„კონსერვატიული პარტიის“ წევრი ზვიად ძიძიგური მიიჩნევს, რომ საპარლამენტო უმრავლესობა არსებობს და მას რაიმე საფრთხე არ ემუქრება.
როგორც ზვიად ძიძიგურმა აღნიშნა, მხოლოდ ”კონსერვატიული პარტიის” მომხრეობა არ აღმოჩნდა საკმარისი, რომ კოალიცია შენარჩუნებულიყო. პარტიებს ჰქონდათ სურვილი, რომ არჩევნებზე ცალ-ცალკე წასულიყვნენ, რაც ზვიად ძიძიგურის განცხადებით, გასაგები და ბუნებრივია.
„პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობს. რა გადაწყვეტილებას მივიღებთ ”კონსერვატორები” ამის შესახებ აუცილებლად გაცნობებთ“, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.
მისივე თქმით, ”ეროვნული ფორუმის” წევრმა გუბაზ სანიკიძემ და ”ეროვნული ფორუმის” წევრებმა პარლამენტში დაკავებული თანამდებობების დატოვებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება თავად მიიღეს.
„ამიტომ ეს ჩვენი მისაღები გადაწყვეტილება არ არის, ეს არის მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილება. რაც შეეხება უმრავლესობას, მინდა გითხრათ, რომ უმრავლესობაში 88 წევრი ირიცხება. 88-ს გამოვაკლოთ 6 არის 82, ამიტომ უმრავლესობის არსებობა პარლამენტში ისევ გრძელდება. ამას რაიმე საფრთხე არ ემუქრება“, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.