ფინანსთა მინისტრის მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე ქვეყნის განვითარების სტრატეგიული დოკუმენტის შესახებ იმსჯელეს.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა განაცხადა, მას იმედი აქვს, რომ უახლოეს პერიოდში კარგი დოკუმენტები შეიქმნება.

“შედგა ძალიან საინტერესო დიალოგი იმ პრობლემებზე, რომლის წინაშეც დგას საქართველოს ეკონომიკა, იმ გზებზე თუ როგორ უნდა გამოვიდეს ქვეყანა ამ პრობლემებიდან და როგორი უნდა იყოს თუნდაც 10 წლის შემდეგ. იმედი მაქვს, რომ უახლოეს პერიოდში ჩვენ უკვე რეალურად შევძლებთ კარგი დოკუმენტის შექმნას და საზოგადოებისთვის წარდგენას,” – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა.

მრჩეველთა საბჭოს წევრის, აკადემიკოს ლადო პაპავას განცხადებით კი, ასეთი შეხვედრები საფუძველს იძლევა შეჯერებული დოკუმენტი გამოვიდეს.

“ჩვენი შეხვედრები ფინანსთა სამინისტროს ინიციატივით სათათბირო საბჭოს ფორმატში ინტენსიურად მიმდინარეობს. ვფიქრობ, ასეთი შეხვედრები საფუძველს იძლევა შეჯერებული დოკუმენტი გამოვიდეს. პრაქტიკა, როდესაც სამინისტრო ასე მუშაობს ეკონომიკურ საზოგადოებასთან არცთუ გავრცელებულია და ვიმედოვნებ წარმატებული იქნება”, – განაცხადა პაპავამ

ასევე მრჩეველთა საბჭოს წევრის, პროფესორ მიხეილ ჯიბუტის თქმით, დოკუმენტის მთავარი არსი უნდა იყოს ორიენტირება ისეთ ეკონომიკურ ზრდაზე, რომელიც აისახება არა მარტო ზოგად ეკონომიკურ მაჩვენებლებზე, არამედ თითოეულ ადამიანზე.

“შედგა ნაყოფიერი განხილვა და მიმაჩნია, საბოლოოდ, კარგი დოკუმენტი შემუშავდება”, – განაცხადა ჯიბუტმა.

გარდა ამისა, როგორც მრჩეველთა საბჭოს წევრები აღნიშნავენ, მნიშვნელოვანია, რომ ღიად მიმდინარეობს დოკუმენტის იმ მოდელზე საუბარი, რაც საქართველოს სჭირდება.

“ყველა სექტორის, მიმართულების მიხედვით ხდება იდეების კონცენტრირება, შემდეგ შენიშვნებისა და მოსაზრებების განხილვა. საბოლოოდ, დოკუმენტის იმპლემენტაცია მოგვცემს შედეგს, რომელსაც ჩვენი საზოგადოება ელოდება,” – განაცხადა საბჭოს

წევრმა, პროფესორმა ემზარ ჯგერენაიამ. ქვეყნის სტრატეგიის ამსახველი დოკუმენტის შედგენაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით მუშაობენ ფინანსთა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროები. დოკუმენტში განსაზღვრული იქნება ქვეყნის განვითარების ძირითადი პრიორიტეტები და ის ფინანსური რესურსები, რომელიც ეკონომიკაში დასახული მიზნების მისაღწევად უნდა იქნეს გამოყოფილი.

22.07.13

Please follow and like us: