,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”  პროკურატურის იმ განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც სოფლის მეურნეობის მაღალჩინოსნების დაკავების საქმეზე ბრალდებულ მამუკა ივანიაძეზე ზეწოლა არ ხორციელდებოდა.

პროკურატურამ ივანიაძის დაკითხვის კადრებიც გაავრცელა, რომლის შესახებაც საია-ში აცხადებენ, რომ ვიდეო მასალა უწყვეტ რეჟიმში არ არის მოწოდებული და დამონტაჟებულია.

,,ფაქტია, რომ ვიდეო გადაღება მოხდა ფარულად, სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში. როგორც ჩანს, კამერა თავად პროკურორ გიორგი დავითაშვილს ჰქონდა დამონტაჟებული ტანსაცმელზე. შესაბამისად, გასარკვევია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, ჰქონდა თუ არა პროკურატურას სასამართლოს ნებართვა ფარული ჩანაწერის განსახორციელებლად. სასამართლოს ნებართვის არარსებობის შემთხვევაში, იმ პირთა ქმედებაში, ვინც ფარული ჩანაწერის გაკეთება დაგეგმა ან/და განახორციელა, დანაშაულის ნიშნები იკვეთება“,-ნათქვამია საია-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საია-ში ამბობენ,  რომ დღეს ივანიაძის პროკურატურაში მორიგი გამოძახების შემდეგ, მასზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ჰქონდა ადგილი და ამის დამადასტურებელ კონკრეტულ ფაქტებსაც ასახელებენ.

,, საგამოძიებო მოქმედების პროცესში ოთახის კარი შემოაღო უცნობმა პირმა და გამომძიებელ გიორგი ლომთაძეს სთხოვა გარეთ გამოსულიყო. გამომძიებელი დადგა კარის ზღურბლთან, რა დროსაც მამუკა ივანიაძის და საიას ადვოკატის გასაგონად უცნობმა პირმა გამომძიებელს უთხრა: ,,იქნებ იმათ დაურეკო და უთხრა, რომ ქუჩაში არ დააკავონ, მაინც ყოფილი მინისტრია”. რამოდენიმე წუთის შემდეგ იგივე პირი კვლავ მოვიდა და კვლავ იგივე სიტყვები ოთახში მყოფ პირთა გასაგონად უთხრა გამომძიებელს. საიას ადვოკატმა ამ ფაქტის შენიშვნის სახით ოქმში დაფიქსირება ითხოვა, რაზეც გამომძიებლის უარი მიიღო. აღნიშნულის შემდეგ, დაკითხვის ოქმს მ.ივანიაძემ და ადვოკატმა ხელი არ მოაწერეს. წამოსვლამდე გამომძიებელმა მ.ივანიაძეს განუცხადა, რომ თუ ეტყოდა თუ რატომ და ვის გამო შეცვალა ჩვენება, გარანტიას გაძლევთ, რომ არ დაგაკავებთო”,-ნათქვამია საიას განცხადებაში.

მამუკა ივანიაძე აცხადებს, რომ საია-ში 11 ივლისს ჩატარებული პრესკონფერენციის შემდეგ, მის სახლს სხვადასხვა პირები სისტემატურად უთვალთვალებენ, რის გამოც მისი ოჯახის წევრები, მათ შორის არასრულწლოვანი შვილები, მუდმივ სტრესში არიან. საია-ში ამბობენ, რომ 18 ივლისს პროკურატურაში დაკითხვაზე წასვლისას ივანიაძის მანქანას უცხო პირები ავტომანქანით აედევნენ და ამის თვითმხილველი საია-ს ადვოკატი მაია ხუციშვილი გახდა, რომელიც ივანიაძესთან ერთად ავტომანქანაში იმყოფებოდა.

საია-ს ცნობით, თვალთვალის შესახებ ინფორმაცია 18 ივლისს მამუკა ივანიაძის დაკითხვის ოქმში დაფიქსირდა, სადაც ავტომანქანების ნომრები და სხვა საიდენტიფიკაციო ნიშნები მიეთითა. ოქმში ასევე დაფიქსირდა,  რომ არსებობდა თვალთვალის დამადასტურებელი ვიდეო მასალა, რაც გამოძიებას დაინტერესების შემთხვევაში მიეწოდებოდა. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ გამოძიება ამ ინფორმაციით არ დაინტერესებულა.

როგორც საია-ში აცხადებენ, ამ საქმეში პროკურატურის თანამშრომელთა ქმედებები  საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ჩარჩოებს გასცდა და ძიება  იმ მეთოდებით მიმდინარეობს, რომლებიც, შესაძლებელია, თავად შეიცავდნენ დანაშაულის ნიშნებს.

გუშინ მთავარ პროკურატურაში განაცხადეს, რომ დაკითხვისას მამუკა ივანიაძეზე ზეწოლა არ მომხდარა

სოფლის მეურნეობის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავების საქმეზე ბრალდებულმა ივანიაძემ პროკურორ გიორგი დავითაშვილის წინააღმდეგ ჩვენება მისცა.

დაკითხვისას გირაოთი გათავისუფლებულმა მამუკა ივანიაძემ დაადასტურა, რომ ჩვენება პროკურატურის მხრიდან სიტყვიერი შეურაცხყოფისა და ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად დაწერა. იგი აცხადებდა, რომ ადვოკატ სოსო ბარათაშვილის აცილება ზეწოლის შედეგად მოითხოვა და სახაზინო წესით სხვა ადვოკატი აიყვანა.

24.05.13

 

Please follow and like us: