექტივა არ აქვს, იმიტომ, რომ ამ სიცხეში ვერასოდეს მოიყვან დიდ მოსავალს, როდესაც დიდ მოსავალს ვერ მოიყვან, ვერ იქნები კონკურენტუნარიანი. თუ ეს საკითხი არ მოგვარდა ჩვენ ვერსაოდეს გავუწევთ კონკურენციას უკრაინას, საიდანაც დიდი რაოდენობით მარცვალი შემოდის, ასევე თურქეთიც უზარმაზარი მწარმოებელი ქვეყანაა. უნდა ვიმუშაოთ მაღალ ტექნოლოგიებსა და დიდ რაოდენობით მოსავლის მიღებაზე, წყლის გარეშე კი პერსპექტივა არ არის. სახელმწიფოს ნომერი პირველი ამოცანა არის სარწყავი არხების გაყვანა.
20.07.13
თამთა ჭრიკიშვილი