რამდენიმე თვეა, მოსწავლეები, მათი მშობლები, მასწავლებლები და დირექტორები აქტიურად განიხილავენ განათლების სამინისტროს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ  2017-2018 სასწავლო წლიდან სკოლებში ისწავლებოდეს  საგანი „მე სა საზოგადოება“. სავალდებულო პროგრამა, რომელიც ამ საგნის ფარგლებში უნდა გაევლოთ მოსწავლეებს  ჩამოყალიბების პროცესში იყო, როდესაც საზოგადოების გარკვეულ ნაწილში გაჩნდა მოსაზრება, რომ ახალი საგანი მათს შვილებს  ეროვნულ ფასეულობებსა და ღირებულებების  შეულახავდა.

„დემოგრაფიული  განვითარების ფონდის პრეზიდენტმა“ ლევან ვასაძემ თავის ერთ-ერთ გამოსვლაში განაცხადა, რომ წინააღმდეგია „მე და საზოგადოება“ ისწავლებოდეს სკოლებში, ვინაიდან ის ხელს უწყობს  რწმენის რღვევას. ამ მოსაზრების ოპონენტები კი აცხადებდნენ, რომ აუცილებელია ბავშვებმა იცოდნენ თავიანთი უფლებების შესახებ და  ამბობენ, რომ კარგი იქნება თუ პროგრამაში მათთვის „ბავშვთა უფლებათა კონვენციის“ ადაპტირებული ვერსია შევა.

„თბილისი თაიმსი“ დაინტერესდდა, გაერკვია რეალურად რას შეიცავს საგანი „მე და საზოგადოების“ სავალდებულო პროგრამა და რა ასაკის ბავშვებისთვის იქნება გათვალისწინებული. საკითხთან დაკავშირებით დეტალების გასარკვევად დავუკავშირდით განათლების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმის სამმართველოს უფროოს მარიამ ჩიქობავას.

მარიამ ჩიქობავა

როგორ გაჩნდა იდეა, რომ სკოლებში მოზარდებს შეესწავლათ ახალი საგანი „მე და საზოგადოება“ ?

– დღეს მოქმედი 2011-2016 წლების ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, საზოგადოებრივი მეცნიერებები ისწავლება ზოგადი განათლების სამივე საფეხურზე, დაწყებით საფეხურზე კი მას აქვს გამჭოლი ხასიათი და სხვადასხვა თემის სახით არის წარმოდგენილი საგნობრივ პროგრამებში. 2013-2014 წლებში ჩატარებულმა ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის მონიტორინგმა გამოავლინა ეროვნულ სასწავლო გეგმაში არსებული ხარვეზები, მათ შორის, საზოგადოებრივი მეცნიერებების სწავლების კუთხით, რის გამოც მივიღეთ გადაწყვეტილება ცვლილებების შეტანის თაობაზე; კერძოდ, 2013-2014 წლებში განხორციელებულმა ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის მონიტორინგმა (რომელიც მოიცავდა საქართველოს ყველა რეგიონს და უშუალოდ საგაკვეთილო პროცესზე დაკვირვებასა და შედეგების გაანალიზებას ისახავდა მიზნად) აჩვენა შემდეგი: მართალია, ცალკეული საკითხები გათვალისწინებულია სხვადასხვა საგნობრივ სტანდარტში, მაგრამ ამ საკითხებზე ყურადღების გამახვილება თითქმის არ ხდება. თითოეული საგნის პედაგოგი, იქნება ეს ბუნებისმეტყველების, ქართული ენისა თუ მათემატიკის, უმეტესწილად მხოლოდ საკუთარი საგნის მიმართულებით მუშაობს და საზოგადოებრივი მეცნიერებების სწავლება დეკლარირებულ დონეზე რჩება.

გარდა ადგილობრივი საჭიროებების კვლევისა, განხორციელდა საქართველოს ეროვნული სასწავლო გეგმისა და შვიდი განვითარებული ქვეყნის სასწავლო გეგმების შედარებითი ანალიზი, რამაც გვაჩვენა, რომ სხვა ქვეყნებში საზოგადოებრივი მეცნიერებების სწავლება ადრეული ასაკიდანვე იწყება.

