ამერიკის სახელმწიფო დაზვერვის სკანდალის მიზეზი, ყოფილი აგენტი ედვარდ სნოუდენი შესაძლოა რუსეთში კიდევ დიდხანას დარჩეს. ამის თაობაზე განცხადება სნოუდენის ადვოკატმა გააკეთა.
რუსული საინფორმაციო სააგენტოები იტყობინებოდნენ, რომ რუსეთის ფედერალური საემიგრაციო ბიურო სნოუდენის შერემეტევოს აეროპორტის სატრანზიტო განყოფილებიდან გამოსაყვანად სათანადო დოკუმენტებს ამზადებდა, თუმცა გარკვეული ბიუროკრატიული წინააღმდეგობების გამო თავშესაფრისა და აეროპორტიდან გამოსვლის საკითხი ჯერ-ჯერობით ისევ გაურკვეველია.
სნოუდენის ადვოკატმა ანატოლი კუჩერანმა განაცხადა, რომ სნოუდენი ისევ სატრანზიტო განყოფილებაში იმყოფება და თავშესაფრის მიცემის შემთხვევაში იგი რუსეთში დარჩენასა და რუსული კულტურის გაცნობას გეგმავს.
ადვოკატის ბოლო განცხადებამ, როგორც ჩანს, ვაშინგტონი კიდევ უფრო გააბრაზა. ამერიკის ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ მოითხოვა სნოუდენის გადაცემა.
რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა კი განაცხადა, რომ თუ ყოფილი აგენტი ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს საიდუმლობების გამჟღავნებას შეეშვება, შეუძლია რუსეთში დარჩეს.
26.07.13