“ჩვენ ვერთიანდებით მშვიდობის მოთხოვნით და მზადყოფნას ვაცხადებთ, რომ ხელი შევუწყოთ კონფლიქტების გადაწყვეტას დიალოგისა და შერიგების გზით,”-ნათქვამია ერთობლივი დეკლარაციაში, რომელსაც ხელი მოაწერეს 2016 წლის 16 აპრილს მიგრანტების მოსანახულებლად საბერძნეთის კუნძულ ლესბოსზე ჩასულმა რომის პაპმა ფრანცისკემ, მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ და ათენისა და სრულიად საბერძნეთის მთავარეპისკოპოსმა იერონიმემ. მხარეები თანადგომასა უცხადებენ დევნილებს, იძულებითი მიგრაციისა და გადასახლების მსხვერპლ მილიონობით ადამიანს, საერთაშორისო თანამეგობრობას კი მათი დახმარებისა და კონფლიქტების მშიდობიანი გზით გადაწყვეტისკენ მოუწოდებენ. “თბილისი თაიმსი” უცვლელად გთავაზობთ სამი რელიგიური ლიდერების მიერ ხელმოწერილი დეკლარაციის ტექსტს:
“ჩვენ, პაპი ფრანცისკე, მსოფლიო პატრიარქი ბართლომე, ათენისა და სრულიად ელადის მთავარეპისკოპოსი იერონიმე, შევხვდით საბერძნეთის კუნძულ ლესბოსზე, რათა ჩვენი ღრმა შეშფოთება გამოვხატოთ უამრავი ლტოლვილის, მიგრანტისა თუ თავშესაფრის მაძიებლის ტრაგიკულ მდგომარეობაში ყოფნის გამო, ვინც გამოექცა კონფლიქტურ სიტუაციებს, ხშირად ყოველდღიურ სასიცოცხლო საფრთხეს და ევროპაში მოვიდა. მსოფლიომ არ შეიძლება ყურად არ იღოს ძალადობითა და შეიარაღებული კონფლიქტით გამოწვეული კოლოსალური ჰუმანიტარული კრიზისი, რელიგიურ და ეთნიკურ უმცირესობათა დევნა და გადასახლება, ოჯახების საკუთარი სახლებიდან აღგვა, მათი ადამიანური ღირსების, ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლების შელახვა.
იძულებითი მიგრაციისა და გადასახლების ტრაგედია მილიონობით ადამიანს ეხება და, ძირითადად, კაცობრიობის კრიზისია, რაც სოლიდარობის, თანაგრძნობის, გულუხვობისა და რესურსების მყისიერი პრაქტიკული გამოყენებისკენ მოგვიწოდებს. ლესბოსიდან მივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ გაბედულად უპასუხონ ამ მასიურ ჰუმანიტარულ კრიზისსა და მის გამომწვევ მიზეზებს დიპლომატიური, პოლიტიკური და საქველმოქმედო ინიციატივებითა და თანამშრომლობით, როგორც ახლო აღმოსავლეთში, ასევე ევროპაში.
ჩვენ, როგორც ეკლესიების მეთაურები, ვერთიანდებით მშვიდობის მოთხოვნით და მზადყოფნას ვაცხადებთ, რომ ხელი შევუწყოთ კონფლიქტების გადაწყვეტას დიალოგისა და შერიგების გზით. ვაღიარებთ ლტოლვილების, მიგრანტების, თავშესაფრის მაძიებელთა დახმარებისა და მათზე ზრუნვის უკვე გამოვლენილ მცდელობას, ამასთანავე, მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ ლიდერს, რომ ყველანაირი საშუალება გამოიყენონ კერძო პირების, თუ რელიგიური ჯგუფების, მათ შორის ქრისტიანების, საკუთარ მიწაზე დასარჩენად, რომ, ადამიანის ძირითადი უფლების მიხედვით, მათ შეძლონ იცხოვრონ მშვიდ და უსაფრთხო გარემოში. არსებულ არამდგრად სიტუაციაში საჭიროა სასწრაფოდ, საყოველთაო საერთაშორისო შეთანხმებით, დახმარების პროგრამის შემუშავება კანონისა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა თუ უმცირესობების დასაცავად, ტრეფიკინგისა და კონტრაბანდის წინააღმდეგ საბრძოლველად, საშიში მარშრუტების მოსასპობად, რომლებიც ეგეოსზე და მთლიანად ხმელთაშუა ზღვაზე გადის, და უსაფრთხო დასახლების პროცედურების შემუშავება. ამგვარად, ჩვენ შევძლებთ იმ ქვეყნებისთვის დახმარების გაწევას, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ ტანჯვაში მყოფი უამრავი ადამიანის საჭიროებათა დაკმაყოფილებაში. განსაკუთრებულ სოლიდარობას ვუცხადებთ ბერძენ ხალხს, რომელთაც საკუთარი ეკონომიკური სიძნელეების მიუხედავად, კრიზისის დროს, გულუხვობა გამოიჩინეს.
