ფონი იყო იასამნისფერი, წითელ, ლურჯ და ღია ვარდისფერ პასტელის ფერებში ირეოდნენ სილუეტები. ხმაურობდა გამოსახულება… უცებ მოვიწყე მუნკის „ყვირილი“ ჩემთვის… ისე, როგორ მიყვარს ეს ნახატი, ვუყურებ და ჩემი ამოძახილია. ჰოდა, ამ სილუეტებში ვიყავი დაკარგული მარტო, ჩემ თავს ვერ ვხედავდი, უბრალოდ, ფიქრები მესმოდა საკუთარი, ეს ფიქრები აქაც არ მანებებდნენ თავს…
იცი, ხშირად ვფიქრობ ხოლმე, რომ ფიქრი, ყველაზე დიდ ძღვენთან ერთად, უფრო დიდი სასჯელია ღმერთისგან, ჩემთვის გამოგონილი… ჰოდა, ეს ფიქრი იყო გაურკვევლობის, მცირედი შიშისა და ცხოვრების დავიწყების, მტკივნეული მწუხარების, რომ აღარ მახსოვდა საკუთარი სახე, აღარც- მამა და აღარც ნაყინის გემო აღარ მახსოვდა, უბრალოდ, მონატრებას ვგრძნობდი, ვფიქრობდი, ნუთუ ასე მალე დასრულდა ყველაფერი-მეთქი… დამშვიდობებაც ვერ მოვასწარი… ეს ფიქრი რაღაც გაურკვეველი სინანული იყო, სინანული სამუდამოდ მორჩენისა… ვეღარასდროს დავბრუნდებოდი…
მერე ამ ფიქრებში ჩემი სახელი მომესმა, ანანო! ერთხელ, ორჯერ, სამჯერ და თვალიც გავახილე. ისევ აქ ვიყავი, ცხოვრებაში, ძირს ვიწექი და წრეზე მეგობრების შეშინებული თავები დამცქეროდნენ. როგორ მოვხვდი იატაკზე?! მოიცადე, გავიხსენებ… რაღაც თამაშში ჩავები, ფეხზე ვიდექი, სუნთქვა შევიკავე, იო- იომ კისერზე მაგრად მომჭიდა ხელი და მითხრა, როდესაც ჰაერი აღარ გეყოფა, ხელით მანიშნე და გაგიშვებო, ჰოდა, მეც ავდექი და არ ვანიშნე, მაინტერესებდა, რას ფიქრობდა ჩემი გონება ჰაერის გარეშე. ჰოდა, გამწვანებულმა ძარღვებმა მომაშორეს რეალურ სივრცეს და უცებ აღმოვჩნდი, არ ვიცი სად…
მეგობრებმა დამიძახეს, ძალით დამაბრუნეს, არ გამიშვეს… ისტერიული სიცილი ამიტყდა, სიხარულ-სევდანარევი სიცილი, რომ ჯერ კიდევ არსებობდნენ მეგობრები, მამა და ნაყინი, ანუ დაბრუნება ღირდა, მაგრამ მე იქ მივატოვე მუნკი, ის ტკივილიანი შვება, რომლის ნაწილიც გავხდი…
ჰოდა, ავდექი და წამოვედი სახლში, მოვუყევი დედას და გამიბრაზდა, მეორეჯერ ასე აღარ მოიქცეო. ჰოდა, მეც აღარ მოვქცეულვარ, არა იმიტომ, რომ დამჯერი ვარ, უბრალდ, ყოველდღე მუნკთან დაბრუნება შეუძლებელია. კარგია წინ და უკან სიარული, მაგრამ ერთხელაც აღარ გამომიშვებს „ყვირილი“ და ვეღარასდროს შევჭამ შოკოლადს დედასთან ერთად…
„ყვირილში“ მოგზაურობამ ერთხელ კიდევ მომიტანა ღვთის სასჯელი- ფიქრი და მიმახვედრა, რომ „ სუსუ“ ცოტა, ის, რაც ღიმილში, ჩახუტებასა და თავისუფალ სუნთქვაში გამოიხატება, „ყვირილს“ არ აქვს და არის მხოლოდ აქ, ჩვენთან, გიჟ-ბოროტ ცხოვრებაში და ის ძალიან ლამაზია… ისე, თუ ძალიან მომინდება „ყვირილსაც“ ვიპოვი ჩვენთან და ორივე ერთად მეყოლება. ხო, შესაძლებელია, სხვა თუ არაფერი, „ყვირილიც“ ხომ ამ ცხოვრებამ შექმნა მუნკის ხელით?! ამ ცხოვრებამ კიდევ მიქელანჯელოს „დავითი“ შექ-მნა,თავისი გენიალური ქვისძარღვიანი ხელით, ხო, იმ ძარღვით, მე რომ გამამწვანა და მუნკთან მამოგზაურა. კიდევ შექმნა გზა, ჩემი სვანეთის კოშკებიდან პირამიდებამდე და ირგვლივ, კიდევ ილია გვაჩუქა „მგზავრის წერილებით“ და მიხეილ კალატოზიშვილი- „ჯიმ შვანთეს“ დაუვიწყარი კადრებით. ასე, რომ, მგონია, სულ უაზრობაც არ ყოფილა აქ ხეტიალი და ფიქრიც არ ყოფილა ბოლომდე სასჯელი, უბრალოდ, ხანდახან მოუსასჯელებს ხოლმე, როდესაც გამამწვანებს და ისევ დაბრუნებას მომანდომებს მუნკთან…
ანანო შარიქაძე