25 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით თბილისში ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა სამინისტროში უმასპინძლა ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის დელეგაციას, რომელიც ჩემპიონატის საორგანიზაციო საკითხების გასაცნობად საქართველოში ჩამოვიდა. დელეგაციაში შედიან – ატილა ადამფი (გენერალური დირექტორი), ენიკო ნემეფ-მორა (საერთაშორისო ურთიერთობების დირექტორი) და მატიას ლენკსერი (შეჯიბრებების მენეჯერი).
სტუმრები ვიზიტის ფარგლებში გაეცნობიან ჩემპიონატის საორგანიზაციო საკითხებს. დაათვალიერებენ სასტუმროებს, სპორტულ დარბაზებს, პრიზიორებისთვის განკუთვნილ მედლებს, დეტალურად შეისწავლიან კვების და ტრანსპორტირების საკითხებს. ამის შემდეგ გადაწყდება, რომელი დარბაზი უმასპინძლებს მსოფლიოს ახალგაზრდულ პირველობას, რომელიც 25 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით გაიმართება. ტურნირის ბიუჯეტი მილიონ 100 ათასი ლარია, პროგრამა უკვე დეტალურადაა გაწერილი.
ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ – IWF – იუნიორთა მსოფლიო ჩემპიონატის თბილისში გამართვა ამერიკის ქალაქ ჰიუსტონში, აღმასრულებელი საბჭოს შეხვედრაზე გადაწყვიტა. გადაწყვეტილებაზე დადებითად იმოქმედა შარშან თბილისში უმაღლეს დონეზე ჩატარებულმა ევროპის ჩემპიონატმა. თბილისის სპორტის სასახლეში გამართული შეჯიბრება პოპულარულმა სპორტულმა არხმა “ევროსპორტმა” პირდაპირ ეთერში 40 საათის განმავლობაში გააშუქა.
25 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით უშუალოდ მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება, თუმცა ოფიციალური შეხვედრები 21 ივნისიდან დაიწყება: 21 ივნისს ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის სხდომა შედგება; 22-23 ივნისს აღმასრულებელი საბჭოს შეხვედრაა დაგეგმილი, 24 ივნისს კი საერთაშორისო ფედერაციის კონგრესი.