,,დავითიანნთან“ არსებულმა ფსიქოლოგიის ცენტრმა კვლევის – ,,მედიის გავლენა ინდივიდის განწყობაზე“ პრეზენტაცია ჩაატარა. როგორც ცენტრის ხელმძღვანელმა – ნინო კერესელიძემ აღნიშნა, კვლევის ჩატარების მთავარი მიზეზი ბოლო პერიოდში გახშირებული სხვადასხვა ნეგატიური ფაქტია და ცენტრი სწორედ ამ ფაქტების მედიასთან შესაძლო ურთიერთკავშირით დაინტერესდა.
პრეზენტაციაზე ფსიქოლოგებმა მედიაბაზარზე არსებული სხვადასხვა გადაცემა დაასახელეს, რომლებმაც განსაკუთრებით ნეგატიური გავლენა მოახდინეს მაყურებელზე. მათ შორის, იმიტირებული ,,ქრონიკა“. ნინო კერესელიძის თქმით, აღნიშნულმა საინფორმაციო გამოშვებამ რამდენიმე ადამიანის დაღუპვა და სტრესულ მდგომარეობაში ჩაგდება გამოიწვია.
კვლევაში 500-მდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ( მამრობითი სქესი – 34,2%, მდედრობითი – 65,8%)
გამოკითხვა ნებაყოფილობითი იყო და ძირითადად ახალგაზრდებმა მიიღეს აქტიური მონაწილეობა. კვლევაში ყველაზე პასიური (6,1%) 56 წელს ზემოთ მყოფ მოქალაქეეები აღმოჩნდნენ.
გამოკითხულების უმეტესობამ ინფორმაციის მთავარ მიმწოდებლად ტელევიზია დაასახელა, შემდეგ კი – სოციალური ქსელები და ინტერნეტი.
როგორც ცენტრის ხელმძღვანელმა – ნინო კერესელიძემ აღნიშნა, განსაკუთრებულად მოულოდნელი კვლევის ერთ-ერთ კითხვაზე პასუხი იყო. როგორც აღმოჩნდა გამოკითხულთა 53% მედიას 1საათს ან უფრო ნაკლებ დროს უთმობს. როგორც მან აღნიშნა, ამის ძირითად მიზეზად მედიისადმი უნდობლობა სახელდება.
გამოკითხულთა 45.9 %-მა ქართველი ჟურნალისტების მიერ ინფორმაციის გადმოცემის სტილი უარყოფითად შეაფასა, ხოლო ძალიან დადებითად – 3.8%-მა.
აგრეთვე, 47-მა პროცენტმა მედია უარყოფითი განწყობის გამომწვევად მიიჩნია, განსაკუთრებით კი – გადაცემა ,,პროფილი“ ( 43%), ,,სხვა რაკურსი გია ჯაჯანიძესთან ერთად“ ( 24%), ,,კურიერი“ (20%), და ,,არჩევანი“ ( 13%).
დადებითი გადაცემების კატეგორიაში პირველ ადგილზე ,,ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ“ გავიდა.
,,ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორ გვაწვდის მედია ინფორმაციას და როგორია მზაობა თავად ინფორმაციის მიმღების მხრიდან. ამას კი, უმეტესად, ქართული მედია არ ითვალისწინებს. სამწუხაროა, რომ სწორედ ამ ნეგატივით იქმნება რეიტინგი. ძალიან დიდია ადამიანებზე ფსიქოლოგიური და ემოციური ძალადობის დოზა და იმ წარმოდგენის შექმნის მცდელობა, რომ ქვეყანაში კარგი არაფერი ხდება. ხშირად, ამან შეიძლება ადამიანებს სუიციდისკენაც კი უბიძგოს,“- აღნიშნა ცენტრის ხელმძღვანელმა.
ცენტრის ტრენერი სტრესის საკითხებში – ნინო თოფურია კი რამდენიმე რეკომენდაცით მიმართავს ჟურნალისტებს:
,,როდესაც ადამიანი მუდმივად ნეგატიურ ინფორმაციას იღებს, ეს ყველაფერი მის გონებაში ილექება და ბოლოს აგრესიულ სოციალურ ფონს ვიღებთ.
არ არის აუცილებელი ძალადობის დაწვრილებითი აღწერა, რადგან ეს შესაძლოა კონკრეტული ქცევების მამოტივირებელი გახდეს.
ქართული მედია ჭარბი ემოციებით ,,გვანებივრებს“ და გარკვეული თემების პოპულარიზებას იწვევს. ამიტომ, სწორად უნდა შეირჩეს მიწოდების სტილი და ინფორმაციაც დაბალანსებულად უნდა მიეწოდოს მაყურებელს, მკითხველსა თუ მსმენელს. მაგალითად, თუკი ძალადობაზე გადის სიუჟეტი, სასურველია, რომ მას კულტურაში არსებული კარგი სიახლე მოსდევდეს.
რეკომენდებულია, რომ საინფორმაციო გამოშვებები სასიამოვნო ინფორმაციით დაიწყოს და დასრულდეს, რადგანაც ადამიანის ტვინი დასასრულს და დასაწყისს ყველაზე უკეთ იმახსოვრებს,“- აღნიშნა ცენტრის ტრენერმა სტრესის საკითხებში – ნინო თოფურიამ.
ნატალია ჯალაღონია