მართლმადიდებელი ეკლესია ვნების კვირის დიდი ხუთშაბათს იხსენიებს ოთხ უმნიშვნელოვანეს სახარებისეულ მოვლენას: საიდუმლო სერობას, როდესაც მაცხოვარმა წესად დადო წმიდა ზიარების საიდუმლო (ევქარისტია), მაცხოვრის მიერ თავისი მოწაფეების ფეხთბანას, ნიშნად უდიდესი სიმდაბლისა და მათდამი უსაზღვრო სიყვარულისა, გეთსემანიის ბაღში ლოცვას და იუდას გამცემლობას.
ზიარების საიდუმლო (ევქარისტია) უმნიშვნელოვანესი ნაწილია საღმრთო ლიტურგიისა. “ღვთის ხორცად და სისხლად გარდაქმნილი პურითა და ღვინით პირველად მოციქულნი ეზიარნენ. უფლის ხორცისა და სისხლის მიღებისას მაცხოვარი მაუთითებს, რომ ადამიანისათვის არ არის საკმარისი მხოლოდ ხორციელ პურზე ზრუნვა, მისთვის აუცილებელია სულიერი საზრდელი, რომელიც მას შემოქმედთან დააკავშირებს, ხელს შეუწყობს მისი სულის ზეაღსვლას მიწიდან ზეციურ ეკლესიასთან შეერთებისათვის…“-ბრძანებს პატრიარქი ილია მეორე.
ჯვარცმამდე რამდენიმე დღის წინ, სწორედ დიდ ხუთშაბათს იესო ქრისტემ საიდუმლო სერობა გაუმართა მოციქულებს- აიღო პური, აკურთხა, გატეხა, მოწაფეებს საჭმელად მისცა და უთხრა: „ესე არს ხორცი ჩემი თქვენთვის მიცემული, ამას ჰყოფდეთ მოსახსენებელად ჩემდა“ (ლუკ. 22, 19), – შემდეგ აიღო სასმისი, მისცა მათ და უთხრა: „სუთ ამისაგან ყოველთა: ესე არს სისხლი ჩემი ახლისა აღთქუმისა, მრავალთათვის დათხეული მისატევებელად ცოდვათა“ (მათ. 26, 27-28). როგორც სახარება გვასწავლის, ზიარების გარეშე ცხონება შეუძლებელია. ღირსეულად მიღებული უფლის სისხლი და ხორცი დემონებს განაგდებს ჩვენგან და მცველად ანგელოზებს უხმობს. ქრისტიანები ერთი ბარძიმიდან იღებენ პურსა და ღვინოს, რომელიც მღვდელმსახურის მიერ სულიწმიდის მადლით იესო ქრისტეს წმინდა სისხლად და ხორცად გადაიქცევა. ზიარების შემდეგ ქრისტე ჩვენში შემოდის. მასთან ზიარებით ერთმანეთთანაც ვერთიანდებით, ვხდებით ქრისტეს სხეულის – ეკლესიის ჭეშმარიტი წევრები.
პასექის სუფრაზე მაცხოვარმა მოწაფეებს ამცნო, რომ ერთ-ერთი მათგანი გასცემდა. უფლისაგან ფარულად მხილებულმა იუდამ წარბი არ შეიხარა. მაშინ მაცხოვარმა სხვებისგან შეუმჩნევლად პირდაპირ უთხრა იუდას, რომ სწორედ ის იყო გამცემი. იუდაზე არც ამან გაჭრა. მაშინ უფალმა მოციქულებს დაუფარავად განუცხადა, რომ გამცემი მასთან ერთად ჯამში ამოაწობდა ლუკმას. ასეთი მოქმედებით უფალმა გვიჩვენა, რომ ცოდვილის გადარჩენას ბოლომდე უნდა ვეცადოთ. იუდას განზრახვის მიუხედავად, უფალმა პირველს სწორედ მას დაბანა ფეხები, მაგრამ ვერც ამით შეძლო მისი ბოროტების ალაგმვა.
მართლმადიდებელ ეკლესიაში ფერხთბანის რიტუალიც დიდ ხუთშაბათს ტარდება, როგორც ქრისტიანული სიმდაბლისა და სიყვარულის უმაღლესი მაგალითის გამოხატულება, რომელიც თავად შემოქმედმა გვიჩვენა. მაცხოვარმა დაბანა ფეხები სერობის დაწყებამდე თავის თორმეტ მოწაფეს, ასევე ბანს ფეხებს მღვდელმთავარი თორმეტ მღვდელმსახურს, რაც გვასწავლის, რომ ერთმანეთსაც ასეთივე მორჩილებით უნდა ვემსახუროთ. მორჩილება თავი და ბოლოა ყოველგვარი სათნოებისა.
დიდი ხუთშაბათის საღამოს სრულდება დიდი პარასკევის ცისკარი, რომლის დროსაც ე.წ. „თორმეტი სახარება“ ანუ ოთხი სახარებიდან ამოკრებილი 12 ნაწყვეტი იკითხება. მათში იესო ქრისტეს ის ვნებებია აღწერილი, რომლებიც ჯვარცმამდე შეემთხვა, დაწყებული მოწაფეებთან მისი უკანასკნელი საუბრიდან საიდუმლო სერობაზე, დამთავრებული მაცხოვრის სხეულის იოსებ არიმათიელის ბაღში დაფლვით და მისი საფლავისთვის მცველების მიჩენით. ეს „სახარებებია“: პირველი – იოანეს სახარება 13:31 – 18:1, მეორე – იოანეს სახარება 18:1-28, მესამე – მათეს სახარება 26:57-75, მეოთხე – იოანეს სახარება 18:28 – 19:16, მეხუთე – მათეს სახარება 27:3-32, მეექვსე – მარკოზის სახარება 15:16-32, მეშვიდე – მათეს სახარება 27:33-54, მერვე – ლუკას სახარება 23:32-49, მეცხრე – იოანეს სახარება 19:25-37, მეათე – მარკოზის სახარება 15:43-47, მეთერთმეტე – იოანეს სახარება 19:39-42.
„თორმეტი სახარების“ კითხვისას მორწმუნენი ანთებული სანთლებით ხელში დგანან, რაც ერთი მხრივ, მაცხოვრის მიმართ მხურვალე სიყვარულის გამოხატულებაა, მეორე მხრივ კი იმის ხსოვნა, რომ მან ღვთიური დიდება ვნების დროსაც არ დაუკარგავს. ყოველი სახარების წაკითხვის შემდეგ სამრეკლოს ზარი იმდენჯერ ჩამოჰკრავს, რიგით მერამდენე სახარებაც იკითხება. მეთორმეთორმეტი სახარების მსახურების დასრულების შემდეგ მორწმუნენი ტაძრის შუაგულში დაბრძანებულ ჯვარცმასთან მიდიან, დიდი მეტანიის გაკეთებით ეამბორებიან და ტაძარს ტოვებენ. არსებობს ძველი ტრადიცია, რომლის თანახმადაც სანთელი, რომელიც თორმეტი სახარების კითხვისას ხელში გვეჭირა, ასევე ანთებული უნდა წავიღოთ სახლში და შესასვლელი კარის თავზე სანთლის ალისგან წარმოქმნილი კვამლით ჯვარი გამოვსახოთ.
სოფიკო ნინიკაშვილი