23 ივლისს, 12:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში „დოქტრინა ბიზნეს რევიუ” (DBR) წარმოადგენს კვლევის პრეზენტაციას თემაზე – „სოციალური უთანაბრობის (ჯინის) ინდექსი და საქართველო სიღარიბისა და ეკონომიკური არასტაბილურობის მსოფლიო რეიტინგში.“
როგორც DBR-ში აცხადებენ, ჯინის ინდექსი წარმოადგენს მონაცემთა გაფანტულობის საზომს. ის ყველაზე მეტად ცნობილია, როგორც მოსახლეობის შემოსავლებისა და კეთილდღეობის უთანაბრობის ინდიკატორი. კვლევამ აჩვენა, რომ სოციალური უთანაბრობის (ჯინის ინდექსი) მიხედვით საქართველოს მეტად არასახარბიელო მდგომარეობა აქვს.
მათივე ცნობით, გარდა ამისა, ამერიკის მშვიდობის ფონდის მიერ წარმოებული THE FAILED STATES INDEX-ის მიხედვით, საქართველო სიღარიბისა და ეკონომიკური არასტაბილურობის მსოფლიო რეიტინგში 2012 წლის მონაცემებით სახიფათო ზონაში იმყოფება და ყველაზე ცუდი მაჩვენებელი აქვს მეზობელ ქვეყნებთან და ევროსაბჭოს წევრ სახელმწიფოებთან შედარებით.
პრეზენტაციას დაესწრებიან ექსპერტები და სამეცნიერო ისტებლიშმენტის წარმომადგენლები. დასასრულს გაიმართება დისკუსია განხილული საკითხის ირგვლივ.
ცნობისთვის, Doctrina Business Review (DBR) – არის ეკონომიკისა და ბიზნესის კვლევებისა და კონსულტაციების ცენტრი, რომელიც ატარებს კვლევებს მიკრო-მაკრო ეკონომიკისა და ბიზნესის სფეროში და შედეგებს წარუდგენს მას-მედიასა და ამ საკითხებით დაინტერესებულ საზოგადოებას. ექსპერტთა ჯგუფი ეკონომიკურ კვლევებს სხვადასხვა მიმართულებებით აწარმოებს. Doctrina Business Review (DBR) წარმოადგენს და აქვეყნებს საინტერესო ტენდენციებს, ინდექსებს, რეიტინგებს, რეკომენდაციებსა და პროგნოზებს.
22.07.13