შეხვედრაზე მხარეება საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის, პოლიტიკური და სავაჭრო ეკონომიკური საკითხები განიხილეს, ასევე საუბარი შეეხო საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს და ქვეყანაში არსებულ წინასაარჩევნო გარემოს.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, ნორვეგია საქართველოს ენერგორესურსებითაა დაინტერესებული, მიმდინარეობს და ხორციელდება არაერთი ეკონომიკური პროექტი, ამიტომ შეხვედრაზე ის კონკრეტული სფეროები მიმოიხილეს, რომლითაც შესაძლოა დაინტერესდნენ ნორვეგიელი ინვესტორები.
გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციას – EFTA (შვეიცარია, ისლანდია, ნორვეგია და ლიხტენშტეინი) შორის თანამშრომლობის საკითხები, რომელიც EFTA-სთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩამოყალიბების პროცესს მოიცავს.
„საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერამ, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შექმნის ჩათვლით, ბუნებრივად შექმნა ურთიერთხელსაყრელი ფონი საქართველოს და EFTA-ს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გასაღრმავებლად. საქართველო EFTA-სთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩამოყალიბების პროცესს, განიხილავს, როგორც მორიგ მნიშვნელოვან ნაბიჯს, ევროპის სახელმწიფოებთან სავაჭრო ურთიერთობების ლიბერალიზაციის მიმართულებით“-განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.