უნივერსიტეტიდან უაზრო დღით დაღლილი მეტროში შევჩანჩალდი. კარგა ხანია გრძელი გზის სწრაფად გასალევად გასართობი მოვიფიქრე – ადამიანებს ვათვალიერებ, მათ ქცევას, ემოციას და თვალებს ვაკვირდები ხოლმე. მერე რომელიმეს ამოვიჩემებ, ადამიანის რომელიღაც, ჩემს მიერვე გამოგონილ „ტიპს“ მივაკუთნებ და უცებ პატარა ამბავსაც გამოვაცხობ ხოლმე. ხშირ შემთხვევაში სახალისოა, ადამიანის ფანტაზიას ხომ საზღვარი არ აქვს და არც მე გახლავართ გამონაკლისი. თუმცა, ბოლო შემთხვევა არც ისე სახალისო ოყო.
არც ისე გადაჭედილ მეტროში მღვიმელივით დავეყუდე და დავიწყე თავის ტრიალი. ბოლოს გავიხედე ცხვირწინ და მონუსხულივით გავჩერდი. მოხუცი კაცი იდგა, ერთი შეხედვით, ყველასნაირი, მაგრამ ორ წამში ჩემში ამ მოხუცმა პაპამ ერთდროულად იმდენი ემოცია გამოიწვია და იმდენი აზრი დაბადა, რომ მეგონა, ცოტაც და სტივენ კინგის რალფს დავემსგავსებოდი.
ცოტა, რომ გამოვერკვიე დაკვირვება დავიწყე. გამხდარი და მაღალი იყო. ჩაცვენილ ლოყებზე დაფენილი თხელი, ჭაღარა წვერი სახეს უპატიოსნებდა. თვალები, თვალები არ ვიცი როგორი ჰქონდა. ჯინსის გაცვეთილი ქურთუკი და ასეთივე პერანგი ეცვა. გვერდით, ფეხებთან ვედრო და ანკესი მიეყუდებინა.
ეს ის შემთხვევა არ იყო, როცა ამბავს გასართობად ვიგონებ ხოლმე, ამისთვის ძალიან დაღლილი ვიყავი. ეს კაცი თვითონ მიყვებოდა თავის თავზე. უფრო სწორედ, მისი ხელები მიყვებოდნენ. ერთი გენიოსის მოთხრობაში წავიკითხე, ადამიანს ხელები გასცემენ, ისინი გვიყვებიან მის შესახებო. ჰოდა, ამის გადასამოწმებლად, ხშირად ვაკვირდები ხოლმე ხალხს ხელებზე. ამ მოხუცმა ისე მომნუსხა, თავიდან გადამავიწყდა ჩემი მრავალჯერნაცადი ხერხი, მაგრამ მერე „გონება გამეხსნა“, როგორც იქნა, და მთელი ყურადღბა მის ხელებზე გადავიტანე.
მოხუცის კვალობაზე ღონიერი ხელები უჩანდა, თუმცა დანაოჭებული. ერთი ხელით ანკესი ეჭირა, უფრო ზუსტად, ჩაბღაუჭებული ჰქონდა. ისე ეყრდნობოდა, ისე იცავდა, როგორც იმედს, სარჩოს, მთავარ იარაღს დროისა და, ალბათ, სიღარიბის წინააღმდეგაც. ანკესი დიდი ხნის და მოძველებული იყო. თავის მეთევზესთან ერთად დიდი დრო გამოევლო და არც ისე დასვენებული უნდა ყოფილიყო. ჩემი მოხუცი, უკვე მეთევზე, უბრალოდ საინტერესო ადამიანი აღარ იყო ჩემთვის. მარტო თავის თავზე არა, ბევრ რამეზე ჰყვებოდა, მეუბნებოდა, იმ პერსონაჟების ხორცშესხმა ვარ, წიგნებიდან გულს, რომ გიხეთქს და გონებას გიფორიაქებსო.
ვედრო ცარიელი იყო… გვერძე გავიხედე ორი წამით, ბავშვივით მომინდა მოტრიალებულს თევზით სავსე ვედრო დამხვედროდა. დაღლას ვეღარ, მაგრამ რაღაც აუტანელს ვგრძნობდი. უცებ ისე გავბრაზდი, მეგონა, ცოტაც და დავიწვებოდი.
ჩემს მეთევზეზე უკვე ბევრი რამ ვიცოდი და სახეში შეხედვის ძალიან მეშინოდა. ახლა შევძლებდი მისი თვალების გამეგო და ვიცოდი იქ რაც დამხვდებოდა – პატარა სახლი, შვილიშვილები, ცოტა გაბრაზებული და თავის საქმეში გართული ქალიშვილი. მოხუცს თავისი ადგილი ჰქონდა. იქ ჯდომა, ალბათ, არც ისე ძალიან უნდა ჰყვარებოდა. ამ სახლში შესული წარმოვიდგინე, დაღლილი ხელებით ცარიელ ვედროს რომ დადგამდა და უხმაუროდ თავის ადგილს დაიკავებდა. მის თვალებში სწორედ ამ ყველაფრის ტკივილი იდგა. ჩემსავით მასაც უნდოდა ვედრო სავსე ყოფილიყო. უბრალოდ, გამოსადეგად იგრძნობდა თავს და ეს დედამიწა იმდენად აღარ დაამძიმებდა. იქნებ, მურაბაც ტკბილი გამხდარიყო…
არ ვიცი რაზე ფიქრობდა, როცა ვიღაც ახირებული მივსშტერებოდი. მგონი, ვერც შემამჩნია. ჩემზე იგივეს ვერ ვიტყვი. რაღაცებს ჩემი გონება, ალბათ, თქვენიც, ფოტოგრაფიული ეფექტით აფიქსირებს და სამუდამო დამახსოვრების რეჟიმით ათავსებს თავში. ჩემი მეტროში მდგარი მეთევზეც ეს შემთხვევა იყო. რამდენიმე წუთში ჩემი ნაწილი გახდა ნათესავივით, დედასავით, მეგობარივით. თავისი ადგილი დაიკავა. რამდენჯერაც გამახსენდა, იმდენჯერ ისევ ის აუტანელი სიბრაზე და, ჩემდა გასაოცრად, რაღაც დადებითი ემოციები გამიახლდა.
მარიამ ტაკაშვილი