რა საკითხებზე იქნება გამახვილებული ყურადღება ამ საგნის სწავლების პროცესში, რაზე იქნება ძირითადი აქცენტები დასმული? რა სტადიაშია აღნიშნული საგნი, არის თუ არა მონახაზი და როდისთვის ჩაეშვება ის გამოსაცემად?

– საგანი „მე და საზოგადოება“ წარმოადგენს ისტორიის, გეოგრაფიის და სამოქალაქო განათლების ინტეგრირებულ კურსს და მოსწავლეს საბაზო საფეხურზე (VII–IX კლასებში) ამ სამი საგნის შესასწავლად ამზადებს. სტანდარტში აქცენტირებულია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევები, როგორებიცაა: ჯანსაღი ცხოვრების წესი, უსაფრთხოება გზებზე, ბუნებრივი კატასტროფებისას ან სხვა საგანგებო შემთხვევებისას ადეკვატურად მოქმედების უნარი, კონფლიქტების მშვიდობიანად მართვის უნარი და სხვა. ამ უნარებზე მუშაობა კი წარმართება შემდეგი თემების ფარგლებში:

III კლასისთვის განკუთვნილი თემები:

  • ჩემი ოჯახი;
  • მეგობრები, თანატოლები და სასკოლო გარემო;
  • გარემო (იგულისხმება თემი), რომელშიც ვცხოვრობ.

IV კლასისთვის განკუთვნილი თემები:

  • მედია და ინფორმაცია;
  • სად და როგორ ვიღებ განათლებას;
  • მე და ჩემი ქვეყანა.

საგან „მე და საზოგადოებისთვის“ სასწავლო თემებად სულ სხვა საკითხებიც შეიძლებოდა ყოფილიყო შერჩეული. არჩევანი ზემოთ ჩამოთვლილ თემებზე ერთადერთი მიზეზის გამო შეჩერდა: ნებისმიერი საგნის სწავლებისას მთავარ სირთულეს სასწავლო პროცესის მოსწავლის წინარეცოდნაზე დაფუძნებით წარმართვა წარმოადგენს. ოჯახი, სკოლა, თემი და სხვ. ის სფეროებია, რომლებთანაც მოსწავლეს საგან „მე და საზოგადოების“ გარეშეც აქვს შეხება.  (სოციოლოგები ამ სფეროებს „სოციალიზაციის აგენტების“ სახელით იხსენიებენ). ეს კი ძალიან აადვილებს დისციპლინის სწავლების ინტერაქტიულ (და არა მონოტონურ) რეჟიმში წარმართვას.

ამ ეტაპისთვის დასრულებულია საგნის სტანდარტსა (სავალდებულო ნაწილი) და წლიურ პროგრამებზე (სარეკომენდაციო ნაწილი) მუშაობა. როგორც კი დამტკიცდება ეროვნული სასწავლო გეგმა და მათ შორის საზოგადოებრივი მეცნიერებების ჯგუფის საგანი „მე და საზოგადოება“, გამოცხადდება სახელმძღვანელოების კონკურსი. პარალელურად დაიწყება პედაგოგების გადამზადება სტანდარტის შესაბამისად. მომზადდება მეთოდლოგიური გზამკვლევები პედაგოგებისთვის.

 დაგეგმილია, რომ ახალი საგანი 2017-2018 სასწავლო წლიდან შევა სკოლებში.

რომელი კლასები შეისწავლიან/დაიწყება საგნის შესწავლა? არჩევითი იქნება თუ, სავალდებულო?

– საგანი „მე და საზოგადოება“ იქნება სავალდებულო, ის შევა III-IV კლასებში, კვირაში 2 საათიანი დატვირთვით.

როგორ მოხდება პედაგოგთა მომზადება/გადამზადება და ვინ ჩაუტარებს პედაგოგებს ტრენინგებს?

პედაგოგების გადამზადებას უზრუნველყოფს განათლებისა და მეცნიერებების სამინისტროს სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი. ამისათვის სტანდარტზე დაყრდნობით მომზადდება სატრენინგო მოდულები და გადამზადდებიან პედაგოგები. გარდა ამისა, ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის საზოგადოებრივი მეცნიერებების ჯგუფის ექსპერტები დაგეგმავენ სკოლებში ვიზიტებს კონსულტაციებისთვის ახალი საგნის დანერგვის ხელშეწყობის მიზნით.

ნანუკა მაღლაკელიძე

 

Please follow and like us: