ევროპარლამენტის პრეზიდენტ მარტინ შულცის განცხადებით, მედიის თავისუფლების საკითხი მოკავშირე ქვეყნებთან ურთიერთობაში დიდ როლს ასრულებს.
შულცის განმარტებით, მედიის თავისუფლება არის დემოკრატიის სიძლიერის პარამეტრი.
“ეს ასე მხოლოდ საქართველოს შემთხვევაში არ არის. ჩვენ აქტიური დისკუსია გვაქვს მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით ევროკავშირის სხვა მოკავშირეებთან და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთანაც. იმისთვის, რომ გაანალიზოთ, რამდენად ეფექტურია დემოკრატიული სისტემა, უნდა შეხედო რამდენად დამოუკიდებულია მედია და ჟურნალისტი. რა თქმა უნდა, ნათელია, რომ ეს ჩვენი და ჩვენი მოკავშირეების ურთიერთობაში დიდ როლს ასრულებს”,- განაცხადა მარტინ შულცმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართული შეხვედრის შემდეგ.