karabak

მიუხედავად იმისა, რომ ყარაბაღის კონფლიქტურ ზონაში ამ წუთებში შედარებითი სიმშვიდეა და გასროლის ხმა თითქმის არ ისმის, სომხეთის და აზერბაიჯანის მხარეები სიტუაციის ესკალაციასა და შეთანხმების დარღვევაში  კვლავ სდებენ ერთმანეთს ბრალს. ამასობაში კი, მსოფლიო ლიდერები მოლაპარაკებების რეჟიმს განაგრძობენ და სიტუაციის ღრმა ფაზაში გადასვლის თავიდან არიდებს ცდილობენ.

ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიუხედავად, არაღიარებული მთიანი ყარაბაღის სამხედრო შენაერთები კვლავ საბრძოლო რეჟიმში იმყოფებიან, ამ განცხადებას სომხეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ბაქოში აცხადებენ, რომ მხოლოდ საკუთარი ტერიტორიების დაბრუნება სურთ. სომხეთის ლიდერი კი ამბობს, რომ მთიანი ყარაბაღი საერთაშორისო თანამეგობრობისგან საკუთარი უფლებების აღიარებას ელოდება.

სტეფანაკერტიდან 70 კილომეტრში აზერბაიჯანელი სამხედროები კვლავ იკავებემ პოზიციას, თუნცა, მდგომარეობის ცვალებადობა ყოველ წუთშია მოსალოდნელი.

2 აპრილიდან მოყოლებული კავკასია მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია. ყარაბაღის ე.წ. საზღვარზე სპეცოპერაციების სერია  2 აპრილიდან  დაიწყო და მდგომარეობა  ამ დრომდე  არასტაბილურია. როგორც ექსპერტები აცხადებენ, 1994 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების დადების შემდეგ, ეს ყველაზე მასშტაბური დაპირისპირებაა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის.

კონფლიქტი, რომელსაც მრავალწლოვანი ისტორია აქვს, მწვავე ფაზაში  რამდენიმე დღის განმავლობაში იყო.

ზუსტი ინფორმაცია დაჭრილთა და დაშავებულთა შესახებ არ არსებობს, რადგანაც, ორივე მხარე  სხვადასხვა მონაცემს ავრცელებს.

სტეფანაკერტის  შტაბის განცხადებით, საბრძოლო მოქმედებების დროს, ყარაბაღის არაღიარებული რესპუბლიკის 29 სამხედრო მოსამსახურე და ხუთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, დაჭრილია 101 ჯარისკაცი, ხოლო, 26 ადამიანი უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება.

ამ დროისთვის, რესპუბლიკის ტერიტორიაზე უგზო-უკვლოდ დაკარგული სამხედრო მოსამსახურეების ძებნის ოპერაცია მიმდინარეობს.

გასულ ღამეს მთიანი ყარაბაღის არაღიარებული რესპუბლიკის ძალოვანმა უწყებამ ინფორმაცია აზერბაიჯანის კუთვნილი სამხედრო სატვირთო მანქანის დაკავებისა და უპილოტო თვითმფრინავის ჩამოგდების შესახებ გაავრცელა, თუმცა ეს  ოფიციალურმა ბაქომ უარყო.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით,  საბრძოლო მოქმედებების შედეგად, 31 აზერბაიჯანელი სამხედრო დაიღუპა. ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა ერთი ვერტმფრენი და ერთი ტანკი დაკარგეს.

სომხეთის პრეზიდენტის, სერჟ  სარქისიანის მტკიცებით, აზერბაიჯანულ მხარეს დიდი დანაკარგი აქვს.

,,მტერმა გამოიყენა საჰაერო ძალები, ყველა სახის არტილერია და ჯავშანტექნიკა. მოწინააღმდეგეს დიდი დანაკარგი აქვს ავიაციისა და არტილერიის სახითაც. ჩვენი მხრიდანაც არიან დაღუპულები, ამ დროისთვის 18 ადამიანია დაღუპული და 35 დაჭრილი,”-განაცხადა სარქსიანმა.

რაც შეეხება ამ დროისთვის არსებულ მდგომარეობას – 2 აპრილის განახლებული შეტაკებების გამო, რთული ვითარებაა აზერბაიჯანულ სოფლებში. დანგრეულია სახლები, დაზარალებულია მოსახლეობა.

ვრცელდებოდა ინფორმაცია არასრულწლოვნების დაღუპვის შესახებაც.

ვიდრე ცეცხლის გახსნაში აზერბაიჯანის, სომხეთისა და არაღიარებული რესპუბლიკის წარმომადგენლები ერთმანეთს ადანაშაულებდნენ, მსოფლიო ლიდერები საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას მოითხოვდნენ და მხარეებს მოლაპარაკების დაწყებაზე მიუთითებდნენ.

მხარეებს ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტისკენ მოუწოდებს რუსეთიც. საგანგებო განცხადებები გაავრცელეს ეუთომ და ევროკავშირმაც.  არაღიარებულ მთიან ყარაბაღში ეუთოს მისიის მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები ჩავიდნენ. ისინი რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდნენ და მასთან არსებული ვითარება განიხილეს.

სერგეი ლავროვი თავის აზერბაიჯანელ კოლეგას შეხვდა და დაპირდა, რომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის შესანარჩუნებლად რუსეთი ძალისხმევას არ დაიშურებს.