ერთობლივად, საზეიმო ვითარებაში, მოგიწოდებთ, ომისა და ძალადობის დასრულებისკენ ახლო აღმოსავლეთში. დაე აღსრულდეს სამართლიანი და უწყვეტი მშვიდობა, მათი ღირსეული დაბრუნება, ვინც იძულებით მიატოვა საკუთარი სახლი. ჩვენ შევთხოვთ რელიგიურ ლიდერებს მეტი მცდელობა გამოავლინონ ყველა სარწმუნოების ლტოლვილთა მისაღებად, დასახმარებლად და დასაცავად, ხოლო რელიგიურმა და სამოქალაქო დახმარების სამსახურებმა კოორდინაცია გაუწიონ მათ მუშაობას. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ქვეყანას, ვიდრე ამის აუცილებლობაა, არ დახურონ დროებითი თავშესაფრები, რათა ლტოლვილის სტატუსი მიენიჭოს, ვისაც ეკუთვნის; გააფართოვონ დახმარების საშუალებები, რათა ყველა კეთილმოსურნე ადამიანთან ერთად დასრულდეს მიმდინარე კონფლიქტები.
მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, ევროპას არ უნახავს მსგავსი ჰუმანიტარული კრიზისი. ამ სერიოზულ გამოწვევასთან გასამკლავებლად ჩვენ მოვუწოდებთ ქრისტეს ყველა მიმდევარს, რომ გაითვალისწინონ უფლის სიტყვა, თუ რის მიხედვით მოგვეგება ერთ დღეს: “რადგან მშიოდა და საჭმელი მომეცით, მწყუროდა და მასვით, უცხო ვიყავი და მიმიღეთ, შიშველი ვიყავი და შემმოსეთ, სნეული ვიყავი და მომინახულეთ, საპყრობილეში ვიყავი და მომაკითხეთ. .. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: რაც გაუკეთეთ ერთს ამ ჩემს უმცირეს ამათგან, მე გამიკეთეთ.“ (მათე 25: 35-36, 40)
ჩვენი მხრივ, იესო ქრისტეს ნების მიხედვით, მტკიცედ და გულითადად ვადასტურებთ, რომ არაფერს დავიშურებთ ქრისტიანთა სრული ერთობისთვის. კვლავაც ვადასტურებთ, რომ “ქრისტიანთა შერიგება სოციალური სამართლიანობის ხელშწყობას გულისხმობს. .. ჩვენი მხრივ ვეცდებით მიგრანტებს, ლტოლვილებსა და თავშესაფრის მაძიებლებს ევროპაში ადამიანური მიღება აღმოვუჩინოთ” (Carta Ecumenica, 2001). ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვით ლტოლვილთა, მიგრანტთა და თავშესაფრის მაძიებელთა შორის, ისევე როგორც სხვა მარგინალურ ჯგუფებს შორის ჩვენს საზოგადოებებში, ვიმედოვნებთ, რომ აღსრულდება ქვეყნის მსახურებაში ნაგულისხმები ეკლესიის მისია.
ჩვენი დღევანდელი შეხვედრა გამბედაობისა და იმედის გაღვივებას ემსახურება მათში, ვინც თავშესაფარს ეძიებს და ვინც მათ ეხმარება. ჩვენ მოვუწოდებთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, ყველა დონეზე პრიორიტეტად დაისახონ ადამიანის სიცოცხლის დაცვა, მხარი დაუჭირონ ინკლუზიურ პოლიტიკას, რომელიც ყველა რელიგიას შეეხება. ხოლო ჩვენ, ჰუმანიტარული კრიზისით გამოწვეული მძიმე მდგომარეობა, რომელიც უამრავ ადამიანს შეეხო, მათ შორის ჩვენს ქრისტესმიერ ძმებსა და დებს, მუდმივი ლოცვისკენ მოგვიწოდებს.”
სოფიკო ნინიკაშვილი