დღეს სოფლის მეურნეობის სამინისტროში სამუშაო შეხვედრა გაიმართა ENPARD III-ის (ევროპის სამეზობლოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პროგრამა საქართველოში, III ფაზა) ძირითად მიმართულებებთან და სოფლის განვითარების სტრატეგიის შემუშავებასთან დაკავშირებით.
შეხვედრაზე გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ექსპერტებმა 2017-2020 წლების სოფლის განვითარების სტრატეგიის სამუშაო ვერსია წარმოადგინეს. დოკუმენტი საქართველოში სოფლის მდგომარეობის სოციალურ-ეკონომიკურ და სამართლებრივ ანალიზს მოიცავს და სოფლის განვითარების ხედვას, მიზნებსა და ამოცანებს ეხება. სტრატეგიულ ამოცანებს შორისაა მომავალი 3 წლის განმავლობაში საქართველოს სოფლებში ეკონომიკური საქმიანობების გამრავალფეროვნება, ტურიზმის განვითარება, ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვა და სოფლად ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება.
გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლებმა შეხვედრაზე აჭარის სოფლის განვითარების სტრატეგია წარადგინეს, ხოლო საერთაშორისო არასამთავრო ორგანიზაციებმა -CARE, Mercy Corps, People in Need, რომლებიც საქართველოს სამ მუნიციპალიტეტში – ლაგოდეხი, ბორჯომი და ყაზბეგი სოფლის განვითარების საპილოტე პროექტებს ახორციელებენ, ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფების მიერ შემუშავებული სტრატეგიების სამუშაო ვერსიები გაასაჯაროეს.
სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნოდარ კერესელიძემ სოფლის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა. შეხვედრის ფარგლებში უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის შექმნა გადაწყდა, რომელიც სოფლის განვითარების სტრატეგიის საბოლოო ვერსიის ჩამოყალიბებაზე მუშაობას კოორდინირებას გაუწევს.
შეხვედრას სოფლის განვითარების პროცესში ჩართული სამინისტროების მინისტრის მოადგილეები, ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლობა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.