კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა (არარეზიდენტებზე გაცემული სესხების ჩათვლით), 2013 წლის ივნისში, წინა თვესთან შედარებით, 2.2 %-ით, ანუ 197.5 მლნ ლარით გაიზარდა და მიმდინარე წლის პირველი ივლისისათვის 9.2 მლრდ ლარს მიაღწია.

ამავე პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 78.0 მლნ ლარით (2.6%-ით) გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა  – 119.5  მლნ ლარით (2.0%-ით).

რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2013 წლის ივნისის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 828.9 მლნ ლარის (წინა თვესთან შედარებით 2.3%-ით ანუ 18.8 მლნ ლარით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით – 4.0 მლრდ ლარის (შესაბამისად, 2.6%-ით ანუ 101.5 მლნ ლარით მეტი) მოცულობის სესხი.

იურიდიული პირების დაკრედიტების მთლიან მოცულობაში ყველაზე დიდი ხვედრითი წილი – 46.7%-ი ვაჭრობის სფეროზე მოდის. მიმდინარე წლის მაისთან შედარებით, ივნისში ვაჭრობის სფეროზე გაცემული სესხების მოცულობა 2.8 %-ით ანუ 60.0 მლნ ლარით გაიზარდა და 2.2 მლრდ ლარს გადააჭარბა.

სებ-ის ცნობით, მრეწველობაზე გაცემული სესხების წილმა იურიდიულ პირებზე გაცემული ვადიანი სესხების საერთო მოცულობაში 19.8%-ი შეადგინა, რაც 2013 წლის პირველი ივლისისათვის 954.4 მლნ ლარით განისაზღვრა (4.3%-ით ანუ 39.2 მლნ ლარით მეტი პირველი ივნისის მდგომარეობასთან შედარებით); 9.4%-ი მოდის მშენებლობაზე, რაც 453.5 მლნ ლარია (4.4%-ით, ანუ 19.1 მლნ ლარით მეტი, შესაბამისად). ამდენად, იურიდიული პირების დაკრედიტების საერთო მოცულობის 75.9%-ი მხოლოდ სამ დარგზე – მრეწველობაზე, მშენებლობასა და ვაჭრობაზე მოდის.

2013 წლის ივნისის განმავლობაში 1.9%-ით ანუ 72.8 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი ივლისისათვის  4.0  მლრდ ლარს მიაღწია.

25.07.13

Please follow and like us: