ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლი „ფერხისა“, რომელიც მიწვეულია პოლონეთში, ჰაინოვკის XXXV-ე საეკლესიო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალზე, უსახსრობის მიზეზით ვერ მიემგზავრება. ფესტივალი 9 მაისს იწყება. როგორც ანსაბლის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ნათია დათუაშვილი „თბილისი თაიმსთან“ საუბრისას აცხადებს, ფესტივალში მონაწილეობისთვის გასამგზავრებლად საჭიროა საერთო ჯამში 13 000 ლარი.
„წელს გუნდმა მიიღო მოწვევა ჰაინოვკის XXXV-ე საეკლესიო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალიდან, რომელიც ტარდება პოლონეთში, ვარშავისა და სრულიად პოლონეთის მიტროპოლიტი საბას კურთხევით და ადგილობრივი მთავრობის მხარდაჭერით.
ჰაინოვკის XXXV საერთაშორისო ფესტივალი გაგრძელდება ერთი კვირა, 10-ზე მეტი ქვეყნის 40 გუნდამდე მიიღებს მონაწილეობას, დამსწრე საზოგადოება სპეციალურად ამ ფესტივალისთვის იკრიბება ჰაინოვკაში პოლონეთის სხვადასხვა ქალაქებიდან. საეკლესიო საგალობლების გარდა ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ტრადიციული მუსიკის ნიმუშები. ფესტივალს გააშუქებს პოლონეთის ტელევიზია, ასევე ფესტივალის ფარგლებში გამოიცემა აუდიო დისკი, რომელშიც შევა ფესტივალზე შესრულებული ნაწარმოებები.
აღნიშნულ ფესტივალში მონაწილეობისთვის გვესაჭიროება მგზავრობის ღირებულების მოძიება. რაც საერთო ჯამში 13 000 ლარს შეადგენს, აქედან თუ შესაძლებელი იქნება და ნაწილი დაფინანსდება უკვე ბვერს ნიშნავს, დიდ იმედი მაქვს მეცენატების“ – აცხადებს ანსაბლის ხელმძღვანელი.
ნათია დათუაშვილი აღნიშნავს, რომ გუნდს, რომელიც შედგება 12-დან 17-წლამდე ახალგაზრდებისგან აქამდე საერთაშორისო ფესტივალზე მონაწილეობა არ მიუღია და აღნიშნულ ფესტივალს, გუნდის შემოქმედებითი განვითარებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
„დღემდე გუნდს არ ჰქონდა საშუალება თავისი შემოქმედება ქვეყნის გარეთ გაეტანა და მიეღო მონაწილეობა რომელიმე საერთაშორისო ფესტივალზე, რაც აუცილებელია გუნდის შემოქმედებითი განვითარებისთვის. გუნდის წევრები (ბავშვები) ხელმძღვანელთან ერთად აქტიურად არიან ჩართულები შემოქმედებით პროცესში, მათ ძალიან დიდი შრომა აქვთ ჩადებული გუნდის შემოქმედებითი ცხოვრების გზაზე, ამიტომ მსგავს ფესტივალზე მონაწილეობის მიღება მათთვის უდიდესი სტიმული და დიდი საჩუქარი იქნება. გასვლითი კონცერტები დაეხმარება ბავშვებს დასახონ მომავალი მიზანები და უფრო მეტად დააფასონ თავისი ქვეყნის კულტურა და გაიღრმავონ ინტერესი ქართული ტრადიციული ხელოვნების მიმართ,“ – განმარტავს „ფერხისა“-ს დამფუძნებელი.
ინფორმაციისთვის: ანსამბლი „ფერხისა“ შეიქმნა 2008 წელს. მის რეპერტუარში საქართველოს სხვადასხვა კუთხის ტრადიციული ფოლკლორის ნიმუშები და საეკლესიო საგალობლები შედის. შესწავლის ძირითადი წყარო საარქივო ჩანაწერები, საპატრიარქოსთან არსებული გალობის ცენტრის მიერ გამოშვებული სამგალობლო კრებულები და ექსპედიციაში მოძიებული მასალებია. სიმღერა-გალობასთან ერთად, ბავშვები ასევე ეუფლებიან ქართულ ხალხურ საკრავებს. უნდა აღინიშნოს ანსამბლ “ფერხისას” საკმაოდ მაღალი მომზადების დონე, რაც არაერთხელ აღუნიშნავთ ცნობილ მუსიკოლოგებს თუ სხვადასხვა სპეციალისტებს.
ანსამბლი „ფერხისა“ სხვადასხვა კონცერტებისა თუ ღონისძიებების, საქველმოქმედო საღამოების აქტიური მონეწილეა და თავადაც მართავს მათ. 2008-2015 წლებში ფერხისას გამართული აქვს რვა სოლო კონცერტი სხვადასხვა საკონცერტო დარბაზებში.
ნათია დათუაშვილი
ანსამბლი „ფერხისა“-ს
დამფუძნებელი და ხელმძღვანელი
555 111 190