TAX FREE-ით ქვითრით დღგ-ს დაბრუნების შემდეგ, ნივთი ერთ საათში უკან, საქართველოში შემოიტანეს.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ს.გ.პ. “სადახლოს” ტერიტორიაზე სომხეთიდან ფეხით მოსიარულეთა დარბაზში საქართველოს მოქალაქე ლეილა ა. შემოვიდა, რომელსაც ხელზე თეთრსამაჯურიანი თვლებით გაწყობილი საათი ეკეთა. შემთხვევამდე 1 საათით ადრე მსგავს საათზე TAX FREE-ით თანხის დაბრუნების პროცედურა განხორციელდა. შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა ეჭვის საფუძველზე ლეილა ა-ს საათის საიდენთიფიკაციო ნომერი შეამოწმეს. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნულ საათზე, ღირებულებით 5875 ლარი, სომხეთის მოქალაქე დიანა ა-ს სახელზე, გამოწერილი იყო TAX FREE-ის ქვითარი. შესაბამისად, დიანა ა-მ დაიბრუნა დღგ 869.3 ლარის ოდენობით.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე ლეილა ა-ს ზეპირი განმარტებით მან და მისმა ძმისშვილმა, სომხეთის მოქალაქე დიანა ა-მ აღნიშნული საათი შეიძინეს საქართველოში, ერთ-ერთ მაღაზიაში, რაზეც გამოუწერეს დღგ-ს თანხის დაბრუნების სპეციალური ქვითარი დიანა ა-ს სახელზე. ამის შემდგომ ისინი გამოცხადდნენ ს.გ.პ “სადახლოს” ტერიტორიაზე, სადაც საბაჟო პროცედურების გავლის შემდეგ ერთად გადაკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი სომხეთის მიმართულებით და ბანკში დაიბრუნეს დღგ-ს თანხა. დაახლოებით 1 საათის გასვლის შემდეგ საქართველოს მოქალაქე ლეილა ა. შემობრუნდა საქართველოს ტერიტორიაზე, რა დროსაც მაჯაზე ეკეთა აღნიშნული საათი და ხელჩანთაში ჰქონდა დღგ-ს ქვითრით დაბრუნებული თანხა 869.3 ლარი.

ლეილა ა-ს განმარტებით, მან არ იცოდა, რომ არ შეიძლებოდა TAX FREE-ით გატანილი საქონლის განბაჟების გარეშე უკან, ქვეყანაში შემოტანა.

მოქალაქე ლეილა ა-ს განემარტა, რომ მის მიერ საქართველოში შემოტანილი საათი ექვემდებარებოდა დეკლარირებას და შესაბამისად, იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევას, რაზეც მან უარი განაცხადა. მასვე განემარტა, რომ დაუდეკლარირებელი საათის შემოტანის შემთხვევაში დაჯარიმდებოდა კანონმდებლობის შესაბამისად. ლეილა ა-მ ასევე უარი განაცხადა წერილობითი ახსნა-განმარტების მოცემაზე, იქცეოდა გამომწვევად და მიუხედავად ს.გ.პ “სადახლოს” ოფიცრების გაფრთხილებისა, რამდენჯერმე თვითნებურად დატოვა საბაჟოს ტერიტორია.

მოქალაქე ლეილა ა. დაჯარიმდა 5875 ლარის ოდენობით საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის საფუძველზე, რომელზეც ხელი არ მოაწერა. ასევე, გამოიწერა სამართალდარვევის ოქმი, რითაც შეეფარდა ჯარიმა 800 ლარის ოდენობით, 277-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე.

24.07.13

Please follow and like us: