“რესპუბლიკელებისა” და “ეროვნული ფორუმის” გადაწყვეტილების შემდეგ, რაც მათ კოალიცია “ქართული ოცნება” დატოვეს სრულიად ნათელია, რომ არჩევნებამდე 6 თვით ადრე საქართველოში ახალი პოლიტიკური რეალობა ჩამოყალიბდა.

ხშირად ისმის საუბრები, რომ  ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ბრუნდება… რა მოვლენები მიმდინარეობს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ და როგორ მოხდება ძალთა გადანაწილება პოლიტიკაში, ბრუნდება თუ არა ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში, ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე „თბილისი თაიმსს“ ექსპერტი გია ხუხაშვილი ესაუბრა.

გია ხუხაშვილი

ბიძინა ივანიშვილმა არაერთხელ განაცხადა, რომ მისი ჩართულობა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნბში იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. როგორ ფიქრობთ რამდენად რეალურია ყოფილი პრემიერ -მინისტრის პოლიტიკაში დაბრუნების შანსები?

–  ჩემი აზრით, ჩვენ ყველა პოლიტიკაში ვართ. თუ ვივარაუდებთ, რომ ბიძინა ივანიშვილი პარტიულ სიებში, ან აღმასრულებელ ხელისუფლებაში აღმოჩნდება, ნაკლებად მოსალოდნელია. პოლიტიკური პროცესები დღეს მისი დომინირებით მიმდინარეობს. რეალურად ბატონი ბიძინა არის მთავარი პოლიტიკური ძალის ცენტრი.

როგორც პარლამენტის ვიცე სპიკერმა თქვა, მათ კოალიციაში ლიდერის ადგილი არის ბიძინა ივანიშვილის ადგილი. როგორ ფიქრობთ, რა კონფიგურაციით დაბრუნდება ბატონონი ბიძინა პოლიტიკაში?

– ბატონი ბიძინა პოლიტიკაში არ დაბრუნდება.

ის აქტიური იქნება ზუსტად იმ  დოზით, რა დოზითაც მოითხოს საარჩევნო კამპანია. ბიძინა ივანიშვილის აქტიურობა შეიძლება შემოიფარგლოს მხოლოდ კონსულტაციებით. ნაკლებად სავარაუდოდ მიმაჩნია მის მიერ რომელიმე თანამდებობის დაკავება, თუნდაც ფორმალურად.

თქვებნი აზრით, ბატონი ბიძინას ინტერესებში რამდენად შედის თავის მიერ ჩამოყალიბებულ კოალიციაში დაბრუნება?

–  ბიძინა ივანიშვილს, როგორც პიროვნებას, აქვს თავისი შეხედულებები და სურვილები, მის ინტერესებში არ შედის პოლიტიკაში დაბრუნება, ეს მის სურვილებსაც ეწინააღმდეგება.

რა პოზიტიური/ნეგატიური გავლენა შეიძლება იქონიოს  კოალიცია „ქართული ოცნებისთვის“  წინასაპარლამენტო არჩევნების პერიოდში ბატონი ბიძინას დაბრუნებამ?

–  წინასაპარლამენტო არჩევნების დროს ივანიშვილის აქტიურობას, დიდ მნიშვნელობას არ მივანიჭებდი. მისი მთავარი აქტივი ის რესურსებია, რაც თავად აქვს. ვინაიდან ის ძალის ცენტრია, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც კოალიცია „ქართულ ოცნებას“ ეხმარება. ბიძინა ივანიშვილის საჯაროდ გამოჩენა ნაწილობრივ მნიშვნელოვანია, ვინაიდან მას ექნება დამაკმაყოფილებელი პასუხები პრეტენზიებზე, რომელიც საზოგადოებაში მის მიმართ ჩამოყალიბდა. თუმცა  ამ გამოჩენას არ ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა.

რამდენიმე დღის წინა „რესპუბლიკური პარტია“ გამოეყო კოალიცია ქართულ ოცნებას როგორ შეაფასებდით „რესპუბლიკელების“ გადაწყვეტილებას“, რა გავლენას იქონიებს ეს ფაქტი კოალიციის რეიტინგზე?

– ვფიქრობ, „რესპუბლიკური პარტიის“ წასვლა კოალიციის რეიტინგზე  არანაირ გავლენას არ იქონიებს.

ძნელი სათქმელია, რეიტინგი ცოტა მოიმატებს, თუ დაიკლებს, მაგრამ რეალური მნიშვნელოვანი ცვლილება არ იქნება.

თუ შეგიძლიათ, შეაფასოთ, ვის როგორი როგორი შანსები  აქვს მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებში, რომელ პარტიებს შორის მოხდება ამომრჩეველთა მხრიდან ძირითადი აქცენტების დასმა?

–  შეფასება კონკრეტული კვლევის საკითხია. მე შემიძლია ვივარაუდო, რომ აქტივობის მიხედვით „ქართული ოცნება“ პირველ ადგილზე გავა, თუ რაიმე რადიკალურად არ შეიცვალა, მეორე იქნება – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. შემდეგ – „პატრიოტთა ალიანსი“, „ბურჯანაძე-დემოკრატები“, „ლეიბორისტული პარტია“, „ თავისუფალი დემოკრატები“. შანსები აქვთ, აგრეთვე, კოალიციიდან გასულ პარტიებსაც. ვინ რას მოახერხებს გამოჩნდება ყველაფერი.

ნანუკა მაღლაკელიძე

 

 

Please follow and like us: