სვანეთში, დაბა მესტიაში ზამთრის პირობებში სამთო სწავლება გაიმართა. როგორც ”თბილისი თაიმსს” თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, სწავლება ფრანგი სამთო ექსპერტების მიერ პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლის სამთო ინსტრუქტორების გადამზადებას ისახავდა მიზნად.
უწყების ინფორმაციით, სამთო გადამზადების ფარგლებში ქართველმა ინსტრუქტორებმა სხვადასხვა დროს შესწავლილი საკითხები დახვეწეს. მათ ზღვის დონიდან 3500 მეტრის სიმაღლეზე ტექნიკურად რთულ რელიეფზე ისეთი მოქმედებების შესრულება მოუწიათ, როგორიცაა ზვავსაშიშ ფერდობებზე მარშ-გადაადგილება, ზვავში მოყოლილი ადამიანის ძებნა და ევაკუაციის ორგანიზება სამაშველო საკაცე „U T 2000“-ის გამოყენებით, ასევე თოვლის საფარის შემოწმება შემდგომში ზვავსაშიში ფერდობის უსაფრთხოდ გადალახვისთვის, სირთულეებზე ასვლა და შემდეგ გაუკვალავ თოვლში რთულ რელიეფზე დაშვების პრაქტიკული მეცადინეობა. ქართველმა ინსტრუქტორებმა უამინდობის დროს თავის გადარჩენის მიზნით თოვლში თავშესაფრის მოწყობაც უზრუნველყვეს.
ორივე მხარის შეფასებით, სწავლებამ წარმატებით ჩაიარა, რაც საჩხერის სამთო მომზადების სკოლის ინსტრუქტორებს ნატო-ს პარტნიორობა მშვიდობის ფარგლებში (PFP) კურსების უსაფრთხოდ და ორგანიზებულად ჩატარებისთვის გამოადგებათ.