საბაზო ნივთები ქალის გარდერობში, რაზეც ფული არ უნდა დაგენანოთ იმიჯმეიკერები ყველაზე ხშირად ქალის გარდერობის გამო კამათობენ. უფრო სწორად, რა უნდა იყოს მასში. მთავარი ძვირფასი სამოსის ყიდვა არაა, მთავარი მოხდენა და სტილის გემოვნებით შერჩევაა.
იმიჯმეიკერებს ხშირად კეიტ მიდლტონის მაგალითი მოჰყავთ, რომელმაც დაამტკიცა, რომ საზოგადოებაში ძვირფასი სამკაულებითა და სამოსით გამოჩენა აუცილებელი არაა. ქალს გარდერობში უნდა ჰქონდეს ის აუცილებელი სამოსი და აქსესუარი, რაც სჭირდება და გამოადგება და არა მილიონობით სამოსი, რომელიც მომავალში ჩაუცმელი ჩუქდება.
ჩანთა
მხოლოდ წვრილმანის გადატანისთვის კი არ გამოდგება, ქალის იმიჯსაც უსვამს ხაზს. ჩანთის არჩევისას ყურადღება უნდა მიაქციოთ მის ხარისხს. ჩანთამ ერთ წელზე მეტხანს უნდა გაგიძლოთ. შეარჩიეთ ლურჯი, ყავისფერი, მწვანე ან შავი ფერის ჩანთა, ის უნივერსალურია და ნებისმიერ ჩაცმულობას შეესაბამება.
ორი წყვილი ფეხსაცმელი
საშუალო შემოსავლის მქონე გოგონას ხარისხიანი და ელეგანტური ფეხსაცმელი უნდა ჰქონდეს კარადაში. სასურველია ორი – მაღალქუსლიანი და დაბალქუსლიანი. ეს უკანასკნელი სადღესასწაულო უნდა იყოს, რადგან არასტანდარტულ სიტუაციაზეა გათვლილი. მაღალქუსლიანი ფეხსაცმლისთვის უნივერსალური ვარიანტია ნეიტრალური ფერის ე.წ. ნავები.
ლაბადა
ის უნდა ჩაიცვათ გრილ, წვიმიან ამინდში. კლასიკური ვარიანტია: შავი და თეთრი. სხვათა შორის, ნაცრისფერიც და კრემისფერიც მუდამ აქტუალურია.
პიჯაკი
იდეალურად უნდა გერგებოდეთ წელზე. ეს ისეთი სამოსია, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაშიც გამოგადგებათ და განსაკუთრებული შემთხვევების დროსაც. მთავარია, ძალიან მკაცრი სტილის არ იყოს.
სამკაული
საკმარისია მხოლოდ ერთი სამკაული, რომ სამოსმა დასრულებული სახე მიიღოს. ეს შეიძლება იყოს: საყურე, მძივი ან სამაჯური.
პატარა შავი კაბა
ის ყველა ქალის გარდერობში უნდა იყოს, რადგან ცხოვრების ნებისმიერ სიტუაციაში შეგიძლიათ ჩაცმა, თანაც, სწორად შერჩეულ სამკაულთან და აქსესუართან ერთად ელეგანტურსა და ქალურს გამოგაჩენთ.
დაბოლოს, თუ საქმიანი ქალბატონი ხართ, გარდერობში უნდა გქონდეთ ოფიციალურ შეხვედრებზე ჩასაცმელი შარვალ-პიჯაკი და კაბა-პიჯაკი; აგრეთვე, რამდენიმე ნეიტრალური ფერის ბლუზა, რომლებსაც მოკრძალებულ სამკაულს შეურჩევთ. მასალის გამოყენების პირობები
წყარო: marao.ge