ასტანაში “ქართული ღვინის კვირეულის” ფარგლებში, ყაზახეთის რესპუბლიკის ავიაკომპანია Air Astana-ს მგზავრებს თვითმფრინავის ბორტზე შესაძლებლობა ექნებათ ქართული ღვინო დააგემოვნონ.
როგორც “თბილისი თაიმსს” საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, “ქართული ღვინის კვირეული” ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებითა და ყაზახეთის რესპუბლიკის ეროვნული ავიაკომპანია Air Astana-ს მხარდაჭერით 23 მარტის ჩათვლით იმართება.
ღონისძიების გახსნაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ზურაბ პატარაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოსა და ყაზახეთს შორის ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების აქტუალურ საკითხებზე.
საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ექსპოზიცია, ქართული ღვინისა და ვაზის კულტურის თაობაზე, ისაუბრეს საქართველოში მეღვინეობის უძველესი კულტურის და ტრადიციის შესახებ, ხაზი გაესვა იუნესკოს მიერ ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ტრადიციული მეთოდის მსოფლიო არამატერიალური კულტურის ნიმუშად აღიარების ფაქტს.
ღონისძიების ფარგლებში საქართველოს საელჩომ საქართველოს კულტურული და ისტორიული ღირსშესანიშნაობების, საქართველოს ტურისტული რეგიონების პოტენციალისა და ეთნოგრაფიული კუთხეების, საქართველოს ეკონომიკური განვითარებისა და განხორციელებული რეფორმების შესახებ საინფორმაციო ილუსტრირებული ბროშურები წარმოადგინა.
“აღსანიშნავია, რომ ყაზახეთის რესპუბლიკის ეროვნული ავიაკომპანია “Air Astana”-ს გადაწყვეტილებით, 2015 წლის 2 ივნისიდან ამოქმედდა ავიარეისები ასტანა-თბილისი-ასტანას მიმართულებით, რაც საქართველოს საელჩოს მიერ ორ ქვეყანას შორის ტურიზმის განვითარების სფეროში გატარებული პოლიტიკის შედეგს წარმოადგენს,”- აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.
ყაზახეთში “ქართული ღვინის კვირეულის” გამართვა მიზნად ისახავს ქართული კულტურის, ისტორიის, ტრადიციებისა და ქვეყნის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციას და ცნობადობის ამაღლებას ქართული ეროვნული წარმოების პროდუქციაზე.