ლუდის კომპანია – “World of Beer–ი” სტაჟიორებს ეძებს. სტაჟირება ბევრისთვის საოცნებოც კი არის – ადამიანს 4 თვის განმავლობაში ბევრი ლუდის დალევა და მოგზაურობა ევალება, ხოლო მისი შემოსავალი 12 000 დოლარით გაიზრდება.
კომპანია 3 სტაჟიორს ეძებს, მათ უნდა იმოგზაურონ მთელს მსოფლიოში და გაარკვიონ, თუ სად შეიძლება საუკეთესო ლუდისა და საკვების დაგემოვნება. ამის პარალელურად, ისინი დაესწრებიან ლუდის ფესტივალებს და საკუთარ თავგადასავლებს ბლოგებსა თუ სოციალურ ქსელებში სხვადასხვა ფორმით განათავსებენ.
აპლიკანტებს უკვე შეუძლიათ განაცხადის გაკეთება, ჯერჯერობით, მოთხოვნათა ნუსხა ასე გამოიყურება: მოქალაქე 21 წელზე მეტი ასაკის უნდა იყოს და აუცილებლად აშშ-ის მოქალაქე.
როგორც კომპანიის წარმომადგენლები ირწმუნებიან, განათლებას არანაირი მნიშვნელობა არ ენიჭება, მთავარია, აპლიკანტებმა ერთწუთიან ვიდეოში კარგად ჩამოაყალიბონ, თუ რატომ იქნებიან საუკეთესო სტაჟიორები.
ნატალია ჯალაღონია