ცივი წვეთებით წვიმდა. ჩიტი გაიჭედა ცაში… არა, მართლა გაიჭედა, ფრთების მოქნევა-ერთი, ორი, სამი და სრული უძრაობა, ისევ უძრაობა – ჩიტი გაიჭედა ცაში… თითქოს მსუბუქი და უფერული ჰაერი. უსასრულო სივრცე… როგორ უნდა გაიჭედო ცაში?! ჩიტი გაიჭედა ცაში და მე მომეშვა, მომეშვა, რადგან ჩიტში საკუთარი თავი დავინახე. მეც ვიჭედები ხოლმე, ოღონდ გზაში -აქ და უსასრულო ფიქრებში – იქ… რა მჭედავს?! არ ვიცი, ალბათ, რაღაც მსუბუქი და უსასრულო ჰაერივით. ეს ასე ჩანს, თორემ მასში ჟანგბადია, კიდევ ნახშიროჟანგი, კიდევ ტყვიაა და კიდევ და კიდევ … სიმსუბუქით მძიმეა და უსასრულობით სასრულიანი… კიდევ კარგი, არ არსებობს არაფერი უსასრულო, თორემ ჩიტი სამუდამოდ გაიჭედებოდა ცაში და მეც …უი, თან არ მიყვარს სიტყვა სამუდამოდ, ვეღარასდროს, უკანასკნელად… უფრო მჭედავს ფიქრებსა და გზაში…
დახუჭე თვალები და გაყევი ფიქრებს, ფიქრებს, რომლებსაც მივყავართ ქარში, მერე ცაში, მერე ღამეში, უკუნში… ანუ იფიქრე ღრმად, იფიქრე, რომ ოდესღაც არაფერი არ იყო და აღმიწერე, როგორია ეს არაფერი… ჩემთან თავიდან ადამიანია ,მერე ქუჩები, მერე სიშორე მიწიდან, პეპლები, მერე დედამიწის მოზაიკა შორიდან და ფერადი კოსმოსი, მერე კიდევ სიღრმე და მინდა კიდევ უფრო ღრმად და კიდევ უფრო და ფიქრი ისევ ადამიანებით იწყება… სიშავემ გამომაგდო, გავიჭედე… ადგილის შეუცვლელად ვადგამ ფიქრებში ნაბიჯს, გავიჭედე, ისე, იმ დღეს, ჩიტიც გაიჭედა ცაში…
ხშირად მეუბნებიან, რისი შეცვლაც არ შეგიძლია, შენ შეიცვალე დამოკიდებულება მის მიმართო. ვიცი, რომ სწორს ამბობენ, უკეთესს ჩემთვის, მაგრამ მე მინდა ფიქრი უფრო და უფრო ღრმად, მინდა გავიგო, როგორი იყო ეს არაფერი და როგორი იქნება მომავალში… როგორი იყო სამყარო მაშინ, როდესაც არ იყო დედა, ღიმილი, ნაყინი და ჩიტიც არ იყო რომ გაჭედილიყო…
ახლა წერაში გავიჭედე. ვსვამ მრავალწერტილს, რადგან სიტყვებში ვერ ვატევ სათქმელს…
როგორ შეიძლება გაიჭედო ცაში, ან გზაში, ან ფიქრებში, როდესაც ასე ვრცელია დედამიწა და მრავალი გზა, როდესაც ასე თავისუფალია ფიქრი, ნუ მიგყავარ უსასრულობაში, დამტოვე, აქ, ადამიანებში, დამაცადე მათი სათქმელის მოსმენა და მაგრძნობინე ჩახუტების სითბო… იყოს წარსულში ეს არაფერი და ახლა ნუღარ განმეორდება…
ვუყურებდი ჩიტს და ასე უძრავად იმდენად გამალებით აქნევდა ფრთებს, რომ ბრძოლას მოგანდომებდა, ბრძოლას იქ, იმ ჰაერთან და აქ , ამ სოციუმთან… ჩემთვის ჰაერი და მისი წინაღობა ხალხია, ხალხი სტერეოტიპებით, ჩურჩულით, სიახლის შიშით, მოწყენით, შურით, უსიყვარულოდ… ეს ყველაფერი, ალბათ, ჩემშიცაა, მე ხომ ამ ხალხის ნაწილი ვარ, მაგრამ ამ ნაწილს წინსვლა მინდა, შეცვლა მინდა, უკეთესობა მინდა ჩემთვის და მათთვის…
ჩვენ უკვე ბევრი წელია, დროში გავიჭედეთ, არჩევანში, სამშობლოს ოკუპირებულ მიწებში, უკანონო კანონებში , ოლიგარქების მმართველობაში, სიტყვისა და მოქმედების თავისუფლებაში გავიჭედეთ… ერთეულები ადგამენ ნაბიჯს, უძრავად და ეს უძრაობა ჩემი ბრალია, ჩემი, როგორც ინდივიდის, ნაბიჯი უნდა შეუერთდეს ამ უძრავ სვლას, ჩემი, შენი ნაბიჯი და იქნებ ავმოძრავდეთ, თუნდაც ოდნავ წინ წარსულიდან.
იცი, როდესაც ის ჩიტი გაიჭედა ცაში, სხვები შორიდან გულგრილად უყურებდნენ, მერე ცივი წვეთებით უფრო გაწვიმდა, მეტად ამოვარდა ქარი და ჩიტების გუნდი მიწაზე მოკალათდა. იყო ერთი ჩიტი, ცაში გაჭედილი, ფრთების მოქნევა- ერთი, ორი, სამი და კიდევ მრავალი, ამ სიმრავლეში ხან სუსტდებოდა ფრთები, იღლებოდა, ხანაც გამალებით ებრძოდა ჰაერს და იცი, რა?! ბოლოს აიჭრა სულ მაღლა ცაში… მაინც აიჭრა, თავისუფლად გაინავარდა და მერე მარტომ, უსაყრდენოდ ვერ შეისვენა და სამუდამოდ გაიჭედა ცაში…
ანანო შარიქაძე