ქართველ გამომგონებელთა რიცხვს სამი ახალგაზრდა გოგონა შეუერთდა. ანა ლომაშვილმა, ლანა რეხვიაშვილმა და ეკა დადიანმა გასულ წელს მოწყობილობა Teddybot შექმნეს.
Teddybot – დათუნიაა,რომელიც სათამაშო ძიძის ფუნქციას ასრულებს, მას შეუძლია შეგახსენოთ, თუ როდის უწევს თქვენს შვილს კვება, როდის სძინავს მას ღრმა ძილით, ან რამდენ ხანში შეიძლება გაიღვიძოს. „ძიძა“ დათუნია მუდმივად აკვირდება ბავშვს და შესაბამის შეტყობინებებს ტელეფონით უგზავნის დედას.
Teddybot-ს ბავშვისთვის ზღაპრის მოყოლა და დაწყნარებაც კი შეუძლია. მისი მართვა მობილური აპლიკაციით არის შესაძლებელი და ინტეგრირებულია baby monitor-ის ფუნქცია. ამ ფუნქციის მეშვეობით მთელი დღის განმავლობაში დაცულია ბავშვის კვების განრიგი. შესაძლებელია,ასევე პატარის ძილის ფაზების გაზომვაც სათამაშო სუნთქვის სიხშირით.
2015 წლის დეკემბერში ქართული სტარტაპების მხარდასაჭერად პირველი Seed Forum Tbilisi ჩატარდა, რომელშიც 17-მა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. უცხოელი ინვესტორებისგან დაფინანსების შანსი, კი მხოლოდ რამდენიმემ მოიპოვა. მათ შორის იყვნენ Teddybot-ის შემქმნელებიც. მათ გამოგონება ესტონეთში გამოფენაზე გაიტანეს.
გამოგონებისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ „თბილისი თაიმსს“ ანა ლომაშვილი ესაუბრა.
როგორ დაიწყო ყველაფერი და საიდან გაჩნდა იდეა შექმნილიყო teddybot?
– გუნდის თითოეულ წევრს გვყავს პატარა ძმა ან ახლობელი, რომლებთანაც ურთიერთობის შედეგად მივხვდით, რომ კარგი იქნებოდა თუ ისეთ მოწყობილობას შევქმნიდით, რომელიც მშობლებს გაუმარტივებდა ბავშვების მოვლას. Teddybot-ის როგორც პოდუქტის რეალიზების იდეა სექტემბრის დასაწყისში მოგვივიდა, როდესაც ილიას უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ Hardware Hackathon-ში ვიღებდით მონაწილეობას. შესასრულებლად საკმაოდ რთული მიზანი დავისახეთ, თუმცაღა მენტორების და ჩვენი უნივერსიტეტის სან დიეგოს დახმარების მეშვეობით კარგი შედეგი ვაჩვენეთ და მესამე ადგილი დავიკავეთ.
რას საქიანობთ და როგორ შეიკრიბეთ ჯგუფის წევრები?
– ეკატერინე დადიანი ფიზიკის ტურნირზე გავიცანი, სადაც ორივე ჩვენს სკოლებს „კომაროვსა“ და „ვეკუას“ წარმოვადგენდით. მოგეხსენებათ გოგონები უფრო პასიურები არიან ტექნოლოგიური კონკურსების მიმართ, შესაბამისად მე და ეკატერინე ჩვენს გუნდებში უმცირესობას წარმოვადგენდით. ეს ფაქტი ერთ-ერთი მამოტივირებელი ბიძგი გახდა დავახლოებულიყავით. ლანა რეხვიაშვილი კი სან დიეგოს უნივერსიტეტში გავიცანი, ის კომპიუტერულ ინჯინერიაზე სწავლობს, მე ელექტრულზე. გაცნობიდან საკმაოდ მალე გამოიკვეთა საერთო ინტერესის სფეროები, რაც საბოლოოდ გუნდის ფორმირებაში დაგვეხმარა.
რა არის ამ სათამაშოს ინოვაცია?
– დღესდღეობით, გაგვიჭირედება მსოფლიო ბაზარი ახალი ტიპის babymonitor-ით გავაოცოთ, თუმცაღა არის ერთი ნაკლი, რაც მოცემულ პროდუქტს ახასიათებს. ის 18 თვეში უსარგებლო და გადასაგდები ხდება, ვინაიდან ბავშვი იზრდება და განსხვავებული მოთხოვნები უყალიბდება. სწორედ ამიტომ შევქმენით Teddybot, რომელიც ბავშვის ზრდასთან ერთად ვითარდება და მისი გამოყენების ვადა 0-დან 4 წლამდეა გაზრდილი. თავდაპირველად ის წარმოადგენს babymonitor-ს დროთა განმავლობაში, კი საგანმანათლებლო სათამაშოდ გადაიქცევა.
როგორ ფიქრობთ, ძირითადად, რითი აფასებენ ინვესტორები კარგ start up-ებს და როგორი გამოხმაურება ჰპოვა საქართველოში ამ გამოგონებამ?
– ვინაიდან არაერთ ინვესტორს გავესაუბრეთ, გარკვეულ წილად ჩამოგვიყალიბდა შეხედულება თუ, რითი აფასებენ ისინი start-up კომპანიებს. პირველ რიგში, ინვესტორები ყურადღებას აქცევენ გუნდს. ვინაიდან გუნდის წევრების შესაძლებოლობიდან გამომდინარე რწმუნდებიან რამდენად რეალიზებადია მოცემული პროდუქტი, რაღათქმაუნდა ყურადღება ექცევა იდეის ორიგინალურობას ასევე ბაზარზე მოთხოვნასა და გარიგების სარფიანობას. რაც შეეხება საქართველოს, teddybot გავიტანეთ არაერთ გამოფენაზე და საკმაოდ დიდი ინტერესი გამოიხატა პოტენციური კლინეტებისგან.
ესტონეთის შესახებ, რომ გვიამბოთ, როგორ ჩაიარა teddybot-ის პრეზენტაციამ ტალინში,როგორი იყო დაინტერესება უცხოელი ინვესტორებისგან?
– პირველ რიგში, ტალინში ვიზიტი უდაოდ დიდი გამოცდილების მომცემი იყო. იმ ფაქტის გათვალისწინებით რომ საბავშვო ტექნოლოგიების მიმართ ინტერესი საკმაოდ დიდია ჩვენი პროდუქტითაც ბევრი დაინტერესედა. იდეის ორიგინალურობიდან გამომდინარე კითხვები გაჩნდა ინტელექტუალური საკუთრების დაცვასთნ დაკავშირებით, მოგვცეს რჩევები და საკონტაქტო ინფორმაცია, რაღათქმაუნდა დავუკავშირდით და ისევ ვაგრძელებთ კომუნიკაციას.
სად აპირებთ, ძირითადად, პროდუქციის წარმოებას და გაყიდვას და როგორი იქნება თქვენი უახლოესი სამომავლო გეგმები?
– წარმოება გათვლილი გვაქვს ჩინეთში, დაბალი ფასებიდან გამომდინარე. ხოლო ჩვენი გეგმები პროდუქტის გაყიდვასთან დაკავშირებით გათვლილია ამერიკის ბაზარზე ვინაიდან ის არის ერთერთი ყველაზე დიდი და მომგებიანი. ამჯერად ვცდილობთ პროტოტიპი უფრო დავხვეწოთ და განვაგრძობთ ინვესტორებთან მოლაპარაკებას.
ნათია კეკენაძე