თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი საკრებულოს წევრებთან და მერიის წარმომადგენლებთან ერთად კრაკოვში მიმდინარე ადგილობრივი მთავრობების ევროპულ კონგრესში იღებს მონაწილეობას.
საკრებულოს წევრები რიმა ბერაძე, დავით უთმელიძე, იოსებ მანჯავიძე და შალვა ოგბაიძე კონგრესის მონაწილეების წინაშე სიტყვით გამოვიდნენ და სხვადასხვა თემაზე დაგეგმილ პანელებში მიიღეს მონაწილეობა.
კონგრესზე ადგილობრივ თვითმმართველობებში გადაწყვეტილებების მიღების დროს მოსახლეობის ჩართულობასა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრეს, საუბარი ასევე შეეხო ქალაქებში მდგრადი სატრანსპორტო პოლიტიკის განვითარებასა და სპორტის, როგორც რეკლამისა და მარკეტინგის საშუალებას ტურისტული ნაკადის მოზიდვის საკითხში.
კონგრესზე საკრებულოს წარმომადგენლებმა ყურადღება ნარჩენების დამუშავების აპრობირებულ მეთოდებზე, ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობასა და ბიზნესისა და მეცნიერების თანამშრომლობაზე გაამახვილეს.
საკრებულოს თავმჯდომარე კონგრესზე სიტყვით 6 აპრილს გამოვა და პარტნიორ რეგიონთა თანამშრომლობაზე ისაუბრებს.
გაფართოებულ სესიას მსოფლიოს სხვადასხვა წამყვანი ქვეყნის მინისტრები, პარლამენტარები და მერები ესწრებოდნენ.
ადგილობრივი მთავრობების ევროპული კონგრესი ქალაქ კრაკოვში 5-6 აპრილს გაიმართება.