„გიორგი ვაშაძემ დაუშვა ძალიან დიდი შეცდომა.მან უღალატა მეგობრებს და რაც მთავარია, იდეას. ბევრი ადამიანი უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა. სამწუხაროდ გიორგიმ ვერ გაუძლო ცდუნებას,“ – „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა მელიამ „ტვ-პირველის“ეთერში გადაცემა „ვახო სანაიას დღის ამბებში“ ისაუბრა გიორგი ვაშაძის გადაწყვეტილებაზე, შესაძლო მიზეზებზე და მომავალ გეგმებზე.
„ვეთანხმები მიხეილ სააკაშვილის განცხადებას. როცა ასეთ გადამწყვეტ ბრძოლაში ადამიანი გტოვებს, ეს აწყობს მხოლოდ ივანიშვილს. ნებით თუ უნებლიედ ეს ფაქტი არის ბიძინა ივანიშვილის თამაშის ნაწილი.
მე გიორგი ვაშაძესთან ვმეგობრობ, თუმცა ჩვენ გავერთიანდით არა მეგობრობის ,არამედ იდეის გარშემო. როცა ნებისმიერი ადამიანი ტოვებს პოლიტიკურ გაერთიანებას ისე, რომ ამის შესახებ არავინ იცის, ეს არის ღალატი და არავის ეპატიება. მეც, რომ იგივე გამეკეთებინა, იქნებოდა ღალატი.
დიახ, პარტიაში არის პრობლემები. ცვლილებები შესაძლებელია მხოლოდ გუნდური მუშაობით და ეს გუნდურობა დღეს არსებობს. აზრს მოკლებულია განცხადება, რომ პარტია ვერ განახლდა. საარჩევნო სიის ათეული დაკომპლექტებული იქნება ახალი კადრებით. ისინი პარლამენტში ჯერ არ ყოფილან. გიორგი ვაშაძეს ჰქონდა შემოთავაზება, რომ დაიკავებდა მე-11 ადგილს. არგუმენტი, რომ ის აუცილებლად უნდა იყოს პირველ ათეულში, არის გასაკვირი.
საბედნიეროდ დღევანდელ „ნაციონალურ მოძრაობაში“ არ მოიძებნება ადამიანი, ვინც მომავალში იგივეს გააკეთებს. გიორგის გასვლა პარტიიდან არ ნიშნავს, რომ ჩვენ ბრძოლას ვანელებთ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. პოლიტიკური ცხოვრება გრძელდება,“ – განაცხადა ნიკა მელიამ.
მანანა ღოღობერიძე