ერევანში მყოფმა რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, დიმიტრი მედვედევმა აღნიშნა, რომ უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ  კონფლიქტი დაპირისპირების ფაზაში აღარ შევიდეს.

,,მთიანი ყარაბაღი, ერთ დღეს, აუცილებლად დაუბრუნდება თავის ნამდვილ პატრონს აზერბაიჯანს,“ – ეს განცხადება კი, თურქეთის პრემიერ-მინისტრს – რეჯეპ ტაიფ ერდოღანს ეკუთვნის.

იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიო განსაკუთრებული ყურადღებით ადევნებს თვალ-ყურს მიმდინარე მოვლენებს,  ამ მხრივ, შესამჩნევად  აქტიურად თურქეთი და რუსეთი გამოიყურება –  ექსპერტებისა და პოლიტიკოსების ნაწილის შეფასებით, სერიოზულ საფრთხეს ამ ქვეყნების ჩარევა წარმოდგენს, თუმცა,  კონფლიქტოლოგი ლევან გერაძე რუსეთ-თურქეთის კონფლიქტში ჩარევას გამორიცხავს.

„ვფიქრობ, რომ ყარაბაღი არ გახდება რუსეთ-თურქეთის დაპირსპირების საბაბი. თუ ეს მაინც მოხდა, ჩვენ როგორც ნატო – ს მოკავშირე ქვეყანა, ვიქნებით ურთულეს მდგომარეობაში. ასეთ დროს უმნიშვნელოვანესი იქნება უმაღლესი ხელისუფლების მიერ გადადგმული სწორი ნაბიჯები, რომელიც ალბათ საერთაშორის პარტნიორებთან უნდა შეთანხმდეს,“ – აღნიშნავს „კვირის პალიტრასთან“ საუბრისას კონფლიქტოლოგი ლევან გერაძე.

მისი აზრით, საქართველომ მედიატორის როლი უნდა შეასრულოს და ნეიტრალიტეტი დაიცვას.

კონფლიქტის ზონას რომ დავუბრუნდეთ, მიუხედავად 5 აპრილს დადებული სამშვიდობო ზავისა, ორივე მხრიდან ისმოდა იარაღის ხმა. ადგილობრივები ამბობდნენ, რომ, გარდა სხვადასხვა მსხვილკალიბრიანი ცეცხლსასროლი საშუალებისა, არაფერს იყენებდნენ.

6 აპრილის საღამოს  მოჩვენებითი ზავი დასრულდა. მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაირღვა და არაღიარებული რესპუბლიკის ტერიტორიაზე ისევ სროლის ხმა  გაისმა.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა მათ პოზიციებზე რამდენიმე მიმართულებით განახორციელეს შეტევა. არაღიარებული ყარაბაღის თავდაცვის უწყებამ კი ცეცხლის გახსნის გარდა მოწინააღმდეგე დივერსიის მოწყობის მცდელობაშიც დაადანაშაულა.

სომხური მხარის ბრალდებების მიუხედავად, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ ზავის გამოცხადების შემდეგ, არმიას მტრის პოზიციების მიმართულებით ცეცხლი აღარ გაუხსნია. ამას ადასტურებენ ადგილობრივებიც, რომლებიც ირწმუნებიან, რომ პირიქით, მათ სოფლებზე საარტილერიო იერიშები დღეს არაღიარებული მთიანი ყარაბაღის არმიამ განახორციელა. აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების ცნობით, სომხურმა მხარემ 20-მდე დასახლებული პუნქტის მიმართულებით თითქმის 120-ჯერ გახსნა ცეცხლი. არაღიარებულ რესპუბლიკაში კი ამტკიცებენ, რომ, შეთანხმების დადების შემდეგ, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა ორჯერ სცადეს მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე შეჭრა.

რაც შეეხება საქართველოს და მის როლს –  ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლები, ამ დღეების განმავლობაში, აქტიურად მოუწოდებნენ მხარეებს სიტუაციის დარეგულირებისკენ და ცდილობდნენ  ნეიტრალიტეტი შეენარჩუნებინათ.

პოლოტოლოგები ოფიციალური თბილსის სიფრთხილეს მართებულად მიიჩნევენ და  ნეიტრალიტეტს უალტერნატივო არჩევანს უწოდებენ.

მცირე ისტორიული ექსკურსი: ბრძოლა მთიანი ყარაბაღისთვის ჯერ კიდევ მე-20 საუკუნეში დაიწყო. ისტორიული ცნობებით, 1921 წელს რუსეთმა კავკასიის სამივე სახელმწიფო დაიპყრო და, მოგვიანებით, საბჭოთა კავშირში გააერთიანა. ამ პერიოდში, ყარაბაღი სომხეთს გადაეცა, თუმცა ერევანში საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ დაწყებული მოძრაობისა და აზერბაიჯანის პროტესტის გამო, მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის მფლობელობაში გადავიდა. 1923 წელს ტერიტორია მთიანი ყარაბაღის ავტონომიურ რეგიონად გადაიქცა. დროთა განმავლობაში, ორ მხარეს შორის საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობდა ტერიტორიის მისათვისებლად, მაგრამ 1994 წელს, მათ ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება გააფორმეს.

ნატალია ჯალაღონია

 

 

 

 

Please follow and like us: