საიტზე www.manifest.ge ახალი პეტიცია გაჩნდა – ,,უფასო მგზავრობა სტუდენტებს ავტობუსებსა და მეტროში!”
სტუდენტების ნაწილი მგზავრობის საფასურს – 20 თეთრს არცთუ ისე შეღავათიანად მიიჩნევს და ამბობს, რომ რეგიონებიდან ჩამოსული სტუდენტების ხარჯები ძალიან დიდია ( სწავლა, წიგნები, ქსეროქსი, კვება, კომუნალურები, ბინის ქირა, ტრანსპორტი).
,,რომ შევადაროთ, სტუდენტს უფრო მეტჯერ უწევს ტრანსპორტით გადაადგილება, დღეში რამოდენიმეჯერაც და რა საჭიროა მერიის ეს ,,პილპილმოყრილი მადლი”… მე თუ მკითხავთ, სტუდენტი უფრო უნდა სარგებლობდეს უფასო ტარიფით, ვიდრე მოსწავლე. არამგონია, სტუდენტებს დაუკმაყოფილონ ეს მოთხოვნა თუ ამ შეღავათით სარგებლობას მოსწავლეებიც განაგრძობენ, ამიტომ საღი თვალით სჯობს სტუდენტებს გაუწიონ ანგარიში თუ რეალურად უნდათ კარგის გაკეთება,”- აღნიშნავს ერთ-ერთი სტუდენტი.
სტუდენტების მეორე ნაწილი მოთხოვნას არარეალურს უწოდებს:
,,მიუხედვად იმისა, რომ მეც სტუდენტი ვარ, არ მივესალმები ამას.
მესმის, მიკროავტობუსების გაიაფებას ითხოვდეთ სტუდენტებისთვის, მაგრამ ეს – მეტისმეტია.”
,,ცოტათი მაინც თუ დაუკვირდებით მიხვდებით, რომ ძალიან უნამუსობაა. ამას ჯობია პენსიონრებმა იარონ უფასოდ, თუმცა არცერთმა პენსიონერმა არ იცის კომპიუტერი იმისთვის, რომ მსგავსი რამ დაწეროს ან თავისი აზრი გამოთქვას ინტერნეტ სივრცეში.”
პეტიციის ადრესატი თბილისის მერიაა. სულ 50 000 ხმა არის საჭირო, ამჟამად ხმების რაოდენობა 4 000-ს აღწევს. ხმის მიცემა მითითებულ ბმულზე შეგიძლიათ:
http://manifest.ge/main/item/830
ნატალია ჯალაღონია